გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
140310018002695255
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002695255

საქმე № 3/297-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შემაკავებელი ორდერის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე: ნ----- ა-------–---–ი

წარმომადგენელი: ნ----- ჯ-----–---–-

მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი: გ------ ა-----–---–-

მესამე პირი: გ------- ვ---–---–ი

კანონიერი წარმომადგენელი: ი----- ვ---–---–ი

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 25 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელის თანახმად, ნ----- ა-------–---–ი (პირ. № 5----------) და ი----- ვ---–---–ი (პირ. № 5----------) 2002 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 1 ივლისს დაბადებული ზ------ და 2010 წლის 31 აგვისტოს დაბადებული გ------- (პირ. № 5----------) ვ---–---–ები.

 

ოჯახური უთანხმოების გამო მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მამასთან საცხოვრებლად იმყოფება უფროსი შვილი - ზ------ი, ხოლო დედასთან - უმცროსი შვილი - გ-------. სასამართლოს გადაწყვეტილებით (დროებითი განკარგულებით) მამას მინიჭებული აქვს შესაძლებლობა კვირის გარკვეულ მონაკვეთში ურთიერთობა ჰქონდეს გ-------სთან.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს გ------- იმყოფებოდა ნ----- ა-------–---–თან, და იმის გამო ბავშვმა უარი განაცხადა კალათბურთის სავარჯიშოდ წასვლაზე, დაურეკა ი----- ვ---–---–ს და განსაზღვრულ დროზე ადრე წაიყვანა მამამ შვილი.

 

მეორე დღეს მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და სთხოვეს შვილთან დაკავშირებით განყოფილებაში მისვლა, რა დროსაც მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა შვილთან მიახლოება იმ საფუძვლით, თითქოს, მან განახორციელა ფიზიკური ძალადობა გ-------ს მიმართ.

 

მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პოლიციას მიუღია მისი მეუღლის - ი----- ვ---–---–ის შეტყობინების საფუძველზე.

 

მოსარჩელის მითითებით, მართალია, გ-------მ განმარტა, რომ დედამ მას ხელი შემოარტყა სახეში, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ბავშვზე შთაგონებისა და ზეწოლის სხვა გზით, რადგან მხარეებს შორის სასამართლოში მიმდინარეობს დავა ერთად შეძენილი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით და დედას მოთხოვნილი აქვს კუთვნილი წილის გაზრდა ბავშვის მასთან ყოფნის გამო; შემაკავებელი ორდერისა და სხვა ხერხებით კი ი----- ვ---–---–ი ცდილობს, შეზღუდოს წილის გაზრდის საფუძვლები.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება; გ------- ვ---–---–ი გამოიკითხა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით, რომელმაც დაადასტურა ნ----- ა-------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი მის მიმართ.

 

გ------- ვ---–---–ის კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით, გ------- ვ---–---–ი დედასთან ყოფნისას არის დათრგუნული, აქვს მისი შიში; ბავშვი უფრო ხალისიანი და მხიარულია მამასთან ყოფნისას.

 

2018 წლის 24 ოქტომბერს დედისგან წამოყვანისას თვალები და სახე ჰქონდა წითელი, იყო უხასიათოდ, ეტყობოდა, რომ განერვიულებული და შფოთავდა; როდესაც ჰკითხა მიზეზი, ბავშვმა განუმარტა, რომ თამაშობდა დედის ტელეფონით, რაც გაუვარდა ხელიდან და ამის გამო დედამ სახეში ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ბავშვი უნდა წაეყვანა ისევ დედას, რაზეც გ-------მ კატეგორიული უარი განაცხადა, მან კი მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გორის რაიონულ სასამართლოში ნ----- ა-------–---–ს აღძრული აქვს სარჩელი ი----- ვ---–---–ის მიმართ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფასა და ალიმენტის დაკისრების, მისი წილის გაზრდის შესახებ მასთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების გამო, ხოლო ი----- ვ---–---–ს - შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრისა და აღებული სესხის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარების შესახებ;

 

მტკიცებულება: სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ასლები, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 8 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ნ----- ა-------–---–ს აეკრძალა ი----- ვ---–---–თან მიახლოება, სადაც ის იმყოფება და ცხოვრობს.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №140310018002587821, საქმე № 3/212-18).

 

3.2.3. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოში 2018 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ნ----- ა-------–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - გ------- ვ---–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ);

 

მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი.

 

3.2.4. გამოძიების ფარგლებში გამოკითხული იქნენ ი----- ვ---–---–ი, ნ----- ა-------–---–ი, ზ----- ვ---–---–ი (ი----- ვ---–---–ის მამა) და გ------- ვ---–---–ი;

 

მტკიცებულება: გამოკითხვის ოქმები.

 

3.2.5. ზ----- ვ---–---–ის განმარტებით მასთან სახლში მივიდნენ ი-----ი და გ-------, რა დროსაც გ-------სგან შეიტყო, რომ ტელეფონის ძირს დავარდნის გამო დედას - ნ----- ა-------–---–ს მისთვის სახეში შემოურტყამს ხელი.

 

გ------- ვ---–---–ის განმარტებით, 2018 წლის 25 ოქტომბერს სკოლიდან იგი გამოიყვანა დედამ და მიიყვანა ნ----- ა-------–---–ის მშობლების სახლში; სახლში შესვლისას დედამ მობილური ტელეფონი დადო მისაღებ ოთახში, მაგიდაზე; მან სთხოვა დედას, რომ აიღებდა და ითამაშებდა ტელეფონით, რისი ნებაც მან დართო; თამაშისას ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დავარდა ძირს, თუმცა არ დაზიანებულა. ეს დაინახა დედამ, გაბრაზდა და გაშლილი ხელი შემოარტყა მარჯვენა ლოყაში; მას ძალიან ეტკინა და დაიწყო ტირილი; ეს ფაქტი მის პაპა-ბებიას არ დაუნახავთ, თუმცა როდესაც ტიროდა, ეს ორივემ დაინახა. ამის შემდეგ დედამ წაიყვანა მამასთან, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. დედას იგი ადრეც არაერთხელ უცემია მაშინ, როდესაც რამეს აშავებდა, და ამას არასოდეს შესწრებია ვინმე;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 26 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმები.

 

3.2.6. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ნ----- ა-------–---–ს 30 დღით აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან - 2010 წლის 31 აგვისტოს დაბადებულ გ------- ვ---–---–თან მიახლოება; აგრეთვე, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც გ------- ვ---–---–ი ცხოვრობს; ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 007702.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი გ------- ვ---–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მისი ჯანრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკი. ამავე დროს, ამ საფრთხის თავიდან აცილებისათვის არ არის აუცილებელი, აეკრძალოს დედას არასრულწლოვან შვილთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ხოლო ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით მისაღები ღონისძიებებისათვის, რაც ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ, საკმარისია 20 დღე.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, და, ძმა და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე გ------- ვ---–---–ი ცხოვრობდა ნ----- ა-------–---–თან ერთად ქალაქ გორში, ე-----–---–ის ქ. № 19ა-ში.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან გ------- ვ---–---–ზე ფიზიკური ძალადობით ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ა--- ს--------–---–ი (გ------- ვ---–---–ის პედაგოგი), ნ--- ტ-–-–--ე და თ---------- თ------ი (მოსარჩელის მშობლები), ხოლო ი----- ვ---–---–ის შუამდგომლობით - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი ნ---- გ-----ე და ფსიქოლოგი თ----- გ-------ი.

 

ა--- ს--------–---–ის ჩვენებით, გ------- ვ---–---–ს 3 წელია, ასწავლის; სკოლაში მოწესრიგებული, მშვიდი და ბუნებით უკონტაქტო ბავშვია; მას ტყუილის თქმა არ ახასიათებს, აქვს სამართლიანობის განცდა; არ ყოფილა შემთხვევა, რომ უმიზეზოდ გამოეგონებინოს ტკივილი ან ავადმყოფობა; ბოლო დროს, მშობლების უთანხმოებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად განიცდის და ნერვიულობს, რადგან ხან ერთი მშობელი წაიყვანს, ხან - მეორე, არის დაღონებული. ორივე მშობელი ყურადღებიანია, ხშირად აკითხავენ ბავშვს სკოლაში. როდესაც მამამ მოაკითხა სკოლაში წასაყვანად, დიდი სიხარულით გაყვა მას, ხოლო ერთხელ იტირა იმ მიზეზით, რომ უნდოდა მამასთან ყოფნა. დედასთან, როგორც ბავშვის მასწავლებელს, მას პრეტენზია არ აქვს.

 

ნ--- ტ-–-–--ის ჩვენებით, ი----- ვ---–---–იც და ნ----- ა-------–---–იც ყურადღებიანი და მზრუნველი მშობლები არიან; 2018 წლის 25 ოქტომბერს ნ----- და გ------- იმყოფებოდნენ მათთან სახლში, რა დროსაც დედა-შვილს შორის რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, ბავშვს არც ნ-----ს ტელეფონი აუღია და არც რაიმეზე უტირია.

 

თ---------- თ------ის ჩვენებით, 2018 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც სახლში მივიდა, დაინახა, რომ გ------- გამოთქვამდა პროტესტს, რომ უნდოდა ტოსტერში ყველთან ერთად გამომცხვარი პური, თუმცა ამას ვერ უკეთებდნენ, რადგან ყველი არ იყო ოჯახში. ინციდენტის შესახებ მან არაფერი იცის.

 

სასამართლო არ მსჯელობს, ფიზიკურ ძალადობას ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი (ეს უნდა დადგინდეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში), თუმცა მიუთითებს და განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს დასაბუთებულ ეჭვს გ------- ვ---–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ;

 

ამ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ გ------- ვ---–---–ის განმარტება (რასაც ესწრებოდნენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი და ფსიქოლოგი), რომ თამაშისას ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დავარდა ძირს, რაზეც დედა გაბრაზდა და გაშლილი ხელი შემოარტყა მარჯვენა ლოყაში; მას ძალიან ეტკინა და დაიწყო ტირილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ნ---- გ-----ისა და ფსიქოლოგ თ----- გ-------ის ჩვენებებით, ბავშვი უკონტაქტო და თავის თავში ჩაკეტილია; თავდაპირველად არ ამბობდა სახელსა და გვარს. მათთან საუბრისას აღიარა, რომ ტელეფონი გაუვარდა ხელიდან, რაზეც დედა გაბრაზდა და ხელი შემოარტყა სახეში; ბავშვმა გაიხსენა დედისგან სახეში შემორტყმის არაერთი ფაქტი. ამ განმარტების მიცემისას, მათი აზრით, ბავშვი არ ცრუობდა. ბავშვს აქვს თვითშეფასების პრობლემა - იგი თავის თავს იდანაშაულებს ყველაფერში; დედა უზღუდავდა მამას ბავშვთან ურთიერთობას; დღეის მდგომარეობით, ბავშვი უფრო კონტაქტური და ხალისიანია. იმის გამო, რომ ბავშვი იზრდებოდა დედასთან, მისთვის დედასთან დიდი ხნით სრულმა უკონტაქტობამ შესაძლოა, უფრო მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი, მით უფრო არასრულწლოვანი, დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფიზიკური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.

 

ამ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით არასრულწლოვანთან მიმართებაში, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ბავშვი დათრგუნული, უკონტაქტო და თავის თავში ჩაკეტილია, აქვს თვითშეფასების არასაკმარისი განცდა, რაც შესაძლოა, იყოს სწორედ მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ნ----- ა-------–---–ის მხრიდან ხდება არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა სარჩელი შემაკავებელი ორდერის სრულად გაუქმების შესახებ, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს.

 

ამასთან, დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია გ------- ვ---–---–ის სავარაუდო ფიზიკური ძალადობისაგან დაცვის მიზნით, რომლის უზრუნველყოფაც სრულიად შესაძლებელია ნ----- ა-------–---–ის იმ სახლისაგან მოშორებით, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილი გ------- ვ---–---–ი ამჟამად ცხოვრობს; ასევე, მისი დაცვა უზუნველყოფილი იქნება მასთან მიახლოების აკრძალვით;

 

რაც შეეხება ნ----- ა-------–---–ისათვის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ღონისძიება, კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში, არ არის აუცილებლობით განპირობებული და არ იძლევა არასრულწლოვანთან ფიზიკური კონტაქტის შესაძლებობას;

 

გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის განმარტებას, რომ ბავშვი იზრდებოდა რა დედასთან, მისთვის დედასთან დიდი ხნით სრულმა უკონტაქტობამ შესაძლოა, უფრო მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენოს იგი.

 

აქედან გამომდინარე, დედას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კომუნიკაცია იქონიოს შვილთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა თუ სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის მიერ ბავშვისათვის ფიზიკური ზიანის მიყენებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარებისა და ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ინტერესების დაბალანსების საკითხი, რის შესაბამისადაც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვროს 20 დღე, რაც სრულიად საკმარისია მითითებული საკითხის გასარკვევად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 007702 შემაკავებელი ორდერის მე-8 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი, რომლითაც ნ----- ა-------–---–ს აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან - 2010 წლის 31 აგვისტოს დაბადებულ გ------- ვ---–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

1.2. გაუქმდეს საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 25 ოქტომბრის № 007702 შემაკავებელი ორდერის მე-4 პუნქტი, რომლითაც შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე, და ეს ვადა განისაზღვროს 20 (ოცი) დღით.

 

1.3. ნ----- ა-------–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიმართ 2018 წლის 25 ოქტომბრის № 007702 შემაკავებელი ორდერის სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი