გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - სა-–---- ზა--------
მოპასუხე - სს ,,ს--------------------------–--ა“
წარმომადგენელი - ა-–-------------------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - გ--–---------ე
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს--------------------------–--ა“-ს მოსარჩელის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4855 ლარის ოდენობით;
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:
2016 წლის 21 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს ,,ს--------------------------–--ა“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------------, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვას, რომლის ტექნიკური მახასიატებლები და ერთეულის ღირებულებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად.
2017 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში, კ-----------------–--–ზე, ო--------------–------ს მიმართულებით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მყოფი და ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს--------------------------–--ა“-ში დაზღვეული ავტომობილი - კია ოპტიმა (სახ. ნომრით F------). აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინება და შესაბამისი დოკუმენტაცია მიეწოდა მზღვეველს სს ,,ს--------------------------–--ა“-ს, რომელმაც 2018 წლის 16 იანვრის N---- წერილით უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ა/მანქანის მძღოლი გ--–---------ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, მე-6 სეკუნდა, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და დაჯარიმებული იქნა 250 ლარის ოდენობით.
სს ,,ს--------------------------–--ა“-ს მიერ ჩატარებული იქნა ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზა. შპს ,,ტ-------------------------–----------–-----–------ი“-ს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა ავტომობილ კია ოპტიმას ტექნიკური გაუმართაობით. ავტომობილის საჭის მექანიზმი და სავალი ნაწილი (სამუხრუჭე სისტემა) ტექნიკურად გამართულია. ასევე მითიტებულია, რომ კია ოპტიმას მძღოლმა გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილის მართვისას უგულებელყო საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის დაცვის შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, სასამართლოს მომართა შესაგებლით, იგი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მისი განმარტებით, ავტომანქანის მძღოლს ბრალი მიუძღოდა შესაბამის ა/საგზაო შემთხვევაში, რის დამადასტურებლადაც წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან, მან სადაო გახადა მოსარჩელის ა/მანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს ,,ს--------------------------–--ა“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------------, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვას, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------------;
3.1.2. 2017 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში, კ-----------------–--–ზე, ო--------------–------ს მიმართულებით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მყოფი და ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს--------------------------–--ა“-ში დაზღვეული ავტომობილი - კია ოპტიმა (სახ. ნომრით F------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შემთხვევის ადგილის სქემა;
3.1.3. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინება და შესაბამისი დოკუმენტაცია მიეწოდა მზღვეველს სს ,,ს--------------------------–--ა“-ს, რომელმაც 2018 წლის 16 იანვრის N---- წერილით უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 16.01.2018 წლის წერილი N----;
3.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ა/მანქანის მძღოლი გ--–---------ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, მე-6 სეკუნდა, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და დაჯარიმებული იქნა 250 ლარის ოდენობით.
გ--–---------ის მიერ აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გასაჩივრებული იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სამართალდარღვევის ოქმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ს----------–ი“-ს მიერ 2017 წლის 4 ნოემბერს შედგენილი N---- აქტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარმა ზიანმა შეადგინა 4855 ლარი;
აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ვინაიდან აღნიშნული აქტით დეტალურად არის გაწერილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა, ხოლო ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს----------–ი“-ს მიერ 2017 წლის 4 ნოემბერს შედგენილი N---- აქტი;
3.2.2. სს ,,ს--------------------------–--ა“-ს მიერ ჩატარებული იქნა ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზა. შპს ,,ტ-------------------------–----------–-----–------ი“-ს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა ავტომობილ კია ოპტიმას ტექნიკური გაუმართაობით. ავტომობილის საჭის მექანიზმი და სავალი ნაწილი (სამუხრუჭე სისტემა) ტექნიკურად გამართულია. ასევე მითითებულია, რომ კია ოპტიმას მძღოლმა გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილის მართვისას უგულებელყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის დაცვის შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.“
აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, ექსპერტი ცალსახად მიუთითებს და ვარაუდობს, რომ მოცემულ მონაკვეთში მოძრაობისათვის დასაშვები სიჩქარეა 50 კმ/სთ, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი. ასევე არ არის დადგენილი რა სიჩქარით მოძრაობდა მძღოლი მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვა ზ/აღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იგი არ იზიარებს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას მისი დაუსაბუთებულობის გამო. როგორც მის კვლევით ნაწილშია აღნიშნული, იგი ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რომ მძღოლმა ავტომობილის მართვისას დაარღვია გასათვალისწინებელი პირობები (საგზაო პირობები და მოძრაობის სიჩქარე) და დროის მცირე მონაკვეთში, დაახლოებით 2-2.5 წმ-ში უყურადღებოდ დატოვა მოძრავი ავტომობილი. ასევე ა/საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის ფოტო მასალის დათვალიერებას, ისე შემთხვევაში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებს, სქემას, დასკვნას ასევე თან ერთვის შესაბამისი ფოტოილუსტრაციები.
სასამართლო მისი დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ შესაბამის ა/საგზაო შემთხვევის დადგომაში მძღოლს მიუძღოდა ბრალი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მძღოლი გ--–---------ე მის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანას 50 კმ.სთ სიჩქარით მართავდა, თუ მეტი სიჩქარით, ასევე არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოცემულ მონაკვეთში რამდენია დასაშვები სიჩქარე. აღნიშნულზე არ არის მითითება არც წარმოდგენილ ექპსერტის დასკვნაში, არც სხვა მტკიცებულებებში, ისევე როგორც შემთხვევაში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებში, მათ შორის გ--–---------ის ახსნა-განმარტებაში. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გ--–----------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას გააჩნდა დასაშვებზე მეტი სიჩქარე, ამავე დასკვნის დასკვნით ნაწილში არ არის აღნიშნული, თუ რამდენია დასაშვები სიჩქარე, შესაბამისად ავტომობილის ზუსტი სიჩქარის გაანგარიშება შეუძლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა;
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ვინაიდან ვერც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და ვერც საქმის სხვა მასალებით ვერ დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317.1 თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361.2 შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია. ვინაიდან დაზღვევა შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებაა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგინდა სადაზღვევო პრემიის შეტანა, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ხოლო მზღვეველი მოვალე იყო აენაზღაურებინა დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რაც სს ,,ს--------------------------–--ა“-ს მხრიდან არ განხორციელებულა, შესაბამისად მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 4855 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს 145.65 ლარს, მაგრამ ვინაიდან საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სახ. ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და უნდა განისაზღვროს 72.82 ლარით, ამასთან ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს ,,ს--------------------------–--ა“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4855 ლარი.
3. სს ,,ს--------------------------–--ა“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 72.82 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე