გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6893-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ა-------------------–--------–---------------------- ასოციაცია“
წარმომადგენლები:
1. მ---------------–---–ი
2. მ---------------ე
მოპასუხე:
1. №----------------- საოლქო საარჩევნო კომისია
წარმომადგენლები:
1. თ-----------–-----–--ე (თავმჯდომარე)
2. რ-------------
3. თ------------–--–---–ი
მესამე პირები:
1. მ-------------–-–---–ი
2. ქ------------–---–-----–ია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №------- განკარგულებები;
1.2. დაევალოს მოპასუხე №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ამავე ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - მ-------------–-–---–სა და საარჩევნო ყუთის ზედამხედველს - ქ------------–---–-----–იას დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მისი განმარტებით, არ არსებობს №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის სადავო განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ისინი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მისივე განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიისათვის თავიდანვე იყო ცნობილი გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდების თაობაზე, თუმცა მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მათი რჩევისამებრ, საუბნო საარჩევნო კომისიამ შეადგინა შესაბამისი აქტი. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ დარღვევა გამოწვეული იყო მხოლოდ ამომრჩევლის ქმედებით, ვინაიდან იგი საარჩევნო ყუთის ზედამხედველამდე არ მისულა. ამასთან, საარჩევნო კომისიამ ჩათვალა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, ამომრჩეველმა შეძლო ნების თავისუფლად გამოვლენა, ხოლო კონვერტის გარეშე ყველას შეეძლო ბიულეტენზე შემოხაზული ნომრის დანახვა. მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აგიტაციის ჩატარების ფაქტი არ დგინდება.
2.1. მესამე პირების პოზიცია:
2.1.1. მესამე პირის - ქ------------–---–-----–იას განმარტებით, იგი ასრულებდა №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის №- საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთის ზედამხედველის ფუნქციას. ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე, მოულოდნელად ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში, მან კი რეაგირება ვერ მოასწრო. ამასთან, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, თითქოს მან არაკორექტულად მიმართა ამომრჩეველს, ვინაიდან ამომრჩეველთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამასთან, იგი ახორციელებდა ძირითადი საარჩევნო ყუთის ზედამხედველობას, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთი იყო მისგან მოშორებით, ფარული კენჭისყრის კაბინასთან ახლოს. აღნიშნულ ფაქტზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება.
2.1.2. მესამე პირმა, მ-------------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს ასრულებდა №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის №- საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ქ------------–---–-----–ია ახორციელებდა ძირითადი საარჩევნო ყუთის ზედამხედველობას, ამდენად, ქ------------–---–-----–იას არ ეკისრებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედამხედველობა. ამასთან, გადასატანი საარჩევნო ყუთი ძირითადი საარჩევნო ყუთისგან მოშორებით იყო. საარჩევნო უბნის გახსნიდან მოკლე დროში, დაახლოებით სამი ამომრჩეველი იყო მისული, როდესაც ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში. აღნიშნული ფაქტი შენიშნა მხოლოდ საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა. აღნიშნულ ფაქტზე კომისიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება და შეადგინა შესაბამისი აქტი. რაც შეეხება მოსარჩელე ორგანიზაციის დამკვირვებელს, მან საჩივარი დაწერა მოგვიანებით, მხოლოდ სატელეფონო საუბრის შემდეგ.
მ-------------–-–---–მა ასევე აღნიშნა, რომ მას გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი სპეციალურად არ უნახავს და კონვერტის გარეშე არსებულ ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი ისედაც ნათლად ჩანდა. ამასთან, რაც შეეხება აგიტაციას, მსგავს ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რომელიმე კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო მოსაზრებები არ დაუფიქსირებია. მისი განმარტებით, სადავო ბიულეტენთან დაკავშირებით სხვადასხვა პირების, მათ შორის, დამკვირვებლების მიერ გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუმცა კონკრეტულად მას არაფერი უთქვამს. მესამე პირის განმარტებით, მას, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ეკრძალება მსგავსი ქმედებები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის №- საარჩევნო უბანზე, ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო. მითითებულ დროს, საარჩევნო ყუთის ზედამხედველს წარმოადგენდა ქ------------–---–-------–-ა, რომელმაც №----------------- საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერა ახსნა-განმარტება.
ქ------------–---–-----–იას ახსნა-განმარტების თანახმად, იგი ასრულებდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველის ფუნქციას, როდესაც ფარული კენჭისყრის კაბინიდან სწრაფი ნაბიჯით გამოსულმა ამომრჩეველმა ბიულეტენი ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირება ვერ მოასწრო.
№----------------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიამ 08:15 საათზე შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე შეცდომით, სწრაფად ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.
ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებელმა - ა----------–---–მა ამომრჩევლის მიერ ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში წარადგინა 08:20 წუთზე. დამკვირვებლის განმარტებით, ამომრჩეველმა ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლისას იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც ყუთის მეთვალყურემ - ქ---------–---–ი - მ--–--მ უპასუხა: „ყუთში ჩააგდეთ“. ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.
დადგენილია, რომ ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებლის - ა----------–---–ის განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. დაფიქსირებული განცხადება/საჩივრის გვერდით, შესაბამის გრაფაში აღინიშნა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დარღვევაზე რეაგირება მოახდინა 08:15 სთ-ზე, აღმოიფხვრა დარღვევა. ხოლო ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ წარმომადგენლის მიერ საჩივარი დაიწერა 08:20 სთ-ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებლის - ა----------–---–ის განცხადება/საჩივარი;
- „კენჭისყრის დღეს დარღვევის შესახებ“ №----------------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის აქტი;
- ამონაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნიდან.
3.2. ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებელმა - მ---------------–---–მა ინდივიდუალურად, ასევე, ამავე ასოციაციის დამკვირვებლებმა -მ---------------–---–მა და მ---------------ემ ერთობლივი განცხადება/საჩივრით მიმართეს №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიას. მ---------------–---–ის განცხადება/საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება დამრღვევი პირების - №- საუბნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–-–---–ისა და ყუთის ზედამხედველის - ქ---------–---–-----–იას მიმართ, ხოლო ერთობლივი განცხადება/საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება №----------------- საარჩევნო ოლქის №- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–-–---–ის მიმართ.
საჩივრის ავტორთა განმარტებით, დარღვევა დაფიქსირდა №- საარჩევნო უბანზე, 08:20 საათზე, კერძოდ, ამომრჩეველმა იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც საარჩევნო ყუთის მეთვალყურემ უპასუხა: „ყუთში ჩატენეთ“. ამის შემდეგ, ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე ჩააგდო ბიულეტენი გადასატან საარჩევნო ყუთში. ა-----------–---------------------- ასოციაციის“ დამკვირვებელმა - ა----------–---–მა დაწერა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება, თუმცა თავმჯდომარემ არაფერი მოიმოქმედა.
საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით მოჰყვა თავმჯდომარის კომენტარები, კერძოდ, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მან შეანჯღრია გადასატანი ყუთი და დაინახა ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი. თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა შემოხაზული ნომერი, კანდიდატის ვინაობა, კომისიის წევრს სიაში მოაძებნინა ის ამომრჩეველი, ვინც შეცდომით ჩააგდო ბიულეტენი და აღნიშნა: ,,სავარაუდოდ, ამომრჩეველმა ვერ მოასწრო დილით დაბოლება, შეიძლება გარეთ ტარიანი ელოდება საჩუქრად და მაგიტომ ეჩქარება. არც ვნერვიულობ, ეგ კი იყო გასაბათილებელი, ეგ რა საპრეზიდენტო კაცია“. საჩივრის შედგენის პარალელურად, თავმჯდომარე აგრძელებდა აგიტაციას კონკრეტული სუბიექტის საწინააღმდეგოდ და ასევე, სხვადასხვა თავისუფალ ვერსიას გამოთქვამდა, თუ რატომ ჩააგდო ამომრჩეველმა შეცდომით სხვა ყუთში ბიულეტენი. შესაბამისად, საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია არჩევნების კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ასევე ეწეოდა აგიტაციას, რითაც დაარღვია კანონმდებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა------------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებლის - მ---------------–---–ის განცხადება/საჩივარი;
- ა------------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის ერთობლივი განცხადება/საჩივარი.
3.3. დადგენილია, რომ №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ოქტომბერს განიხილა ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ დამკვირვებლის - მ---------------–---–ის №---------, ასევე, ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ დამკვირვებლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის №--------- საჩივრები. ოქმში დაფიქსირდა, რომ საჩივრით დაყენებული მოთხოვნა არის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება თავმჯდომარის მიმართ; საქმისწარმოების მასალების შესწავლისას არ დადასტურდა თავმჯდომარის მხრიდან აგიტაციის ფაქტი. ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევა კი გამოწვეული იყო ამომრჩევლის მიერ გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებით, რომელშიც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბრალი არ მიუძღვის. ამასთან დაკავშირებით, ძირითადი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა, კომისიის წევრმა - ქ------------–---–მა დაწერა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, ამ ფაქტის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ამომრჩევლის სწრაფი მოქმედებებიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი №21/2018.
3.4. დადგენილია, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიდაიგივე ნომრით მიიღო იდენტური შინაარსის განკარგულებები №-------, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ დამკვირვებლის მ---------------–---–ის №--------- საჩივარი, ასევე, ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ დამკვირვებლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის №--------- საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №------- განკარგულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სასამართლოს შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30.1. მუხლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული აქტები - №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №------- განკარგულებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
ამავე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილია, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს; გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე) დამკვირვებლებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა------------------–--------–---------------------- ასოციაციას“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დამკვირვებლის უფლებებს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას.
6.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ა) საუბნო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება წილისყრა, რომლითაც შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. ამასთან, წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.
მითითებული კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 51 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ №----------------- საარჩევნო ოლქის №- საარჩევნო უბანზე, ფარული კენჭისყრის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენი კონვერტის გარეშე ჩააგდო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებელმა - ა----------–---–მა განცხადება/საჩივარი შეადგინა 08:20 საათზე. დამკვირვებლის განმარტების თანახმად, ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას იკითხა, თუ სად წაეღო ბიულეტენი, რაზეც საარჩევნო ყუთის მეთვალყურემ, ქ---------–---–ი - მ--–--მ უპასუხა: „ყუთში ჩააგდეთ“. ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე ჩააგდო ბიულეტენი გადასატან საარჩევნო ყუთში. შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მეთვალყურემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები, ამომრჩეველი დატოვა ყურადღების გარეშე.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის მიერ გადასატან საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდების ფაქტზე ქ------------–---–-----–იამ დაწერა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, დარღვევის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ამომრჩევლის სწრაფი მოქმედებებიდან გამომდინარე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“, რომლის 72-ე მუხლი აწესრიგებს კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გარდა საარჩევნო ყუთის ზედამხედველის ახსნა-განმარტებისა, საუბნო საარჩევნო კომისიამ 08:15 საათზე შეადგინა აქტი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე შეცდომით, მოულოდნელად ჩააგდო გადასატან ყუთში. ასევე დადგენილია, რომ ამომრჩევლის მიერ, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებასთან დაკავშირებით, ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებელმა ა----------–---–მა განცხადება/საჩივარი შეადგინა 08:20 საათზე. იგი დარეგისტრირდა ჩანაწერთა წიგნში, კერძოდ, ჩანაწერთა წიგნში ერთ-ერთ გრაფაში დაფიქსირდა განცხადება/საჩივარი და მის გვერდით, შესაბამის გრაფაში აღინიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარემ დარღვევაზე რეაგირება მოახდინა 08:15 სთ-ზე, აღმოიფხვრა დარღვევა, ხოლო ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ წარმომადგენელის მიერ საჩივარი დაიწერა 08:20 საათზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის განმარტებას, რომ ამომრჩევლის მიერ გადასატან საარჩევნო ყუთში შეცდომით, კონვერტის გარეშე ბიულეტენის ჩაგდების ფაქტი კომისიამ რეაგირების გარეშე დატოვა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბიულეტენის ჩაგდება მოხდა გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო ქ------------–---–-----–ია, იმყოფებოდა ძირითად საარჩევნო ყუთთან (საარჩევნო ყუთის ზედამხედველი). აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა პირებმა. შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას საარჩევნო ყუთის ზედამხედველის - ქ------------–---–-----–იას მიერ დაკისრებული ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს, გარდა შესაბამისი აქტის შედგენისა, თუ რა სახის რეაგირება უნდა მოეხდინა თავმჯდომარეს/კომისიას სადავო ფაქტთან დაკავშირებით.
6.4. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ა-------------------–--------–---------------------- ასოციაციის’’ დამკვირვებლებმა: მ---------------–---–მა და მ---------------ემ ერთობლივი განცხადება/საჩივრით მიმართეს №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიას, მითითებული ოლქის №- საუბნო კომისიის თავმჯდომარის მ-------------–-–---–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. საჩივრის ავტორთა განმატებით, ამომრჩევლის მიერ გადასატან ყუთში კონვერტის გარეშე ბიულეტენის ჩაგდების ფაქტს მოგვიანებით მოჰყვა თავმჯდომარის კომენტარები, კერძოდ, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მან შეანჯღრია გადასატანი ყუთი და დაინახა ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატი. თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა შემოხაზული ნომერი, კანდიდატის ვინაობა, კომისიის წევრს სიაში მოაძებნინა ის ამომრჩეველი, ვინც შეცდომით ჩააგდო ბიულეტენი და აღნიშნა: ,,სავარაუდოდ, ამომრჩეველმა დილით ვერ მოასწრო დაბოლება, შეიძლება გარეთ ტარიანი ელოდება საჩუქრად და მაგიტომ იჩქარა“. არც ვნერვიულობ, ეგ კი იყო გასაბათილებელი, ეგ რა საპრეზიდენტო კაცია“. საჩივრის შედგენის პარალელურად, თავმჯდომარე აგრძელებდა აგიტაციას კონკრეტული სუბიექტის საწინააღმდეგოდ და ასევე, სხვადასხვა თავისუფალ ვერსიას გამოთქვამდა, თუ რატომ ჩააგდო ამომრჩეველმა შეცდომით სხვა ყუთში ბიულეტენი. შესაბამისად, საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულით საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაარღვია არჩევნების კენჭისყრის ფარულობის პრინციპი და ასევე, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგიტაციას კონკრეტული კანდიდატის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 62-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ დარღვევის დაფიქსირების (აღმოჩენის) შემთხვევაში, იგი ვალდებულია შეადგინოს განცხადება/საჩივარი და წარადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ამ უკანასკნელს დაარეგისტრირებს ჩანაწერთა წიგნში. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს №----------------- ოლქის №- საუბნო სარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ და მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთა წიგნზე, სადაც მსგავს ფაქტთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი არ არის რეგისტრირებული, კერძოდ, მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დღეს აგიტაციის ჩატარებასა ან/და კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი არ ფიქსირდება. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მითითებულ შესაძლო დარღვევებზე საჩივარი პირდაპირ იქნა წარდგენილი №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს საჩივრის წარდგენის წესს და მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს საჩივრის ავტორს შესაძლებლობას დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ აღმოფხვრის დარღვევას ან სხვაგვარი ფორმით უარს განაცხადებს განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს მისი წარმომადგენლების - მ---------------–---–ისა და მ---------------ის ერთობლივ განცხადება/საჩივარში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით №- საუბნო საარჩევნო კომისიისათვის არ მიუმართავს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი, წარმოადგენს თუ არა ეს დარღვევას და ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაეკისროს თუ დისციპლინური პასუხისმგებლობა №- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით აღნიშნული დარღვევის არსებობა ვერ იქნა დადასტურებული.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რეალურად განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევა და საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაცია. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს ყველა განცხადება/საჩივრის ჩანაწერთა წიგნში რეგისტრაციის ფაქტს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას დარღვევის არსებობასთან დაკავშირებით.
ამასთან, სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებულია ერთიდაიგივე თარიღითა და ნომრით ორი გადაწყვეტილება, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მსგავსი შინაარსის მქონე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ წარმოადგენს იმ სახის დარღვევას, რომელიც შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული №----------------- საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №------- განკარგულებები გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა------------------–--------–---------------------- ასოციაციის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე