განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო-- სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ-------- ჭ-----ის
ბრალდებულ _ ზ----- შ-------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ზ----- მ------ს ძე შ-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ----------------------------–-----–---------ში, პ------–------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- შ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ზ----- შ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 ივნისს, დაახლოებით, 02:30 საათზე, ქ-------–--–----–-----------–---–----------–--–------------ში ზ----- შ-------–---–მა თავის არასრულწლოვან - 9 წლის შვილს, ნ-----–---- შ-------–---–ს ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, მეუღლეს - ს----- ნ-------–---–ს, არასრულწლოვანი შვილების - ნ-----–---- შ-------–---–ისა და 2 წლის კ----- შ-------–---–ის თანდასწრებით, სახეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ს----- ნ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ზ----- შ-------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით.
სასამართლოს დასკვნა ზ----- შ-------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ზ----- შ-------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, პაციენტის სამედიცინო ბარათებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვისა და მისი დედის მიმართ რეალურად განხორციელდა ძალადობა ბრალდებულის მხრიდან, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სურს განაგრძოს ოჯახთან თანაცხოვრება და მატერიალურად დაეხმაროს ოჯახის წევრებს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ----- შ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
როგორც საქმის მასალებიდან და ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ირკვევა, 2018 წლის 8 ივნისს ზ----- შ-------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი - 2 წლის კ----- შ-------–---–ი, რომელიც ძალადობის დროს ხელში ეჭირა დედას - ს----- ნ-------–---–ს და 9 წლის - ნ-----–---- შ-------–---–ი, რომელიც უშუალოდ გახდა მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და შეეშინდა. გარდა იმისა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს და შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი ძალადობრივი ქმედებები გამოიხატა ასევე სახლში არსებული ნივთების მსხვრევაში, რითაც შეიქმნა კიდევ უფრო აგრესიული გარემო, რის გამოც არასრულწლოვანი ბავშვები აღმოჩნდნენ უკიდურესად სტრესულ ვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
სასამართლო უკვე განხორციელებული ძალადობის ხასიათისა და მისი გამომწვევი გარემოებების გარდა, ასევე აფასებს ბრალდებულის მხრიდან მომავალში ძალადობრივი ქმედების რეციდივის რისკს, რათა ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავის პიროვნებას და მის მიდრეკილებებს, კერძოდ, მის დამოკიდებულებას აზარტული თამაშებისა და ალკოჰოლური სასმელის მიმართ. როგორც საქმიდან ირკვევა, ბრალდებული ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს და თამაშობს აზარტულ თამაშებს, რის გამოც ხშირად უწევს სახლიდან ნივთების გატანა და ლომბარდში ჩაბარება (რამაც განაპირობა კიდეც აღნიშნული კონფლიქტი).
ამასთან, სასამართლოსთვის უცნობია დაზარალებულების პოზიცია ბრალდებულის მიმართ, ხოლო საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ს----- ნ-------–---–ს მის მიმართ გააჩნია პრეტენზია მისი და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო და ითხოვს ბრალდებულის დასჯას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი) მიღწეული.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ზ----- შ-------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, ხოლო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი არის ნასამართლობის არმქონე (შეწყალებულია), აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან ოჯახის წევრებთან ერთად გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- შ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ ზ----- შ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან.
3. მსჯავრდებულ ზ----- შ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ----- შ-------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნატეხები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– 2 (ორი) ცალი ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი