განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
200100118002663248
დავის ტიპი
276 5 , 276 3 , 276 1
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002663248

#1/290-18 (№------------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ე-–------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ნ--–--------------ე - დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხ-------------------------------.

 

ადვოკატი - ნუგზარ ოდილავაძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 05 იანვარს დაახლოებით 14:30 საათზე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე თბილისიდან ბაკურციხის მიმართულებით მოძრაობდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B------, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ---------------–---–ი. იმავე დროს ჩალაუბანი-სიღნაღის საავტომობილო გზაზე ჩალაუბნის მიმართულებით გადაადგილდებოდა „ოპელის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ--–--------------ე. თბილისის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების მიზნით ნ--–--------------ის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა დაიწყო ბაკურციხის მიმართულებით სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და მოხდა ნ---------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილთან შეჯახება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ---------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მგზავრმა ე------–------ემ მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნ--–--------------ის მართვის ქვეშ მყოფი მგზავრებიდან გ---–-------------ემ მიიღო მძიმე დაზიანება, ხოლო მგზავრი რ-------------ია შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ნ--–--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--–--------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი მესამე და მეხუთე ნაწილებით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ--–--------------ის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებას ჩადენილ დანაშაულს, რას შეეხება დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

 

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშული, წარსულში არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ დაავადებულია ესენციური (პირველადი) ჰირერტენზიით, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით, პოლიართროზით და ვენური უკმარისობით (ქრონიკული) (პერიფერიული). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ნ--–--------------ის ასაკს, კერძოდ იგი არის 77 (სამოცდაჩვიდმეტი) წლის. ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ--–--------------ე ზრდის მისი გარდაცვლილი შვილის არასრულწლოვან შვილს, რომელსაც სხვა პირი ვინც მასზე იზრუნებს არ ყავს. ეს გარემოება კი სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გამხდარა. არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული კანონის მიზანს და ძირითად პრინციპს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისა და მოწმის ისე, არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებათა დაცვა, მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში სავალდებულოა არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიების სრული დაცვა”. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, დაიცვას არასრულწლოვნის უფლებათა საერთაშორისო გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის დაცვის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, რითაც ირღვევა არასრულწლოვნის უფლებები და მისი რესოციალიზაციისათვის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, სწორედ საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმებისათვის უპირატესი ძალის მინიჭებით, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით უნდა გადაწყდეს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი. სასამართლო ითვალისწინებს გაეროს მინიმალური სტანდარტულ წესებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (ცნობილია, როგორც “პეკინის წესები”), რომელიც მიღებული იქნა 1985 წლის 29 ნოემბერს, გენერალური ასამბლეის რეზოლუციით და ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ აქცენტი უნდა გააკეთოს არასრულწლოვანის კეთილდღეობაზე. კერძოდ, პეკინის წესების უმნიშვნელოვანესი მე-5 წესის თანახმად, რომელიც ადგენს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების მიზნებს, „მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ უნდა იქნეს მიმართული, პირველ რიგში, არასრულწლოვნის კეთილდღეობის და იმის უზრუნველყოფისაკენ, რათა არასრულწლოვან სამართალდამრღვევზე ზემოქმედების ზომები ყოველთვის იყოს თანაბარზომიერი როგორც სამართალდამრღვევის პიროვნების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებებთან.“ მოცემულ შემთხვევაში მართალია ნ--–--------------ის არასრულწლოვანი შვილიშვილი უშაულოდ არ წარმოადგენს მართმსაჯულების პროცესში ჩართულ პირს, მაგრამ ზემოაღნიშნულ დანაწესს სწორედ მისი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ავრცელებს ნ--–--------------ის მიმართ, ვინაიდან ნ--–--------------ის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებამ შესაძლოა მასზე დიდი გავლენა მოახდინოს და დარჩეს ზრუნვის გარეშე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე და დაზარალებული ნ--–--------------ის მიმართ ითხოვენ მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რისი დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგავენ თუ ნ--–--------------ის მიმართ არ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ასევე გათვალისწინებული იქნება, როგორც არასრულწლოვნის ისე დაზარალებულის საუკეთესო ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--–--------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 6 (ექვსი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელი სახედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ--–--------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

DVD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სისხლის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე