განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/3----18
№0-----------
15 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გრ-----–---–------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თე----------------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------------------–---------------–-------------------------
ადვოკატი - ზა-------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 2-------, საღამოს საათებში, თბილისში, ზ. ფ--–--–---–-ს ქუჩა N--, ბინა N--–-, თე----------------ემ სო-------------ს სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით აცეტონის ფლაკონიდან რამდენჯერმე შეასხა აცეტონი სახესა და ტანის არეში და წაუკიდა ცეცხლი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სო-------------ს სხეულზე, კერძოდ, მარცხენა ლოყის მიდამოში, ნიკაპზე და ნიკაპქვეშა მიდამოებზე, კისერზე მარცხნივ, მარცხენა ბეჭზედა მიდამოში, გულმკერდის და მუცლის წინა ზედაპირებზე ორმხრივ, მარჯვენა ბარძაყის მიდამოში და მარცხენა მტევანზე აღენიშნება ალაგ რამდენიმე რელიეფური ზედაპირის და პერიფერიაზე მოყავისფრო ფერის პიგმენტაციის მქონე მრავლობითი ნაწიბურები, რომლებიც წარმოადგენენ ამავე მიდამოებში არსებული დამწვრობითი უბნების შეხორცების შემდგომ კვლებს. დამწვრობა განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ თარიღს. სახეზე მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული ნაწიბური არ იწვევს სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას, ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა თე----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თე----------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: არ---–-–-----ს, ნი----–-----–-----–--ს, ეკ-----------------–---ს, ჯე---–---------ს, სო--------------ს და დაზარალებულ სო-------------ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ვიდეოჩანაწერებს.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თე----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია თე----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თე----------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომლის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად შეფასებისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: 1) ქმედებაში, 2) მძიმე შედეგში, 3) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მძიმედ ითვლება, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - თე----------------ემ ჩაიდინა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თე----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თე----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დამძიმების კუთხით განიხილავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას, კერძოდ თე----------------ემ ცეცხლის წაკიდებით გამოიწვია დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება. შესაბამისად, დაზარალებული იმყოფება ძლიერი სულიერი ტანჯვის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თე----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვისი ვადით.
მსჯავრდებულ თე----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ორი ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
ერთი ცალი შარვალი, ერთი ცალი პერანგი, ერთი ცალი ბიუსჰალტერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ნერწყვის ნიმუში, პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი