გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.10.2018
საქმის ნომერი
330310018002538534
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/4355-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

 

მოსარჩელე - ვ-–--------------ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------–---–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №---------- გადაწყვეტილება ვ-–--------------ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ვ-–--------------ი (დაბადებული 1----–-–-----------) არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის ამონაწერის თანახმად, ვ-–--------------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 48-49);

- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 52-55);

- საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან ამონაწერი, მომზადებული 2018 წლის 14 ივნისს (ს.ფ. 56);

- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 59);

 

3.2. ს.ს ,,თიბისი ბანკის’’ 2018 წლის 8 ივნისის №---------- ცნობის თანახმად, ვ-–--------------ი არის ანგარიშ(ებ)ის მფლობელი ს.ს ,,თიბისი ბანკში’’. ნაშთი ანგარიშ(ებ)ზე 2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 5---.00 დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თიბისი ბანკის’’ 2018 წლის 8 ივნისის №---------- ცნობა (ს.ფ. 57);

 

3.3. შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 2018 წლის 5 ივნისის №------- რეკომენდაცია-დახასიათების თანახმად, ვ-–--------------ი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“) დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. ამჟამად ვ-–--------------ი ირიცხება I სემესტრის (I კურსი). სწავლა 6 წლიანია და დასრულდება 2024 წლის თებერვლის თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 2018 წლის 5 ივნისის №------- რეკომენდაცია-დახასიათება (ს.ფ. 58);

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №------------ წერილით ვ-–--------------ის 2018 წლის 11 ივნისის №---------- განცხადებაზე საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ხარვეზი დაუდგინდა. ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის ვადად ვ-–--------------ის განესაზღვრა ვადა 2018 წლის 22 ივნისამდე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №--------- წერილის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში ვ-–--------------ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ №---------- საქმეზე ხარვეზის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ატვირთვისა და ვებგვერდზე www.sda.gov.ge განთავსების თარიღად ფიქსირდება 2018 წლის 14 ივნისი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №------------ წერილი (ს.ფ. 46);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №--------- წერილი (ს.ფ. 47);

 

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №---------- გადაწყვეტილებით ვ-–--------------ის 2018 წლის 11 ივნისის განცხადება №---------- სასწავლო ბინადრობის გაცემის თაობაზე განუხილველად დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 44-45);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-–--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №---------- გადაწყვეტილება შეესაბამება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისობა.

 

6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამავე კანონის 15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განისაზღვრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. ამავე ნორმის მე-9 პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №--------- წერილის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში ვ-–--------------ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ №---------- საქმეზე ხარვეზის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ატვირთვისა და ვებგვერდზე www.sda.gov.ge განთავსების თარიღად ფიქსირდება 2018 წლის 14 ივნისი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს 2018 წლის 14 ივნისიდან ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მის მიმართ არსებულ საქმეზე ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას და განეხორციელებინა კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებები.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეში დაცულია სამახსოვრო ბარათის ასლი, რომელიც ხელმოწერილია განმცხადებლის მიერ. აღნიშნული ბარათი შეიცავს განმცხადებლის ვალდებულებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაცია მხარეს უნდა მიეღო ინტერნეტ გვერდის მეშვეობით (ს.ფ. 48-49).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–--------------ის 2018 წლის 14 ივნისიდან ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მის განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, საპატიო მიზეზით ხარვეზის შევსების ვადის გაშვების თაობაზე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №----------- გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-55, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე