გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/37-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.11.2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ვ-–----------–---–-
წარმომადგენელი - ქ----------------–---–-
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
წარმომადგენელი - უ---------------–-–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს #882017737811-03 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის ვ-–----------–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე ს.კ 74.02.15.0---
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №30294 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ვ-–----------–---–- დაირეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე ს.კ 74.02.15.0--- (იხ.2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 26 აგვისტოს ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) წარმომადგენელმა ქ----------------–--ლმა (პირადი ნომერი 01006020788) №882016559169 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარკუჩაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 74.02.04.582) უფლების რეგისტრაცია. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას №211130 (30.08.2016) წერილით გადაუგზავნა №882016559169 სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის №61 (26.09.2016) ბრძანებით, დამტკიცდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში მდებარე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №0---, რომლის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელმა დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი №2765/2001) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ 882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 74.02.15.--- და გაიცა ამონაწერი.
3.2. 2017 წლის 7 და 11 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს უძრავი ნივთი, აზომეს 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და დადგინდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადადის გზაზე. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №882017737811-03 (17.08.2017) გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილება ფართობის დაზუსტების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბერს N709799/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) წარმომადგენელმა ქ----------------–--ლმა (პირადი ნომერი 01006020788) და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882017738776-14 (05.12.2017) გადაწყვეტილების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის №30294 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მტკიცებულება; იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმარტება, ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 2018 წლის 17 იანვრის №30294 გადაწყვეტილება.
3.3. მოსარჩელის ბებიის ე-----------–---–-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ყაზბეგის რაიონში, კერძოდ; სოფელ კარკუჩაში მდებარე ორ მიწის ნაკვეთზე ერთი მდებარეობს სოფელში, ესაზღვრება საცხოვრებელ სახლს და ფართობი შეადგენს 316 კვ.მ. ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის წარმოადგენს სათიბს. მიწა, რომელიც მდებარეობს სოფლის განაპირას ე.წ. ;სახარე; ხეობაში და არის 1960 კვ.მ. აღნიშნული ქონება ევ----------–---–-- ანდერძით დაუტოვა თავისი შვილისშვილს ვ-–----------–---–ს.
მტკიცებულება; იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმარტება, გარდაცვალების მოწმობა ანდერძი.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ;საჯარო რეესტრის შესახებ; საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
7.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
7.5. განსახილველ შემთხვევში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებით 1.1. და 1.2. სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში დადგენილია შემდეგი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ N882017737811 სარეგისტრაციო განაცხადით დაიწყო N882016559169-12 (01.11.2016) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა. აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩაბმულ იქნა 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე - ვ-–----------–---–- (პირადი ნომერი 01006012774).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის მიერ 2017 წლის 7 დან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულ იქნა ადგილზე დათვალიერება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის დროსაც აზომილ იქნა 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. მათ მიერ აიგეგმა აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარე მდინარის ნაპირი, ღობეები და სხვა ტოპოელემენტები აგეგმვა განხორციელდა სახელმწიფო გეოდეზიურ ქსელში (GeoCors) ჩართული გეოდეზიური ხელსაწყოს გამოყენებით. აგეგმვის შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი გადადიოდა გზაზე.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სხვა საქმის მასალების შესწავლის, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს N433025/17 სამსახურეობრივი ბარათის და მასზე თანდართული სიტუაციური ნახაზების და ადგილზე გადაღებული ფოტომასალის შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ N882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებით კანონმდებელმა მას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა დააკისრა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება ზოგადად მმართველობითი ფუნქციის განხორციელებათან დაკავშირებული ამავე კოდექსით დადგენილი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის კანონიერების, გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვისა და სხვა პრინციპები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას და განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია ხორციელდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. სხვა სამართლებრივ შედეგებთან ერთად, უმთავრესი, და აბსოლუტური ხასიათის სანივთო უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას - რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ბუნების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელება - ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის და რეალაქტის სამართლებრივი შედეგის გაუქმების საფუძველია.
საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოწესრიგებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მის გამოცემას. ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად. სარეგისტრაციო წარმოება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებაა იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც განსაზღვრავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ზემოაღნიშნული წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, შეაფასოს და აღიაროს სარეგისტრაციო ობიექტი - უძრავი ნივთი, როგორც რეგისტრაციაუნარიანი ნივთი. ამ მიზნით გამოკველეულ უნდა იქნას ის გარემოება, ხომ არ არის სახეზე საჯარო ნივთი - მაგალითად, გზა, სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდი ან სხვა საჯარო სარგებლობის ნივთი, რომლის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია სახელმწიფო ინტერესთან ერთად, ხელყოფს საჯარო - საზოგადოებრივ ინტერესს. ამგვარ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნისას, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის საფუძველზე.
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელ ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასებები, გულისხმობს როგორც ზოგად-სამართლებრივ ჭრილში საკითხის შეფასებას, ისე კონკრეტული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების გამოკვლევა/შეფასებას. კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებას ექვემდებარება სარეგისტრაციო ობიექტის ბრუნვაუნარიანობა - ხომ არ არის სარეგისტრაციო ობიექტი ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, ხომ არ წარმოადგენს რეგისტრაციის ობიექტი საჯარო ნივთს ან ხომ არ არის სახეზე ისეთი კანონიერი და აშკარა გარემოება, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოს საფუძვლიანად აფიქრებინებდა, რომ რეგისტრაციის განხორციელება სხვაგვარად ხელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს ან/და საჯარო წესრიგს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს საარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების წარმოშობის ორი განსხვავებული ფორმით რეგულირების უფლებით აღჭურავს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს: 1. საკუთრების უფლების რეგისტრაციას და 2. საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში რეგისტრირებული, ანუ წარმოშობილი საკუთრების უფლებაა. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის სრულყოფილ ჩამონათვალს კანონმდებლობა არ აწესებს და ასეთ შემთხვევებში უფლების არსებობას ყოველი კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტის შინაარსს უკავშირებს.
საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამგვარი უფლების საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული სამართლებრივი შესაძლებლობა განისაზღვრება მოქმედი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების აღნიშნული ნორმატიული აქტების მიღებისას, კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობისა და თვითნებური ფლობის საკუთრების უფლებად ტრანსფორმირების დაშვება. ამასთან, ტრანსფორმირების შესაძლებლობა ერთი მხრივ, უკავშირდება მართლზომიერ - ლეგიტიმურ მოთხოვნას აღიარებულ იქნას საკუთრების უფლება, ხოლო მეორე მხრივ, სურვილს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებისას, თვითნებობა მოექცეს ლეგიტიმურ ჩარჩოებში.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერი მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელზედაც დაინტერესებულ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო იმავე კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
მართლზომიერი მფლობელობა კონკრეტული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით დადასტურებელი უფლებაა. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ შესახებ ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტი ადგენს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის პირობებში, დასტურდება მართლზომიერი მფლობელობა. ასეთი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, საგადასახადო სია და სხვ.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართლზომიერი მფლობელობის საკუთრებად აღიარებისა და რეგისტრაციის უფლებამოსილება წარმოადგენს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, როცა მისი განმახორციელებელი ორგანო რეგისტრაციისათვის აუცილებელი კომპეტენციის გარდა, აღიჭურვება დამატებითი კომპეტენციით - შეაფასოს მართლზომიერი მფლობელობის მართლზომიერება, მათ შორის, ზოგადი, საჯარო-სამართლებრივი კანონიერების ჭრილში, საჯარო წესრიგისა და საზოგადო-საჯარო ინტერესების გათვალისწინებით. ამ დროს უპირობოდ დგას მარეგისტრირებელი ორგანოს მომეტებული ხარისხის პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს კანონიერების პრინციპის დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, აღიარების გზით რეგისტრაციის პროცესი, პირველ რიგში, მოიცავდა იმ ზოგადი გარემოების დადგენის ვალდებულებას, რამდენად წარმოადგენდა სარეგისტრაციო ობიექტი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, ასევე, რამდენად ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კომპეტენცია განეხორციელებინა აღნიშნულ ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განახორციელოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ცვლილება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდება რეგისტრირებული მონაცემების შეუსაბამობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ადგილმდებარეობასთან და ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
სარეგისტრაციო განცხადებებზე წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით ზუსტად ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული ადგიმდებარეობა. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (ადგილდმდებარეობის თვალსაზრისით) და საქართველოს ერთიან საკადასტრო რუკაზე მისი ასახვა განხორციელდა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 30-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ შესაბამისად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საქართველოს ერთიანი გეომონაცემთა ბაზის წარმოება, ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის და აეროკოსმოსური გადაღებითი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება და ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას, სარეგისტრაცოდ წარმოდგენილი და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა და თითოეული რეგისტრაციის სისრულის, სანდოობისა და უტყუარობის პრეზუმფცია, მხოლოდ კანონზე დაფუძნებული და სწორი მმართველობითი საქმიანობით შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დაგინდება, რომ 882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილებებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გადადის გზაზე /იხ. ფოტოსურათები, სიტუაციური ნახაზი/. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში–ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის-მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე; სასოფლო -სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია: საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ №882013123859 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით, რაც ეწინააღმდეგებოდა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ ზოგად საჯარო-სამართლებრივ ინტერესს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი.
სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის №ბს-192-184 (3კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს მისი უკანონო ხასიათის დადგენას გამოცემის მომენტში, ანუ აქტი გამოიცა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, რაც მისი გაუქმების უპირობო საფუძველია, მმართველობის კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე. მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც, თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. თუ აქტი აღმჭურველი ხასიათისაა, მისი კანონიერების გადამოწმებისას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილებით.
ადმინისტრაციული აქტის გამომცემმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს, მიუხედავად აქტის უკანონობისა, ექცევა თუ არა იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება მესამე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირის კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების უპირატესობის დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი განსაზღვრულობის განმტკიცებას. ამ პირობებში, აუცილებელია, შეფასდეს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპია ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღმატებული ხარისხის და რომელი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ის, რასაც დაინტერესებული მხარე კანონიერ ნდობას შეიძლება უწოდებდეს, ვერ იქნება დაცული თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარისვე უკანონო ქმედება; ან ბ) როდესაც დაინტერესებული მხარისთვის შესაბამისი აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან მას უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. კანონმდებელი უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, თუ მისი სამართლებრივი შედეგებით შეილახა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან კანონიერი ინტერესები. ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში, სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ განსახილველი რეგისტრაციით დაირღვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები, ხოლო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არა აქვს დაცვის ღირსი კანონიერი ნდობის უფლება რეგისტრაციის მიმართ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადაო აქტით N882017737811-03 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ N882016559169-12 (01.11.2016) ს/კ. 74.02.15.--- გადაწყვეტილება ნაწილობრივ იქნა ცნობილი ბათილად მიწის ნაკვეთის ფართის დაზუსტების ნაწილში, რადგან ვ-–----------–---–--- (პირადი ნომერი 01006012774) რეგისტრირებულია ყადაღა და აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სადაო ადმინისტრაციული აქტი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
7.6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბერს N709799/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) წარმომადგენელმა ქ----------------–--ლმა (პირადი ნომერი 01006020788) და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882017738776-14 (05.12.2017) გადაწყვეტილების გაუქმება.
№709799/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, დადგინდა, შემდეგი; 2017 წლის 15 აგვისტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა რეგისტრაციის შესახებ №882017737811-03 (17.08.2017) გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო №882017738776 პირობითი სარეგისტრაციო განცხადება, 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017738776-03 (21.08.2017), 882017738776-05 (31.08.2017) და №882017738776-08 (14.09.2017) გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. 2017 წლის 18 სექტემბერს ვ-–----------–---–მა (პირადი ნომერი 01006012774) №882017738776 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები. 2017 წლის 23 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017738776-10 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან №393629 (23.09.2017) წერილით გამოთხოვილი იყო ინფორმაცია, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №393629 წერილზე პასუხის მიღების შემდგომ.
2017 წლის 27 სექტემბერს ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) წარმომადგენელმა ქ----------------–--ლმა (პირადი ნომერი 01006020788) №882017738776 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა პირადი განცხადება, რომელშიც უთითებდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მასთან შეთანხმების გარეშე, №882017738776 განცხადებაზე დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ გაუქმდა 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) საკუთრების უფლება, შესაბამისად, მოითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას და საკუთრების უფლების აღდგენას, ვინაიდან მიწის ნაკვეთი, რეალურად, მდებარეობდა რეგისტრირებულ ადგილას.
2017 წლის 3 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017738776-12 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა №393629 წერილზე პასუხის მიღების შემდგომ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის №01/2278 (21.11.2017) წერილთან ერთად, მარეგისტრირებელ ორგანოს გადმოეგზავნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი და ამ ოქმის დამტკიცების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის №652 (09.11.2017) ბრძანებით, დამტკიცდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში მდებარე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00652, რომლის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან აღნიშნული უკვე დადასტურებული იყო მის მიერ და მდებარეობდა იქ, სადაც თავად დაადასტურა.
2017 წლის 5 დეკემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882017738776-14 გადაწყვეტილება, ვინაიდან უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00652 ოქმით არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
2016 წლის 26 აგვისტოს ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) წარმომადგენელმა ქ----------------–--ლმა (პირადი ნომერი 01006020788) №882016559169 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარკუჩაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 74.02.04.582) უფლების რეგისტრაცია.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას №211130 (30.08.2016) წერილით გადაუგზავნა №882016559169 სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის №61 (26.09.2016) ბრძანებით, დამტკიცდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში მდებარე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №0---, რომლის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელმა დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი №2765/2001) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ 882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 74.02.15.--- და გაიცა ამონაწერი.
2017 წლის 7 და 11 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს უძრავი ნივთი, აზომეს 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და დადგინდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადადის გზაზე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №882017737811-03 (17.08.2017) გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილება ფართობის დაზუსტების ნაწილში.
№882017738776 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, დაინტერესებულმა პირმა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მაგრამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან აღნიშნული უკვე დადასტურებული იყო მის მიერ და მდებარეობდა იქ, სადაც თავდაპირველად დაადასტურა.
ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2018 წლის 5 იანვარს, 14:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2, თბილისის იუსტიციის სახლი, სართული 0, ოთახი №6) გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვ-–----------–---–-ს (პირადი ნომერი 01006012774) წარმომადგენელმა ქ----------------–--ლმა (პირადი ნომერი 01006020788).
ქ----------------–--ლმა განაცხადა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არასდროს გადიოდა გზა. ყაზბეგში მიმდინარეობდა გზების მშენებლობა და 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით 2017 წლის ივნისიდან დროებით სარგებლობდა გზის მშენებლობის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, გამოიყენებოდა სამანქანო გზად, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არსებობდა მხოლოდ ზეპირი შეთანხმება.
ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ №882017737811-03 (17.08.2017) გადაწყვეტილების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №882016559169-12 (01.11.2016) გადაწყვეტილება ფართობის დაზუსტების ნაწილში, ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882017738776-03 (21.08.2017), №882017738776-05 (31.08.2017) და №882017738776-08 (14.09.2017) გადაწყვეტილებებით მოთხოვნილი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, მის მიერ აზომილ იქნა სხვა მიწის ნაკვეთი, 74.02.15.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაცვლად. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ დაადასტურა №882017738776 სარეგისტრაციო განცხადებას დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან მიმართებით, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული უკვე დადასტურებული იყო №882016559169 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო მე-60, მე-601 და 61-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არარად აღიაროს, ბათილად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია №882017738776 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მაგრამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 17 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N30294 გადაწყვეტილება კანონიერია და, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე არ გადის გზა და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც დათარიღებულია 27.03 2018 წლით და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 13 თებერვლის #354 წერილზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ;სახარეს; ხეობაში გაყვანილი გზა არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ადგილობრივი მნიშვნელობის გზა და რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა ვერ იქნება გაზიარებული იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი ფერადი ფოტომასალით და თანდართული პირობითი მონიშვნებით სიტუაციური ნახაზით თვალნათლივ დასტურდება რომ არის გზა.(იხ 2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმი). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეზე თანდართული მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოპასუხის შესაგებლის (გვ.63-ზე) დართულია სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო რუკა ს/კ 74.02.04.582 სოფელი კარკუჩა ნაკვეთი ;სახარე; თარიღი 18.10.2001 წელი მ-------–---–------ ოჯახი, რომლის მემკვირდე არის მოსარჩელე. წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით ნაკვეთები მათ შორის 582 ნომრით რეგისტრირებულია ერთმანეთის მომიჯნავედ, ხოლო შესაგებლის (გვ. 39-ზე) წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით კი სადაც მოხდა სადაო რეგისტრაციის გაუქმება ნაკვეთები რეგისტრირებულია არა ერთმანეთის მომიჯნავედ არამედ ერთ მთლიან ზოლზე.
7.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ხოლო 1.3. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში. საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ ყოფილა წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად მხარის აღნიშნული მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიები გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1. ვ-–----------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე