განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
330100118002603274
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ია ბაისონაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ნ-------- ჭ-----ის

ბრალდებულ _ პ----- ბ------ის

ადვოკატ _ თ----- ფ-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ პ----- თ------ის ძე ბ------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–----------------–-–---–------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- ბ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პ----- ბ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–----------------–-–---–--------------ში პ----- ბ------ემ საკუთარ დედას - ვ--------- ბ------ეს, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ვ--------- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. პ----- ბ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა პ----- ბ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ პ----- ბ------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სასამართლოს სთხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან ბრალდებული არის მისი ერთადერთი მარჩენალი, რომელიც მუდმივად ეხმარება მას, რამდენადაც თავად არის ჯანმრთელობაშერყეული პირი და სისტემატურად სჭირდება ფიზიკური დამხმარე და მზრუნველი.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ უფრო კრიტიკულად აფასებს ბრალდებულის ძალადობრივ ქცევას, რადგან დაზარალებული არის ხანშიშესული, რომელსაც თავდაცვის უნარი ასაკიდან გამომდინარე შეზღუდული აქვს, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ვ--------- ბ------ეს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, რაშიც ყოველდღიურ დახმარებას უწევდა მისი შვილი - პ----- ბ------ე. ის ფაქტი, რომ დაზარალებული ცხოვრობდა შვილთან ერთად, რომლის დაკავების შემდეგ ცხოვრობს მარტო, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის მიერ გაკეთებული განმარტებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და შეურიგდა დაზარალებულს, სასამართლოს პირობითი მსჯავრის გამოყენება საკმარისად მიაჩნია სასჯელის მიზნების მისაღწევად, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება დაზარალებულის ინტერესებს, ვინაიდან მისივე განმარტებით, პ----- ბ------ე არის მისი ერთადერთი მომვლელი, რადგან მას ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირს დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარი თავის მოვლა, ხოლო დაზარალებულის გადმოცემით, მას ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში მისგან საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, აღნიშნული სასჯელის დანიშვნა მიზანშეუწონელი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულს აქვს საკუთარი შემოსავალი, რომელიც ოჯახისთვის მნიშვნელოვანია საარსებოდ და შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება ხელს შეუშლის ძირითადი სამუშაოს შესრულებაში, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ----- ბ------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ პ----- ბ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 10 ივლისიდან - 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. მსჯავრდებულ პ----- ბ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. პ----- ბ------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი