განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/173-18 (№041260118002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23.10. 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული კ------- ლ----------ი
მამის სახელი: გ-------ი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ოჩამჩირის რაიონი სოფელი ც------
მცხოვრები: ქ. წყალტუბო, 9-------–ის მე-3 შეს. N3/1
ადვოკატი ო----- რ-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კ------- ლ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევი კ------- ლ----------ი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა ი---- ა------ის კუთვნილ ერთ ცალ ზურგჩანთასა და ორ ცალ ხელჩანთას. კ------- ლ----------ის ქმედებით ი---- ა------ეს შესაძლოა მისდგომოდა 70 (სამოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული კ------- ლ----------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ძარცვის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ ი---- ა------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დგინდება, რომ ის მუშაობს ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარე სავაჭრო დახლზე ყიდის ჩანთებს. 2018 წლის 26 იანვარს ჩვეულებრივ მუშაობდა თავის დახლთან, დაახლოებით 16:30 საათზე დაინახა, რომ მაგიდაზე არ იყო ჩანთა, გაიხედა და დაინახა, რომ მამაკაცს ეჭირა ჩანთა ხელში, დაუყვირა მას, მანაც დააგდო ჩანთა და გაიქცა. ის დაედევნა გაქცეულს, რადგან კიდევ ორი ჩანთა არ იყო დახლზე(ივარაუდა, რომ მისი წაღებული იქნებოდა). ამ დროს იქვე მყოფი პოლიციის თანამშრომელი შეეკითხა - „რატომ მისდევო“, - უპასუხა, რომ იმ პიროვნებას წაღებული ჰქონდა მისი ჩანთა. პოლიციელმა მაშინვე დააკავა ეს პირი იმ მომენტში, როცა ტაქსიში ჯდებოდა. იქვე ხალხიც შეიკრიბა, მან უთხრა პოლიციელს, რომ გაეშვა დაკავებული, რადგან ჩანთა მას არ ჰქონდა. საუბარია ერთ 20 ლარიან ზურგჩანთაზე და ორ ყვავილიან ჩანთაზე ღირებულებით 25-25 ლარი. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ მიუთითა პატიმარ ბრალდებულზე, რომელსაც მისი ზურგჩანთა ხელში ეჭირა და რომელსაც მანამდე არ იცნობდა. დაცვის მხარის შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ ხელჩანთის აღების მომენტი მას არ დაუნახავს; იგი მარტო მუშაობს დახლთან; მას აღნიშნული შემთხვევის დღეს დაახლოებით 25 ცალი ჩანთა ელაგა დახლზე; როდესაც იგი იმ მამაკაცს მისდევდა, მას ხელჩანთები ხელში არ ეჭირა; მანძილი მათ შორის იქნებოდა დაახლოებით 1 მეტრზე მეტი; პოლიციელმა ის დააკავა ტაქსში ჩაჯდომის დროს; თავად კი დახლთან დაბრუნდა 5-10 წუთში, ამ დროს დახლი იყო მიტოვებული; დაბრუნებისას ის ორი ხელჩანთაც დახლზე დახვდა. ბრალდებული მათ დაბრუნებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა და მას არ შეუძლია ახსნას როგორ აღმოჩნდა ეს ხელჩანთები მის დახლზე (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ჟ--–---- ს--------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ იგი მუშაობს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ი---- ა------ის დახლთან ახლოს, მის გვერდით. ი---- ვაჭრობს ხელჩანთებით. შემთხვევის დღეს მას ჩანთის აღების მომენტი არ დაუნახავს, არც ის დაუნახავს ვინ აიღო, მხოლოდ გაიგონა ი----ს ნათქვამი „ფული არ მოუციაო“ და დაინახა, რომ ი---- გაეკიდა მამაკაცს, რომელმაც დააგდო ჩანთა და გაიქცა. ი---- დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა უკან. ის პიროვნება, ვინც ჩანთა აიღო მან არ იცის. ი----ს არყოფნისას მის დახლს იგი აქცევდა ყურადღებას, მას ამ დროის განმავლობაში ი----ს დახლიდან არაფერი გაუყიდია და არც დაუნახავს, რომ ვინმეს დახლზე რაიმე დაედოს(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ნ--- მ--–--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ ის მუშაობს ქუთაისში, ჭავჭავაძის N67-ში გარე სავაჭრო დახლზე, ი---- არის მასთან ახლოს 300-400 მეტრში. ი---- ვაჭრობს ქალის ჩანთებით. შემთხვევის დროს მას კლიენტი ყავდა, ტელეფონის ნომერს ყიდიდა და არაფერი დაუნახავს, გაიგონა მხოლოდ ჩოჩქოლის ხმა და დაინახა პოლიციელები. მოგვიანებით გაიგო რომ ჩანთა დაიკარგა და ქალბატონს მოპარეს (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე პ----- ხ----–--ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–-----------–---ში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იგი პოლიციაში მუშაობს 15 წელია. 2018 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა ი. ჭავჭავაძის გამზირზე ,,გრანდ მოლის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო დაახლოებით 16:30 საათი, როდესაც შემოესმა ქალბატონის ხმა, რომელიც მისდევდა მამაკაცს უკან და უძახოდა, რომ მიეცა მისთვის ჩანთები, აღნიშნულ პიროვნებას ორი ჩანთა მიჰქონდა თან და გარბოდა. მოწმე მიხვდა რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და გაეკიდა, გაქცეული პირი ჩაჯდა ტაქსიში, მაგრამ მან ტაქსი გააჩერა, უთხრა რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და აღნიშნული პიროვნება ჩამოიყვანა ტაქსიდან. ეს ადგილი ხალხმრავალი ადგილია, რის გამოც იქვე შეიკრიბა ხალხი და ეუბნებოდნენ, რომ გაეშვა ის ადამიანი, ერთი ჩანთის გამო არ უნდა დაეკავებინა. ამ დროს მას მთელი ყურადღება დაკავებულზე ჰქონდა გადატანილი და დაზარალებული სად იყო არ დაუნახავს. ის არ დალაპარაკებია დაზარალებულს და არც რაიმე შეკითხვა დაუსვამს მისთვის, რადგან ამის დრო არ ჰქონდა. ბრალდებულის დაკავებისთანავე დაუკავშირდა მის უფროსს ი-–-- ს-----ეს და შეატყობინა დანაშულის შესახებ, რომელმაც გამოუშვა ჯგუფი, მათ შორის იყო გიგა ხურციძე და დააკავეს ეს პიროვნება. ბრალდებულს რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც გაქცევას ცდილობდა. დაკავებული აღმოჩნდა კ------- ლ----------ი. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ქალის ხმა შემოესმა - „მომეცი ჩანთებიო“, ის ამ ქალის უკან იმყოფებოდა 2-3 მეტრში, ხოლო ბრალდებული იყო ამ ქალის წინ 3 მეტრში; დაკავების დროს კ------- ლ----------ს ჩანთები აღარ ეჭირა ხელში, შეიძლება იქვე გადამალა, არ იცის სად წაიღო, ხოლო ბრალდებულის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ტაქსიდან რომ ჩამოიყვანა, ეს ჩანთები მას ეჭირა ხელში(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ი-–-- ს-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ იგი მუშაობს გამომძიებლად 13 წელია, 2018 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2018 წლის იანვრის თვეში მას დაუკავშირდა პ----- ხ----–-- და უთხრა, რომ დაკავებული ჰყავდა პიროვნება და ითხოვა დახმარება. მან გამოიძახა ჯგუფი, შეადგინა პატაკი და მოახსენა უშუალო ხელმძღვანელს აღნიშნულის შესახებ. სხვა საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულ საქმეზე მას არ ჩაუტარებია (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ------- გ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დგინდება, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–-----------–---ში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 26 იანვარს, პოლიციის პ------–-----------–---ში დაწყებული იქნა გამოძიება კ------- ლ----------ის მიერ მოქალაქე ი---- ა------ის კუთვნილი ხელჩანთების ძარცვის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა კ------- ლ----------ი, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა მოქალაქე ი---- ა------ე, რომელსაც გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და განემარტა უფლებები მის მიერ. ხოლო რაც შეეხება დადგენილებას ბრალდების შესახებ იგი კ------- ლ----------ს გააცნო გამომძიებელმა გ--------ემ 2018 წლის 28 იანვარს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად. ბრალდებული კ------- ლ----------ი არ დაეთანხმა ბრალდების დადგენილებას, რაზედაც დაფიქსირებულ იქნა მისი პოზიცია შესაბამის ოქმში(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ------- მ---------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დგინდება, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------------------–---ში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კ------- ლ----------ის მიერ განხორციელებული ძარცვის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმის სახით ი---- ა------ე, მოწმემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მასთან ინახებოდა გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე მისივე კუთვნილი ზურგჩანთა და ორი ხელჩანთა, ის ნივთები, რომელსაც კ------- ლ----------ი აშკარად დაეუფლა, თუმცა ეს შენიშნა ი---- ა------ემ და დაედევნა მას, რა დროსაც კ------- ლ----------მა ჩანთები ძირს დააგდო და გაიქცა. აღნიშნული ჩანთები ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ, პოლიციის განყოფილების შენობაში, რაზედაც შედგა ოქმი და დაილუქა ადგილზე, რასაც გაეცნო მოქალაქე ი---- ა------ე და მოაწერა ხელი (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 26 იანვრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2018 წლის 26 იანვარს 16:35 საათზე, ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N54-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ დანაშაულზე წასწრების მოტივით დააკავა კ------- ლ----------ი. დაკავებულს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას ამოუღეს პირადი ნივთები, ხოლო საქმისათვის მნიშვნელოვანი კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. ოქმი ხელმოწერი-–-- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების პ----- ხ----–--ს და უბნის ისპექტორ-გამომძიებლის გიგა ხურციძის მიერ. ოქმს გაეცნო პირადად კ------- ლ----------ი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა (ს.ფ. 3-10).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 იანვარს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ ი---- ა------ისაგან, მისივე თანხმობით ამოიღო: ქალის შავი ფერი ტყავის ზურგჩანთა, რომელიც დაილუქა N1 პაკეტში N33/5/1/1 ლუქის ბეჭდით; შავი ფერის ქალის ხელჩანთა წინა მხარეს წითელი ვარდის გამოსახულებით რომელიც დაილუქა N2 პაკეტში N33/5/1/1 ლუქის ბეჭდით; შავი ფერის ქალის ხელჩანთა წინა მხარეს წითელი და შავი ფერის ყვავილებით, რომელიც დაილუქა N3 პაკეტში N33/5/1/1 ლუქის ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 იანვრის N11/ა-67 განჩინებით. (ს.ფ. 36-45).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ძარცვა (დაუსრულებელი):
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრების უფლება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არაერთგზის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ძარცვა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და მას რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლომ შეაჯერა და გააანალიზა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ კ------- ლ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის) დამნაშავედ ცნობისთვის, ვინაიდან სახეზე არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
კერძოდ:
დანაშაულის შემადგენლობისათვის საჭირო იმ აუცილებელი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ კ------- ლ----------ი ნამდვილად ცდილობდა სხვისი მოძრავი ნივთის(2 ცალი ხელჩანთის) აშკარა დაუფლებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ 2 მოწმის ჩვენება - დაზარალებულ ი---- ა------ის და პოლიციელ პ----- ხ----–--ს ჩვენებები. ამ მოწმეთაგან სასამართლო სხდომაზე მიღებული ინფორმაცია არათუ თანხვედრაშია, არამედ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო რიგ შემთხვევებში გამორიცხავენ ერთმანეთს. კერძოდ, ი---- ა------ე უთითებს, რომ „დაინახა, რომ მის დახლთან მამაკაცს ეჭირა ერთი ზურგჩანთა ხელში, დაუყვირა მას, მანაც დააგდო ჩანთა და გაიქცა. ის დაედევნა გაქცეულს, რადგან კიდევ ორი ჩანთა არ იყო დახლზე(ივარაუდა, რომ მისი წაღებული იქნებოდა)...როდესაც იგი იმ მამაკაცს მისდევდა, მას ხელჩანთები ხელში არ ეჭირა, ხოლო დაკავების შემდეგ, მან ასევე უთხრა პოლიციელს, რომ გაეშვა კ. ლ----------ი, რადგან ჩანთა მას არ ჰქონდა.“ პოლიციელი პ----- ხ----–-- კი სასამართლოს უჩვენებს, რომ „შემოესმა ქალბატონის ხმა, რომელიც მისდევდა მამაკაცს უკან და უძახოდა, რომ მიეცა მისთვის ჩანთები, აღნიშნულ პიროვნებას ორი ჩანთა მიჰქონდა თან და გარბოდა. დაკავების დროს კ------- ლ----------ს ჩანთები აღარ ეჭირა ხელში, შეიძლება იქვე გადამალა, არ იცის სად წაიღო“, თუმცა, შემდეგ ბრალდებულის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ტაქსიდან რომ ჩამოიყვანა, ეს ჩანთები მას ეჭირა ხელში.
საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ პ----- ხ----–--ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან დაინახა გაქცეული კ------- ლ----------ი 2 ჩანთით ხელში, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან გარდა იმისა, რომ ამ გარემოებას არ ადასტურებს დაზარალებული ი---- ა------ე, რომელიც უფრო ადრე და უფრო ახლოს მისდევდა კ------- ლ----------ს, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ დაკავებულ პირს ჩანთები არ აღმოაჩნდა, არც ის ფაქტი არავის დაუნახავს, რომ მან ჩანთები ძირს დააგდო ან სხვა პირს გადასცა, ეს გარემოებები იმ ვითარებაში, როცა პოლიციელ პ----- ხ----–--ს, მისივე ჩვენების თანახმად, მთელი ყურადღება კ------- ლ----------ისაკენ ჰქონდა მიპყრობილი, ადასტურებს, რომ ბრალდებული ი---- ა------ის ხელჩანთებს არ დაუფლებია. ამ დასკვნას ამყარებს ის უდავოდ დადგენილი ფაქტებიც, რომ როდესაც ი---- ა------ე 5-10 წუთში(მისივე ჩვენების მიხედვით) დაბრუნდა თავის დახლთან, მას ადგილზე დახვდა აღნიშნული ნივთები, მეტიც, მოწმე ჟ--–---- ს--------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ „იგი მუშაობს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ი---- ა------ის დახლთან ახლოს, მის გვერდით. მან დაინახა, რომ ი---- გაეკიდა მამაკაცს, რომელმაც დააგდო ჩანთა და გაიქცა. ი---- დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა უკან. მანამდე მის დახლს იგი აქცევდა ყურადღებას, ხოლო ამ დროის განმავლობაში არ დაუნახავს, რომ ვინმეს დახლზე რაიმე დაედოს“. მეტიც, თვით პოლიციელ პ----- ხ----–--ს, რომელიც შემთხვევიდან ორიოდე საათში დეტალურად გამოიკითხა გამომძიებლის მიერ და ბუნებრივია საქმის გარემოებები უფრო კარგად ახსოვდა მაშინ, არ მიუთითებია, რომ კ------- ლ----------ის ხელში დაინახა ჩანთები(ს.ფ.96-98).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კ------- ლ----------ი დაეუფლა ან ცდილობდა დაუფლებოდა ი---- ა------ის კუთვნილ ორ ცალ ხელჩანთას. მეტიც, სასამართლოს არ აქვს საკმარისი საფუძველი დაასკვნას, რომ ეს ჩანთები ნამდვილად იყო გატაცებული ვინმეს მიერ და შემდგომში დააბრუნეს, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ დახლზე დალაგებულ 25 ცალ ჩანთას შორის დაზარალებულმა სიჩქარეში უბრალოდ ვერ დააფიქსირა ისინი და ჩათვალა, რომ იყო მოპარული.
რაც შეეხება ერთი ცალი 20 ლარიანი ზურგჩანთის აშკარად დაუფლების მცდელობის ეპიზოდს, ამ ნაწილში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ასევე 2 მოწმის - ი---- ა------ის და ჟ--–---- ს--------–--ის ჩვენებები. ამ ჩვენებებით კი დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დახლთან მყოფ პიროვნებას ხელში ეჭირა ერთი ცალი ზურგჩანთა, რომელიც ი---- ა------ის ყვირილის ხმაზე დააგდო და გაიქცა. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის ობიექტური მხარის შემადგენლობისათვის ნივთის დაუფლებასთან ერთად აუცილებელია ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. მოცემულ ვითარებაში კი სახეზეა ღია სავაჭრო სივრცე, როდესაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შესაძლებელია აიღოს სარეალიზაციოდ გამოფენილი ნივთი დათვალიერების მიზნით. ამ ნივთის მხოლოდ ხელში აღება და ყვირილის ხმაზე მისი „დაგდება“ და თუნდაც გაქცევა არ არის საკმარისი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს პირი მოცემული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოქმედებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს ვითარებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის დასადასტურებლად, საჭირო იყო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი სულ მცირე ამ ნივთთან ერთად გადაადგილდებოდა ან სავაჭრო სივრცის დატოვებას აპირებდა, რაც მოცემულ შემთხვევაში თვითმხილველ პირთა ჩვენებით სარწმუნოდ არ დგინდება. დახლის მფლობელის ყვირილზე ნივთის დაგდება და გაქცევა წარმოშობს მხოლოდ ვარაუდის საფუძველს, რომ ამ პირს კეთილსინდისიერი განზრახვა არ ამოძრავებდა და ეს საკმარისი ვერ იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობის დასადასტურებლად.
ამასთან, იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, რომ ზურგჩანთის ადგილზე დამგდებ პირს ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ამოძრავებდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება ვერც ის, რომ სწორედ დაკავებული კ------- ლ----------ი იყო მძარცველი, რადგან არეალი, სადაც ეს ფაქტი მოხდა, არის ქალაქ ქუთაისის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, სადაც ადვილი შესაძლებელია დადევნების პროცესში მომხდარიყო დევნის ობიექტის აღრევა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის ყველაზე გადატვირთული ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთის პროცესში სირბილით გადაადგილებაც(ავტომობილების ნაკადისაგან თავის ასარიდებლად) არ არის უჩვეულო მოვლენა. ასეთ მოცემულობებში, როდესაც არ არის ჩატარებული სავაჭრო დახლიდან ჩანთის ამღები პირის ამოცნობა, ხოლო დაკავებული პირისაგან არ არის ამოღებული დახლიდან გატაცებული რაიმე ნივთი და არც ფაქტის ამსახველი გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებია ამოღებული, იმ ვითარებაში როცა დაკავებული თავიდანვე კატეგორიულად უარყოფდა დახლიდან ნივთის აღებას და დაზარალებულმაც მაშინვე მოითხოვა მისი გათავისუფლება( მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ჩანთები მისი გატაცებული არ იყო) რჩება გონივრული დაეჭვების საფუძველი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დაზარალებულის მხრიდან დევნის ობიექტის აღრევას. ამასთან, ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ გისოსებში მოთავსებულ ერთადერთი პირის ზურგჩანთის ამღებ პირად მიჩნევა სასამართლოსთვის ვერ იქნება ზემოაღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი არგუმენტი, რადგან დაზარალებულის მეხსიერებაში სავარაუდო მძარცველად სწორედ ის პირი შეიძლება შემორჩენილიყო, რომელიც მის თვალწინ დააკავა პოლიციის მუშაკმა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548) გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კ------- ლ----------ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ კ------- ლ----------ი შეეცადა ძარცვის ჩადენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კ------- ლ----------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხულ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, კ------- ლ----------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------- ლ----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. კ------- ლ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კ------- ლ----------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ კ------- ლ----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. დაზარალებულისაგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ზურგჩანთა, შავი ფერის ქალის ორი ცალი ხელჩანთა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
5.2. კ------- ლ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რაც შესანახად ჩაბარდა ლ------ ლ----------ს - დაუბრუნდეს კ------- ლ----------ს.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე