გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/24230-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შპს ,,ს---–-------ს’’
წარმომადგენელი - გ---–-----------ე
მოპასუხე - შპს ,,ე-----------ი’’
წარმომადგენელი - ი-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე - შპს ,,ე-----------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ს---–-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 41 044.60 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი დავალიანებაა - 33 600 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 7 444.60 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე შპს ,,ს---–-------ს’’ და მოპასუხე შპს ,,ე-----------ს’’ შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება N20171012, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სარეკლამო მომსახურების გაწევა, რომლის მიხედვითაც სარეკლამო რგოლი, სასპონსორო ტიხარი ან/და გადაცემებში ინტეგრაცია (ბიზნესსიუჟეტი, Product placement) უნდა განთავსებულიყო შპს ,,ტელეკომპანია პირველი’’-ს კუთვნილ სატელევიზიო არხის (,,ტელეკომპანია პირველი’’) ეთერსა და მაგთიკომის არხებზე ,,ჩვენი მაგთი’’, ,,მაგთი ჰიტი’’ და ,,მაგთი კინო’’. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნული სარეკლამო მომსახურების ღირებულება.
სარეკლამო მომსახურება დაიწყო 2017 წლის ოქტომბრიდან და უნდ გაგრძელებულიყო 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა თანხის გადაუხდელობის გამო მომსახურება შეწყდა 2018 წლის 31 მარტს.
მიუხედავად არაერთი ზეპირი თუ წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხის მხრიდან დღემდე არ მომხდარა ვალდებულების შესრულება, რის საფუძველზეც სარჩელის წარმოდგენისას მისი ძირი დავალიანება შეადგენს 33 600 ლარს, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 7 444.60 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია შპს ,,ს---–-------ს’’ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,ე-----------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ აქვს მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მიერვე მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და მის დაკმაყოფილებას.
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი შემცირება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 12 ოქტომბერს შპს ,,ს---–-------ს’’ (შემსრულებელი) და შპს ,,ე-----------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება N20171012, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემსრულების მიერ დამკვეთისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი მისი ხელმოწერიდან 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, სარეკლამო რგოლი, სასპონსორო ტიხარი ან/და გადაცემებში ინტეგრაცია (ბიზნეს სიუჟეტი, Product placement) უნდა განთავსებულიყო შპს ,,ტელეკომპანია პირველი’’-ს კუთვნილ სატელევიზიო არხის (,,ტელეკომპანია პირველი’’) ეთერსა და მაგთიკომის არხებზე ,,ჩვენი მაგთი’’, ,,მაგთი ჰიტი’’ და ,,მაგთი კინო’’. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა დამკვეთის მიერ დანართით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება მომსახურების დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტი თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთანავე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც შემსრულებელი დამკვეთს წარუდგენს საგადახდო ანგარიშ-ფაქტურას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეებს აქვთ უფლება მოითხოვონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
- დანართი N1 (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეთა შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება N20171012 შეწყდა 2018 წლის 31 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 11 აპრილის მიმართვით, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა 2018 წლის 5 აპრილისათვის არსებული დავალიანების 40 600 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით N20171012 ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი, თუმცა მოპასუხე არსებითად სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას რაც წარმოუშობდა მას თანხის გადახდის ვალდებულებას.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ,,აი-ფი-ემ მონიტორი’’-ს მიერ შედგენილი საეთერო ცნობა (მონიტორინგის ანგარიში) (ს.ფ. 21-30), რომლის თანახმადაც, 2017 წლის 25 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2018 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ტელეკომპანია ,,ტვ-პირველი’’-ს ეთერში 1 463 ჯერ გავიდა პროდუქტის ,,M CREDIT’’-ის კომერციული სარეკლამო რგოლი, ხოლო 2017 წლის 2 დეკემბრიდან 2018 წლის 14 იანვრის ჩათვლით ტელეკომპანიის ეთერში გავიდა იმავე პროდუქტის სასპონსორო რგოლი 646-ჯერ.
წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტის მტკიცებულებად შეფასებისას სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესზე რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებები, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში უპირველესად გასათვალისწინებელია, ის რომ ხელშეკრულებით მხარეები თავადვე შეთანხმდნენ გაწეული მომსახურების დადასტურების ფორმაზე. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთანავე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც შემსრულებელი დამკვეთს წარუდგენს საგადახდო ანგარიშ-ფაქტურას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
ამის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებულ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივ გარემოების დასტურად უთითებს წარმოდგენილ საეთერო ცნობას, რომელიც მოპასუხის მეირ მისი შედავების პირობებში ვერ ჩაითვლება სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებად სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თავალსაზრისით. ამასთან, მოსარჩელემ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურება იმ ფორმით, როგორც ეს გათვალისწინებულ იქნა მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით N20171012 ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საეთერო ცნობა (მონიტორინგის ანგარიში) (ს.ფ. 21-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---–-------’’-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მხარეები არ დავობენ, რომ მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 12 ოქტომბერის ხელშეკრულება N20171012, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემსრულების მიერ დამკვეთისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მენარდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის გადახდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამტკიცება ევალება მენარდეს. ამასთან, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ ას-67-64-2016).
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შეთანხების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთანავე უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც შემსრულებელი დამკვეთს წარუდგენდა საგადახდო ანგარიშ-ფაქტურას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში (ხელშეკრულების 4.1 პუნქტი). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა. ამასთან, არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება მენარდეს მეირ 2017 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამასთან, ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებია სახეზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 231.32 ლარი (ს.ფ. 33), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ასევე გადახდილია 150 ლარი (ს.ფ. 34). მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს ,,ს---–-------ს’’ სარჩელი მოპასუხე ,,ე-----------ი’’-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. მოსარჩელე შპს ,,ს---–-------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თიბისი ბანკი’’ - ში 16.08.2018 წელს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 100 ლარი (საგადახდო დავალება #2);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია