გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/15994-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.10.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე მ------ ნ---------,წარმომადგენელი ბ--- ბ------–---–-,მოპასუხე გ------- დ--------,წარმომადგენელი გ------- ვ--------,მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კ--------–-,წარმომადგენელი გ------- დ--------,დავის საგანი: კრების ოქმის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კ--------–-ს 2012 წლის 05 აპრილის კრების ოქმი, რომლითაც დადასტურდა ქ. თ---–--ში, კ------------–-ს ქუჩა #--ში, ამხანაგობის წევრის გ------- დ-------ის მიერ 12.9 კვ.მ. ფართის, როგორც დამხმარე ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, თანახმად შპს ,-------------–---- მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზისა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვენ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იურიდიული ინტერესის არარსებობის, უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ------ ნ--------- წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე ქ. თ---–--ში, კ------------–-ს N--ში პირველ სართულზე მდებარე ბინა N1--ს მესაკუთრეს, უძრავი ქონების ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, ასევე ბინა N--ის მესაკუთრეს უძრავი ქონების ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- 18.06.2008 წლიდან. საჯარო რეესტრის სამონაწერში ბინებთან ერთდ მითითებულია "თანასაკუთრება სამრეცხაო" უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია 29.11.1996 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, 10.02.1998 წლის ჩუქების ხელშეკრულება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლები ს. ფ. 15-16.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. 29.11.1996 წლის პრივატიზების ხელშეკრულებით მ------ პ-–-------ს ასულ ნ---------სთნ დაიდო ე.წ. პრივატიზების ხელშეკრულება რითაც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 21/460 წილი, საცხოვრებელი სახლი შედგება 2 სართულისაგან, საერთო სასარგებლო ფართით 689 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა 26, საცხოვრებელი ფართი 460 კვ.მ. დამხმარე ფართი (სამზარეული 10 კვ.მ) 229 კვ.მ. ღია აივანი, ტუალეტი და ტელეფონი რჩება საერთო სარგებლობაში სამრეცხაოსთან ერთდ. პრივატიზაციის ხელშეკრულება დარეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში 04.02.1997 წელს.
29.09.1992 წლის პრივატიზების ხელშეკრულებით პ-–------ ნ---------სთნ დაიდო ე.წ. პრივატიზების ხელშეკრულება რითაც პ-–------ ნ---------ს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე 39 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ოროთახიანი ბინა, საერთო ფართით 43 კვ.მ. სარდაფი #10, ღია აივანი და სამრეცხაო რჩება საერთო სარგებლობაში. პრივატიზაციის ხელშეკრულება დარეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში 22.10.1993 წელს.
პრივატიზების ხელშეკრულებებში სამრეცხაოს პრივატიზების შესახებ მითითებული არ არის.
საბინაო პირობების შემოწმების შესახებ #02908 ცნობით პ-–------ ნებიერიძის ოჯახის შემადგენლობაში 03.02.1993 წლისათვის ირიცხება პ-–------ ნ---------, ნ-----–- ნ--------- და ნ-----–-- ნ---------. ცნობაზე გაკეთებული ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული წარწერით საერთო აქვთ მეზობლებს . . . საერთო სამრეცხაო.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
პრივატიზების ხელშეკრულებების ასლები ს. ფ. 17-20.
საცხოვრებელი პირობების შემოწმების ცნობის ასლი ს. ფ. 21.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. მოპასუხე გ------- დ-------- წარმოადგენს, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–--ი, კ------------–-ს N--ში მდებარე 12.90 კვ.მ. სათავსოს - უძრავი ქონების ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- და მე-2 სართულზე მდებარე 49.60 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, მესაკუთრეს 21.03.2003 წლიდან. უფლების დამდგენ დოკუმენტად საჯარო რეესტრის სამონაწერებში მითითებულია 23.08.2002 წლის სამკვიდორ მოწმობა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერების ასლი ს. ფ. 22-23.
საჯარო რეესტრის ცნობის ასლი ს. ფ. 42.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. 21.03.2003 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით მოპასუხე გ------- დ--------მ 23.08.2002 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თ---–--ი, კ------------–-ს ქ. N- წილობრივი მონაწილეობა 20/460 კვ.მ. და დამხმარე ფართი 18 კვ.მ.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 119.
სამკვიდორ მოწმობის ასლი ს. ფ. 34.
ცნობა დახასაიათების ასლი ს. ფ. 33.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კ--------–-ს 05.04.2012 წლის კრების ოქმით მოპასუხე გ------- დ--------ს დაუდასტურდა 12.9 კვ.მ. დამხმარე ფართი, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. კრების ოქმში მითითებულია, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე შპს ,,-------------–----“ მიერ ასახული 12.9 კვ.მ. ფართი წარმოადგენს ამხანაგობის წევრის გ------- დ-------ის ინდივიდუალური საკუთრების საგანს და ამხანაგობის წევრებს არ აქვთ არანაირი პრეტენზია რათა აღნიშნულ უძრავ ნივთზე გ------- დ-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდეს თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. კრების ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 18 კვ.მ. დამხმარე ფართი, რეალურად შეადგენს 12.9 კვ.მ.-ს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
კრების ოქმის ასლი ს. ფ. 24-27.
შპს საქპროექტმშენის აზომვითი ნახაზების ასლები ს.ფ. 28-29.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. შპს ,-------------–---- მიერ შესრულებული ორი აზომვითი ნახაზის მიხედვით აზომილ იქნა ქ. თ---–--ში, კ------------–-ს #--ში გ------- დ-------ის ბინის შიდა აზომვითი ნახაზი მეორე სართული. აზომვის მიხედვით ფართი შედგება მისაღები 14.8 კვ.მ. სამზარეულო 5 კვ.მ. საძინებელი 6 კვ.მ. ჰოლი 17.9 კვ.მ. ღია აივანი 2.4 კვ.მ. WC 2.5 კვ.მ. კედლის კარადა 1 კვ.მ. (აზომვითი ნახაზის მიხედვით მისაღების და საძინებელის ფამი შეადგენს 20.8 კვ.მ. ფართს).
მეორე აზომვითი ნახაზი შესრულებულია ქ. თ---–--ში, კ------------–-ს #--ში გ------- დ-------ის დამხმარე ფართის შიდა აზომვითი ნახაზი პირველ სართულზე. აზომილ იქნა დამხმარე ფართი 12.9 კვ.მ.
შენობა ნაგებობის სართულებრივ გეგმაზე მოპასუხის მიერ მონიშნული ფართები კონფიგურაციულად ემთხვევა ამზომველის მიერ აზომილ ფართებს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს საქპროექტმშენის აზომვითი ნახაზების ასლები ს.ფ. 28-29.
სართულებრივი გეგმის ასლები ს. ფ. 30-31.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. მოსარჩელემ სასამართლოს გასაჩივრებული კრების ოქმის ბათილობის მოთხოვნით პირველად მიმართა 06.09.201- წელს, რის გასახილველად მიღებაზეც ეთქვა უარი 11.09.201- წელს, ხოლო განმეორებით მიმართა 19.06.2017 წელს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
განჩინების ასლი ს.ფ. 121-123.
სარჩელი ს. ფ. 1.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. მ----- ნ---------მ თანხმობა განაცხადა წერილობით რათა გ------- დ-------ის მიერ პრივატიზებულ იქნეს ყოფილი საერთო დამხმარე სამრეცხაო. მოსარჩელე არ უარყოფს და სადაოს არ ხდის განცხადებაზე ხელის მოწერის ფაქტს. განცხადება არ არის დათარიღებული. მხარეების განცხადების შედგენის განსხვავებულ თარიღებს ასახელებენ 1990-1992 წლებს და 2002 წელს.
მეორე განცხადებით გ. პ------- მოსარჩელის არარეგისტრირებული მეუღლე თანხმობას აცხადებს ყოფილი სამრეცხაო გადაეცეს ლ. ფ. დ--------ს.განცხადება დათარიღებულია 29.02.1992 წლით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
განცხადების ასლები ს. ფ. 128-129.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი (რეგულირების სფერო) და მე-2 მუხლების (კანონის მიზანი) შესაბამისად ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობის და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს და კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციის და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა განმარტებულია, როგორც მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
ამავე კანონის 5.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "კ" პუნქტით მესაკუთრე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.
ამავე კანონის 5.2 მუხლით საერთო ქონების მეწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე. მოსარჩელე აყენებს სასარჩელო მოთხოვნას და თვითონვე განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აცხადებს, რომ მისი საკუთრების უფლება შეილახა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმით და მას საკუთრების უფლება წაერთვა იმის გამო, რომ მოპასუხემ ამ ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადაო უძრავი ქონება 12.9 კვ.მ. სათავსო, რომლის დარეგისტრირებაც მოხდა საჯარო რეესტრში მოპასუხის მიერ წარმოადგენს მის საკუთრებას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
მოსარჩელემ იმის დამადასტურებლად, რომ აღნიშნული სადავო ფართი მის საკუთრებას წარმოადგენდა წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლშიც მითითებულია თანასაკუთრება სამრეცხაო, რომელიც ეყრდნობა ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებებს, ხოლო ეს უკანასკნელები ბინის პრივატიზების ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის და მისი წინამორბედის სახელზე ბინების პრივატიზებისას არ მომხდარა ე.წ. საერთო სამრეცხაოს პრივატიზება -ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა არამედ იგი დარჩა საერთო სარგებლობაში რაც განსხვავდება საკუთრების უფლებისაგან ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერებში დაფიქსირებული ჩანაწერი თანასაკუთრება სამრეცხაო არ წარმოშობს მოსარჩელის საკუთრების უფლებას ე.წ. სამრეცხაოზე. რაც შეეხება მოპასუხეს, საქმის მასალებით დგინდება, რომ მას საკუთრების უფლება 2003 წლიდან აქვს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული და არა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე და მას საკუთრების უფლებით მიღებული აქვს როგორც საცხოვრებელი ფარტი ასევე 18 კვ.მ. დამხმარე ფართი.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს თუ სად მდებარეობს მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით საკუთრებაში მიღებული დამხმარე ფართი. გასაჩივრებული კრების ოქმთან ერთად მოსარჩელის მიერ უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ იქნა ასევე აზომვითი ნახაზები და სართულებრივი გეგმა, რომლითაც დამხმარე ფართი მონიშნულ და აზომილია პირველ სართულზე, ხოლო მოსარჩელის სახცოვრებელი ფართი მეორე სართულზე. გასაჩივრებულ კრების ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელის სახელზე მეორე სართულზე რეგისტრირებული ფართიდან 18 კვ.მ. დამხმარე ფართი რეალურად შეადგენს 12.9 კვ.მ-ს. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობით მიღებულ იქნა 20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რომელშიც იმ დროს მოქმედი აზომვის წესების შესაბამისად ფართში არ შედიოდა სამზარეულო, ჰოლი, აბაზანა-ტუალეტი და აივნები შესაბამისად თუ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას გავითვალისიწინებთ მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი 20 კვ.მ. შედგებოდა აზომილი მისაღებისა და საძინებელის ფართების ფამისაგან რომელიც აზომვით 20.8 კვ.მ-ს შეადგენდა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ასევე ადასტურებს სართულებრივი გეგმა ნახაზი ს. ფ. 31, რომელზეც დატანილი არ არის ჰოლი ფართდ. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ დარეგისტრირებული 12.9 კვ.მ. დამხმარე ფართის საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული არ არის გასაჩივრებული ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობის კრების ოქმი, რაც იმით არის განპირობებული, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება აღნიშნულ ფართზე რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერში მოხსენიებულია როგორც სათავსო გასაჩივრებული ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობის კრების ოქმის გარეშეც რეგისტრირებული ქონდა 2003 წლიდან, ხოლო ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობის გასააჩივრებული კრების ოქმი საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილ იქნა იმ მიზნით, რომ განსაზღვრულიყო მოპასუხის საკუთრების ადგილმდებარეობა ბმა-ს მიერ, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი არ წარმოადგენს უფლების დამდგენ და წარმომშობ დოკუმენტს, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც, რომელშიც უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია არა კრების ოქმი, არამედ 23.08.2002 წლის სამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად, თუნდაც მოხდეს აღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელე ვერ მიიღებს სამართლებრივ შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ კრებაზე მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს.
იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში იურიდიული ინტერესი მიღწევადი და განხორციელებადი უნდა იყოს, თანაც, ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას დამოუკიდებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ უნდა სჭირდებოდეს. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის №ას-1261-1190-2012 გადაწყვეტილება). მოსარჩელემ სარჩელში არც ფორმალური თვალსაზრისით არ აღნიშნა დავის იურიდიული ინტერესი და არც რეალურად არ მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილებით რა უფლება იქნება დაცული და რა გარდაუვალი დადებითი შედეგი მოჰყვება მას.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ცვლილებას განიცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ზემო აღნიშნულის გარდა სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი არის თუ არა ხანდაზმული ამ ფაქტობრივ გარემოებას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მოსარჩელეს აღიარებით სასარჩელო მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერსი არ გააჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში აღიარებით სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამდენად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.06.2017 წლის #2/15994-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.06.2017 წლის #2/15994-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი