გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2018
საქმის ნომერი
330310018002600057
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5346-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - რ----- მ------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - ბ---- გ------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0--------- გადაწყვეტილება;

1.2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ----- მ------–--ის სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული წესების დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. მისი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის N1-------- განაჩენით დამტკიცდა სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–ი მ---–---–-ა და ბრალდებულ რ----- მ------–--ეს შორის 2016 წლის 21 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

რ----- მ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2016 წლის 27 აპრილის შპს "ა--ს" ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

რ----- მ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2016 წლის 04 მაისის შპს "ა-------ი ვ----ს" ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილის 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, რ----- მ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----- მ------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 05 მაისიდან.

 

გაუქმდა რ----- მ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონიძიება პატიმრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის N1-------- განაჩენი (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 25-38);

 

3.1.2. საქართველოს სასჯელლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 01 ივნისის N8--- ბრძანებით მსჯავრდებულ რ----- ლ----ის ძე მ------–--ეს (პ/ნ 0----------) სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებული რ----- ლ----ის ძე მ------–--ე 2016 წლის 07 მაისს გადაყვანილ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 01 ივნისის N8--- ბრძანება (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 44);

- პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების 2016 წლის 07 მაისის ოქმი (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 5);

 

3.1.3. რ----- ლ----ის ძე მ------–--ე დაბადებული 1985 წელს, შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N2------- განკარგულებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N2------- განკარგულება (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 45);

 

3.1.4. 2016 წლის 30 მაისს, 12:30 საათზე, მე-2 სარეჟიმო კორპუსის N148 საკანში განთავსებულმა ბრალდებულმა რ----- მ------–--ემ დაარღვია სარეჟიმო ნორმები კერძოდ: საკნის სარკმელის საშუალებით ელაპარაკებოდა მეზობელ საკანში განთავსებულ პატიმრებს, რითაც მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი. კერძოდ: უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ.

 

მითითებულ ფაქტზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 30 მაისის N4----- განკარგულებით რ----- მ------–--ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - ამანათისა და გზავნილის მიღების უფლების შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

 

2016 წლის 11 სექტემბერს დაახლოებით 21:30 საათზე მე-2 კორპუსის N148-ე საკანში განთავსებულმა ბრალდებულმა რ----- ლ----ის ძე მ------–--ემ დაარღვია სარეჟიმო მოთხოვნები კერძოდ: საკნიდან სარკმელის საშუალებით ეძახდა სხვა საკანში განთავსებულ პატიმრებს. თანამშრომლის არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, რომ შეეწყვიტა ზემოაღნიშნული ქმედება არ დაემორჩილა და კვლავ განაგრძობდა იგივეს, რითაც დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ლ" ქვეპუნქტი და დაწესებულების დებულების 80-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი.

 

მითითებულ ფაქტზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 11 სექტემბრის N7----- განკარგულებით რ----- მ------–--ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

 

2016 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 08:40 საათზე მე-2 კორპუსის N148-ე საკანში განთავსებულმა ბრალდებული რ----- ლ----ის ძე მ------–--ე არ იცავდა საკანში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. კერძოდ: საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და სიგარეტის ნამწვავს ყრიდა იატაკზე, რაზედაც არაერთხელ მიიღო გაფრთხილება, მაგრამ არ გაითვალისწინა და აგრძელებდა იგივე ქმედებას. აღნიშნულით მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის "ა" ქვეპუნქტი და დაწესებულების მე-80 მუხლის "ა" ქვეპუნქტი.

 

მითითებულ ფაქტზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 17 ნოემბრის N9----- განკარგულებით რ----- მ------–--ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - მოთავსებულ იქნა სამარტოო საკანში 5 (ხუთი) დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 30 მაისის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 12-13);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 30 მაისის N4----- განკარგულება (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 18-19);

- 2016 წლის 11 სექტემბრის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 27-28);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 11 სექტემბრის N7----- განკარგულება (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 34-35);

- 2016 წლის 17 ნოემბრის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 47-48);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 17 ნოემბრის N9----- განკარგულება (რ----- მ------–--ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 51-52);

 

3.1.5. 2018 წლის 04 ივლისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ რ----- ლ----ის ძე მ------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭოს №0--------- გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ შუამდგომლობა მოცემულ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მისი დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ორი ეპიზოდი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია არცერთ სოციალურ აქტივობაში. გარდა ამისა მისმა ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოიწვია დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-23).

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----- მ------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0--------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პატიმრობის კოდექსისა“ და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.

 

6.3. გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.

 

საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:

 

ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 27 აპრილს საღამოს საათებში შპს "ა--ს" აფთიაქიდან გ------- გ-------ძე, რ----- მ------–--ე და მ-----– ს----------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შპს "ა--ს" კუთვნილ ფულად თანხას 260 ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. 2016 წლის 04 მაისს თბილისში პეკინის N22 მდებარე შპს "ა------- ვ----ს" კაფედან ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებით დაეუფლნენ ფულად თანხას 1010 ლარის ოდენობით, რისთვისაც რ----- მ------–--ეს 2016 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" პუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წელი თავისუფლების აღკვეთა, 4 წელი პირობითი და 4 წელი გამოსაცდელი ვადით.

 

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; მოცემულ შემთხვევაში, რ----- მ------–--ის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებულია არაერთხელ, კერძოდ: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 30 მაისის N4----- განკარგულებით რ----- მ------–--ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - ამანათისა და გზავნილის მიღების უფლების შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 11 სექტემბრის N7----- განკარგულებით რ----- მ------–--ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 17 ნოემბრის N9----- განკარგულებით რ----- მ------–--ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი - მოთავსებულ იქნა სამარტოო საკანში 5 (ხუთი) დღის ვადით. მსჯავრდებულ რ----- მ------–--ის მიმართ წამახალისებელი ღონისძიებები გამოყენებული არ ყოფილა.

 

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მსჯავრდებული რ----- მ------–--ე ნასამართლევი არ ყოფილა.

 

დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, რ----- მ------–--ე არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ძმა და მშობლები. მსჯავრდებულს აქვს ოჯახის წევრებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა.

 

ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. რ----- მ------–--ეს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური ურთიერთობა.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე და მსჯავრდებულის გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- მ------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-3, მე-4, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----- მ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე