გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
190310018002385888
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-77-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.11.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - ბ------- გ-------–-ა,მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია,წარმომადგენელი - თ----- ხ-----,მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: ს--–---- ა--–--ე, ქ------- ქ---–--ე,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 თებერვლის №3-------- განკარგულების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა გარდაბნის რაიონი, სოფელ კ--–----ში 360 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 19 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, მდებარე: გარდაბანი, სოფელ კ--–----ში ს. კ. 81.04.12.2-- მომიჯნავე 360 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. მარეგისტრირებელმა ოგრგანომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, დაადგინა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი არ იყო მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მოსარჩელის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში განეხილა საკითხი. ამ უკანასკნელის 2018 წლის 07 თებერვლის №3-------- განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ვერ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების და ფლობის ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ განკარგულება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან ის არ შეიცავს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემას. სადაო მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, სადაც დარგული აქვს ბროწეულის ხეები და ფლობს 1982 წლიდან. აღნიშნული დგინდება ორთოფოტოთი და მოწმეთა ჩვენებებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელეს ვერ დაუდგინდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, რის გამოც ეთქვა უარი.

 

2.2. მესამე პირის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო 2018 წლის 01 ნოემბერს გამართულ სასამართლო მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოიფლების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნთა დაცვით, ვერ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადაო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია არც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიაში და არც სასამართლოში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ბ------- გ-------–-ამ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი კ--–----ი, 360 კვ.მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-13);

-განცხადება (ტომი I, ს. ფ. 125);

-განცხადების მიღების ბარათი (ტომი I, ს. ფ. 107-108);

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ივნისის №1----- წერილით ბ------- გ-------–-ას განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-13);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ივნისის №1----- წერილი (ტომი I, ს. ფ. 117);

 

3.1.3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3-------- განკარგულებით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნითზე (მიწის ნაკვეთი 360კვ.მ) მოქალაქე ბ------- გ-------–-ას (პირადი №0----------) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგიტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ ვერ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ კონკრეტულად 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკავების და ფლობის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3-------- განკარგულება (ტომი I, ს. ფ. 17-18);

 

3.1.4. უძრავი ქონება მდებარე: გარდაბანი, სოფელი კ--–----ი ს. კ. 81.04.12.2--, დაუზუსტებელი ფართობი 0,06 ჰა საკუთრების უფლებით 2005 წლის 14 ივნისიდან, ხოლო დაზუსტებული 2013 წლიდან აღრიცხულია ბ------- გ-------–-ას სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 130-131, 146-147);

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაცია, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მოიწვია დაინტერესებული პირები, რის გამოც მოსარჩელეს არ მიეცა მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა, არ გამოკითხა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი საქმის მასალები, ამასთან მიუთითა, რომ სადაო მიწის ნაკვეთი არის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე და ფლობს 1982 წლიდან. მოპასუხე კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ ვერ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ სადაო მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ მიუწვევია დაინტერესებული პირი, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ბ------- გ-------–-ას სარჩელი მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'';

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3-------- განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3-------- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მესამე მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. დასახელებული კანონის მეორე მუხლის ,,გ" პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ბ------- გ-------–-ამ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი კ--–----ი, 360 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 02 ივნისის №1----- წერილით ბ------- გ-------–-ას განცხადება, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის №3-------- განკარგულებით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნითზე (მიწის ნაკვეთი 360კვ.მ) მოქალაქე ბ------- გ-------–-ას (პირადი №0----------) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგიტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ ვერ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ კონკრეტულად 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკავების და ფლობის ფაქტი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის №2-------- სამსახურეობრივი ბარათის შინაარსიდან გამომდინარე, №8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, გარდაბნის რაიონის კ--–----ის თემის საკრებულოს 1992 წლის მიწათასრგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა კოლექტიური მებაღეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

 

განსახილველ შემთხვევაში, დ--–--–- რ------ი, ე---------ე ჯ--------ე და გ------- ი------–-ილი ადასტურებენ, რომ ბ------- გ-------–-ა ფლობს და სარგებლობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–----ის ს.კ. 81.04.12.2-- რეგისტრირებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. აღნიშნული ფაქტი, გ------- ი------–-ილმა ასევე დაადასტურა, 2018 წლის 09 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც განმარტა, რომ მიწის ნაკვეთს ბ------- გ-------–-ა ამუშავებდა 2004 წლამდე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კ--–----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ბ---- ლ---------–----ა სხდომაზე განმარტა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია, თუმცა მითითებულ მისამართზე მოსარჩელე არ იყოფებოდა, ხოლო მეზობლების განმარტებით, ბ------- გ-------–-ას არ იცნობენ, ვინაიდან წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ახალ მესაკუთრეებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხეს სრულყოფილად არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები, არ მოუპოვებია დამატებითი მტკიცებულებები, არ მოუხდენია მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას''. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს''.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს, თუმცა გაურკვეველია რომელი მტკიცებულების საფუძველზე მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე.

 

სასამართლო განმეორებით მიუთითებს, რომ მოპასუხის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, რომ თითქოს არ დგინდებოდა ბ------- გ-------–-ას მიერ უფლებასაღიარებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი 2007 წლამდე. კომისიას უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთის სარგებლობის შესახებ ყველა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, - ბ------- გ-------–-ას მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობისა და ფლობის ფაქტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრების საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს 2005 წლიდან, ხოლო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე უფლებაასაღიარებულ მიწის ნაკვეთს არ ფლობდა სასამართლოში არ წარმოდგენილა. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ მოწმეები ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ კ--–----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვერ ნახა მოსარჩელე სოფელ კ--–----ში სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ერთმნიშვნელოვანად არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა მიიწვიოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ კ--–----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, უძრავი ქონების მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, გამოკითხოს ისინი და დაადგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოწმის დაკითხვისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ კ--–----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და მოსარჩელის შორის სადავო გახდა უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მდებარეობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული საკითხი უნდა გამოიკვლიოს სრულყოფილად, კერძოდ, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზთან მიმართებით დაიკითხონ მოწმეები და სოფელ კ--–----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ კ--–----ის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინება ბ------- გ-------–-ას მიერ ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით არ შესრულებულა.

 

სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევეაში სახეზეა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად სპეციფიური, იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია, კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე ანუ მიწის ფართის საკუთრების უფლების აღიარებაზე. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისი უფლებამოსილების განხილვისას დაიცვას კანონის მოთხოვნები და მოქმედებდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა, შეფასების შედეგად. მოპოვებული უნდა იქნეს ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რასაც სასამართლო მიუთითებს. ფაქტიურად დროის რა პერიოდიდან და როდემდე ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, გამოკითხოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, მოახდინოს ადგილზე დათვალიერება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან, სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, საკუთრების უფლების აღიარება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს ბ------- გ-------–-ას სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ------- გ-------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 თებერვლის №3-------- განკარგულება და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი;

 

2. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე ბ------- გ-------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი