განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-----------------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - ი-----------------------
ბრალდებულ - ნ------------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ---------–-------------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასარამრთლევი, რეგისტრირებული: ს------------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------------ მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ნ------------------ ბრალად ედება თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1-----–ისს, დაახლოებით 20:05 საათზე ნ------------------ მივიდა ქ.თბილისში---------------- ქუჩა #6-ში განთავსებულ-–------------------- სახელწოდების ლომბარდში, სადაც ოპერატორს ი------------- სთხოვა, ვითომდა ყიდვის მიზნით ეჩვენებინა ,,აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ისარგებლა ი------------- უყურადღებობით მოტყუებით დაეუფლა ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ------------------ ქმედებით ი------------- მიადგა 430 (ოთხასოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ნ------------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ნ------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
ნ------------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: ი-----------------–----------------–--------------------------- გამოკითხვის ოქმებს, ამოცნობის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ნ------------------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები,კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
მოცემულ შემთხვევაში მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის საკმარისია ჯარიმის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, ბრალდებულს ჩადენილი ქმედებებისათვის, დაენიშნოს სასჯელი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
გაუქმდეს ნ------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;
განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ ნ------------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ერთი ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე