გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210017002111176
№2/1522-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ქ--------------–--ე
მოპასუხე - მ--------------ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ--------------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული გ---------------ის და 2015 წის 24 აპრილს დაბადებული ნ-----–------------ის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 200 ლარის ოდენობით, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა და მოითხოვა თითოეული ბავშვისთვის 100-100 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით,მოპასუხესთან ქორწინებაში იმყოფებოდა 2013 წლის იანვრის თვიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: გ---------------ე დაბადებული 2013 წლის 15 ოქტომბერს და ნ-----–------------ე დაბადებული 2015 წის 24 აპრილს.
მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე დაახლოებით 2017 წლის აგვისტოდან და არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს აქვს დაახლოებით 2 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ შორის ხეხილის ბაღი 60 მეასედი, ატმის ბაღი 15 მეასედი, დანარჩენი მიწის ნაკვეთები კი არის თავისუფალი, სადაც მოჰყავს ბოსტნეული, თუმცა თავის შვილებს არ ეხმარება მატერიალურად (იხ. სარჩელი და 07.11.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მ--------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იმუშაოს, შესაბამისად, იგი იღებს ინვალიდობის პენსიას 120 ლარის ოდენობით. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს მასა და მის ძმას აქვთ ხეხილის ბაღი 30 მეასედი, ატმის ბაღი 16-18 მეასედი, მესამე ძმის, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ბაღი 10 მეასედი, რომელსაც ის და მისი მეორე ძმა ამუშავებს და მამიდის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი 10 მეასედი (იხ. 07.11.2018 წ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2013 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული გ---------------ე და 2015 წლის 24 აპრილს დაბადებული ნ-----–------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ---------------ის დაბადების მოწმობა;
- ნ-----–------------ის დაბადების მოწმობა
3.1.3. 2017 წლის აგვისტოს თვიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და დედა-შვილები ცხოვრობენ მოსარჩელესთან და მის დედასთან ერთად სოფელ ნიქოზში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მ--------------ე ცხოვრობს ძმასთან ერთად გორის რაიონის სოფელ მერეთში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხრეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.2. მ--------------ე აქვს ჯანრთელობის პრობლემები და იღებს პენსიას 120 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.3. მ--------------ეს და მის ძმას აქვს სასოფლო-სამეოურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კერძოდ; ხეხილის ბაღი, ატმის ბაღი და საბოსტნე კულტურებისათვის ორი ნაკვეთი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.4. არასრულწლოვანი გ---------------ე და ნ-----–------------ე სარგებლობენ სადაზღვევო პოლისით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მ--------------ეს შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თითოეული ბავშვისთვის 80-80 ლარის ოდენობით ლარი სარჩელის შეტანის დღიდან - 2017 წლის 02 ოქტომბრიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე მუხლები.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.
7.7. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ბავშვების ინტერესებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს ალიმენტვალდებული პიროს მდგომარეობაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იღებს პენსიას 120 ლარის ოდენობით, აქვს მიწის ნაკვეთები, რომელთა დამუშავების შედეგად შესაძლებელია შემოსავლის მიღება თუნდაც ბოსტნეულის, ხილის და სხვა აგრო კულტურების სახით და ის ფაქტი, რომ იგი ამ მიწებს ვერ ამუშავებს, ვერ გახდება მისი საალიმენტო ვალდებულებისაგან გათვაისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი ვალდებულია იზრუნოს თავის შვილებზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად მისი მშობლების ოჯახში, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვების დედა - მუშაობს დღიურ მუშად სოფელში და არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ამასთან, არასრულწლოვნები სარგებლობენ სადაზღვევო პოლისით. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილების მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილებს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა დაამუშავოს მიწის ნაკვეთები, რომლებიც მისი თქმის ისევ თავისი შვილებისთვის უნდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია მიწის ნაკვეთების მრავალმხრივ გამოყენება და სხვადასხვა პროდუქტის მოყვანა ან თუნდაც მიწის იჯარით გადაცემა, საფუძველს მოკლებულია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად თითოეული ბავშვისთვის 80-80 ლარი სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასი (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) შეადგენს 2400 ლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისიც თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ქ--------------–--ის სარჩელი მ--------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მ--------------ეს მოსარჩელე ქ--------------–--ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების, 2015 წლის 24 აპრილს დაბადებული ნ-----–------------ის და 2013 წლის15 ოქტომბერს დაბადებული გ---------------ის რჩენა - აღზრდისათვის, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავსვისათვის 80-80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 02 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი