გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
330210018002461273
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/14945-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე: გ------------------–---–ი

მოპასუხე: სს „----–----

წარმომადგენელი: ჯ--------------ე

დავის საგანი: თანხის გადახდისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „----–--ის“ მიერ მოსარჩელის სააბონენტო ბარათზე ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დარიცხული 100,85 ლარის გადახდისგან გათავისუფლება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

გ------------------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის საფუძველზე ჩართულია კომუნალური სუბსიდირების პროგრამაში. პროგრამა მოქმედებს ქ. თ---–----------–----–--------------ას, სს „----–--ს“, შპს „თ---–---------------სა“ და შპს „------------------------------------- შორის გაფორმებული 27.12.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა, დასუფთავების მოსაკრებელზე, წყლის მოსაკრებელზე და ელექტროენერგიის მოხმარებაზე, განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 106 ლარით. პროგრამა მოიცავდა აბონენტის ნომერზე 2017 წლის ნოემბრის და დეკემბრის, ასევე 2018 წლის იანვრის , თებერვლისა და მარტის თვეში განხორციელებული კომუნალური სუბსიდიის დარიცხვას.

 

სს „----–--ის“ 2018 წლის 30 აპრილის წერილით, ჩემთვის განსაზღვრული სუბსიდიის ჯამური ოდენობა (106 ლარი) არ იყო საკმარისი იანვრისა და თებერვლის თვის მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯის სრულად დაფარვისთვის, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრა 107 ლარის გადახდა. სს „----–--ის“ მიერ არასწორად ხდება კომუნალური სუბსიდიის თანხის გადანაწილება, ვინაიდან კომუნალური სუბსიდიით რეალურად იფარება ოქტომბრის თვის კომუნალური გადასახადები და ამის გამო აღარ ხდება მარტის თვის გადასახადების სუბსიდირება, მაშინ როდესაც რადიკალურად განსხვავდება მარტში მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადი ოქტომბრის თვეში მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადისგან. შესაბამისად, აშკარაა რომ მოპასუხის მიერ არასწორად განხორციელდა ქ. თ---–----------–----–--------------ის მიერ დარიცხული სუბსიდირების თანხის განაწილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ქ. თ---–----------–----–--------------ასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას. ხელშეკრულების თანახმად, სუბსიდიის დარიცხვა ხორციელდება სუბსიდიის გაცემის წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად. 2017 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის, ასევე წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლების ხარჯის დაფარვა ხდებოდა სუბსიდიით, იმ თვისთვის გამოყოფილი სუბსიდიის ფარგლებში. გ------------------–---–მა გადააჭარბა კომუნალური სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თ---–----------–----–--------------ას, შპს „-----–-----------------, შპს „------------------------------------- და სს „----–--ს“ შორის 2017 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა, მერიის მიერ 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200000-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახებისთვის (აბონენტებისთვის), ელექტროენერგიის მოხმარებაზე, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელზე სუბსიდიის დარიცხვას (1.1. პუნქტი).

 

სუბსიდიის გაცემა განხორციელდება შემდეგი პრიორიტეტისა და ოდენობის მიხედვით: დასუფთავების მოსაკრებელზე, აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი - 2,5 ლარი, წყლის მოსაკრებელზე - 3,15 ლარი, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარებაზე - თვის განმავლობაში აბონენტზე დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის შესაბამისად და არაუმეტეს სუბსიდიის თვის ლიმიტის ოდენობისა. რაც შეეხება ლიმიტს, ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000 ლარს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 106 ლარით. ამასთან, დაწესებული თვის ლიმიტის ფარგლებში წარმოშობილი ეკონომია არ გადავა მომდევნო თვეში (3.1. პუნქტი, 3.2.1. პუნქტი, 3.3. პუნქტი 3.4. პუნქტი, 3.5. პუნქტი და 3.6. პუნქტები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.12.2017 წლის N6.2.1/01 ხელშეკრულება.

3.1.2. ხელშეკრულების თანახმად, სს „----–---- ვალდებულია მოახდინოს თითოეულ აბონენტზე დარიცხული გადასახადის გაქვითვა კომპანიის მიერ დაანგარიშებული თანხის შესაბამისად და აბონენტების ქვითრებში ასახოს მერიის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა გადასახადის სახეობების მიხედვით (6.2. პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27.12.2017 წლის N6.2.1/01 ხელშეკრულება.

3.1.3. თბილისში, ა-------------- დას. ქ. 14, ბინა 21-ში არსებულ მისამართზე სს „----–--ის“ აბონენტი (ნომრით 0------) არის მოსარჩელე გ------------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია;

- კომუნალური გადასახადების ქვითრები.

 

3.1.4. ხელშეკრულების ფარგლებში აბონენტის ნომერზე 0------, თითოეულ მოსაკრებელზე დარიცხული სუბსიდიის ოდენობები შემდეგნაირად განისაზღვრა:

2017 წლის ნოემბერი: 5.58 ლარი - ელექტროენერგიაზე, 2 ლარი - დასუფთავების და 3,15 ლარი - წყლის მოსაკრებელზე;

2017 წლის დეკემბერი: 5.84 ლარი - ელექტროენერგიაზე, 2 ლარი - დასუფთავების და 3,15 ლარი - წყლის მოსაკრებელზე;

2018 წლის იანვარი: 28,04 ლარი - ელექტროენერგიაზე, 2 ლარი - დასუფთავების და 3,15 ლარი - წყლის მოსაკრებელზე;

2018 წლის თებერვალი - 100,85 ლარი - ელექტროენერგიაზე, 2 ლარი - დასუფთავების და 3,15 ლარი - წყლის მოსაკრებელზე და

2018 წლის მარტი - 100,85 ლარი - ელექტროენერგიაზე, 2 ლარი - დასუფთავების და 3,15 ლარი - წყლის მოსაკრებელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თ---–----------–----–--------------ის 08.05.2018 წლის წერილი და დანართ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „----–--ის“ მიერ სწორად მოხდა აბონენტის ნომერზე 0------, კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში სუბსიდიის თანხის გადანაწილება.

 

ხელშეკრულების თანახმად, სუბსიდიის დარიცხვა ხორციელდება სუბსიდიის გაცემის წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად და იგი მოიცავს ნოემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ქ. თ---–----------–----–--------------ასა და კომპანიებს შორის წინა წელსაც არსებობდა და მოსარჩელე წარმოადგენდა სუბსიდიის მიმღებს.

 

აბონენტის ბრუნვის ისტორიის და გადახდის ქვითრებით დგინდება შემდეგი:

 

2017 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს 5,58 ლარს, დასუფთავების მოსაკრებელი - 2 ლარს, ხოლო წყლის - 3,15 ლარს. აღნიშნული ხარჯი სუბსიდიის სახით დაფარულია ნოემბრის თვეში;

2017 წლის ნოემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს 5,84 ლარს, დასუფთავების მოსაკრებელი - 2 ლარს, ხოლო წყლის - 3,15 ლარს. ხარჯების დაფარვა სუბსიდიის სახით მოხდა 2017 წლის დეკემბრის თვეში;

2017 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს 28,04 ლარს, დასუფთავების მოსაკრებელი - 2 ლარს, ხოლო წყლის - 3,15 ლარს. ხარჯების დაფარვა სუბსიდიის სახით მოხდა 2018 წლის იანვარში;

2018 წლის იანვრის თვეში მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს 114,16 ლარს, დასუფთავების - 2 ლარს და წყლის - 3,15 ლარს, საიდანაც თებერვლის თვეში სრულად დაიფარა დასუფთავებისა და წყლის მოსაკრებელი ჯამში 5,15 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით - 100,85 ლარით (106-5,15) დაიფარა 114,16 ლარის ნაწილი. მოსარჩელემ გადააჭარბა სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას და დარჩა პირადად გადასახდელი დავალიანება;

ასევე 2018 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენს 145,84 ლარს, დასუფთავების - 2 ლარს და წყლის - 3,15 ლარს, საიდანაც მარტის თვეში სრულად დაიფარა დასუფთავებისა და წყლის მოსაკრებელი ჯამში 5,15 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით - 100,85 ლარით (106-5,15) დაიფარა 145,84 ლარის ნაწილი. მოსარჩელემ თებერვალშიც გადააჭარბა სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას და დარჩა პირადად გადასახდელი დავალიანება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია;

- გადახდის ქვითრები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, გ------------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ქ. თ---–----------–----–--------------ას, შპს „-----–-----------------, შპს „------------------------------------- და სს „----–--ს“ შორის 2017 წლის 27 დეკემბერს გაფორებული ხელშეკრულებით, მერიის მიერ განხორციელდა 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200000-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახებისთვის (აბონენტებისთვის), ელექტროენერგიის მოხმარებაზე, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელზე სუბსიდიის დარიცხვა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ბენეფიციარს წარმოადგენდა მოსარჩელე, რომლის მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადების დაფარვასაც ხდებოდა კონკრეტულ თვეში მერიის მიერ გათვალისწინებული სუბსიდიის ლიმიტის ფარგლებში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში გ------------------–---–ი სადავოდ ხდის სს „----–--ის“ მხრიდან სუბსიდიის თანხის გადანაწილებას, რაც გულისხმობს კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ქ. თ---–----------–----–--------------ასა და კომპანიებს შორის 27.12.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შემოწმებას. აღნიშნული საკითხი კი ამ კონკრეტულ დავაში განხილვის საგანი ვერ გახდება. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სადავო შეიძლება იყოს მასსა და სს „----–--ს“ შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება-არშესრულება. ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება სს „----–--ის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევა, მისი მხრიდან სწორად მოხდა მოხმარებული ელექტროენერგიის დაანგარიშება და კონკრეტულ თვეზე გათვალისწინებული სუბსიდიის ფარგლებში დავალიანებების გაქვითვა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

კონკრეტულად შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „----–--ს“ დაევალა გ------------------–---–ს (აბონენტის ნომერი 0------) აღუდგინოს ელექტროენერგიის მიწოდება.

4. გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე