გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2018
საქმის ნომერი
080210018002450642
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1641-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - ფ------ წ--------ე;

მოპასუხე - რ---- ჩ-------ი;

წარმომადგენელი - ა------ გ--------ე;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე რ---- ჩ-------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - გ-------– ჩ-------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული: 2016 წლის 16 თებერვალს), თ----- ჩ-------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული: 2012 წლის 30 ოქტომბერს) და მ------ ჩ-------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული: 2010 წლის 23 თებერვალს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან სრულწლოვანებამდე.

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2010 წლის 13 იანვრიდან იმყოფება მოპასუხე რ---- ჩ-------თან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და გახშირდა ოჯახური კონფლიქტები, რის გამოც ცხოვრობს ბავშვებთან ერთად მარტო და მათ რჩენა-აღზრდაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ მოსარჩელე, მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვების ფინანსურ უზრუნველყოფაში. მართალია რ---- ჩ-------ი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაგრამ ეს დროებითია, ის არის შრომისუნარიანი და ქმედუნარიანი პიროვნება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეასრულოს თავისი შვილების მიმართ კანონით დადგენილი შვილების რჩენა-აღზრდის მოვალეობა და გადაიხადოს ალიმენტი. მოპასუხე უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე, რის გამოც მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე რ---- ჩ-------მა განმარტა, რომ იგი არის პატიმარი და მას არ შეუძლია თანხის გადახდა, მაგრამ თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი სასჯელის მოხდის შემდეგ თითოეულ ბავშვზე თვეში 60 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 13 იანვრიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. უკვე რამდენიმე წელია ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17);

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - გ-------– ჩ-------ი (დაბადებული: 2016 წლის 16 თებერვალს), თ----- ჩ-------ი (დაბადებული: 2012 წლის 30 ოქტომბერს) და მ------ ჩ-------ი (დაბადებული: 2010 წლის 23 თებერვალს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 18-20);

 

3.1.3. ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან, მათი საცხოვრებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. რ---- ჩ-------ი არ ეთანხმება ალიმენტის სახით ყოველთვიურად 450 ლარის დაკისრებას და თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს თითოეულ ბავშვზე 60 ლარი, ჯამში - 180 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 100-100-100 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, გ-------– ჩ-------ი (დაბადებული: 2016 წლის 16 თებერვალს), თ----- ჩ-------ი (დაბადებული: 2012 წლის 30 ოქტომბერს) და მ------ ჩ-------ი (დაბადებული: 2010 წლის 23 თებერვალს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, ფ------ წ--------ესთან. მოპასუხე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი გ-------– ჩ-------ის, თ----- ჩ-------ის და მ------ ჩ-------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

მოპასუხე რ---- ჩ-------ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 60-60-60 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100-100-100 ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 17 მაისიდან, გ-------– ჩ-------ის, თ----- ჩ-------ის და მ------ ჩ-------ის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ფ------ წ--------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ფ------ წ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 60 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად არსებობს მოპასუხე რ---- ჩ-------ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფ------ წ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე რ---- ჩ-------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - გ-------–ი ჩ-------ის (დაბ. 2016 წლის 16 თებერვალს), თ----- ჩ-------ის (დაბ. 2012 წლის 30 ოქტომბერს) და მ------ ჩ-------ის (დაბ. 2010 წლის 23 თებერვალს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 100-100-100 ლარი, სულ 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 17 მაისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

3. მოპასუხე რ---- ჩ-------ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა დიდავა