გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1761-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ნუ----------------ი
მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება
წარმომადგენელი: ნი----–---------–----–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 07 მარტის M---------------- განკარგულება მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 28 თებერვალს ნუ----------------ის მიმართ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად: მსჯავრდებულმა ნუ----------------მა 2018 წლის 28 თებერვალს დაწესებულების პირველ სართულზე, დერეფანში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ბატონ გი-----------–-–---–ს და მთავარ ექიმს გი------------–---–ს, აგრეთვე დაწესებულების თანამშრომლებს. იგი ცდილობდა მთავარი ექიმის ოთახში შესვლას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 28.02.2018 წლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი (ს.ფ. 73-74);
- გი-----------–-–---–-ს 28.02.2018 წლის პატაკი (ს.ფ. 77);
- კახ-------------ს 28.02.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 78);
- ირ---–----------ს 28.02.2018 წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 79);
3.2. 2018 წლის 02 მარტს ნუ----------------ს წარედგინა ,,დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი”. ნუ----------------ი აღნიშნულ ოქმს გაეცნო, მასზე ხელი მოაწერა და გამოთქვა სურვილი სამართალდარღვევის შესახებ ახსნა-განმარტება მიეცა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 02 მარტის ,,დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი” (ს.ფ. 75);
3.3. ნუ----------------მა დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, იგი გაეცნო N18 დაწესებულების დირექტორის ბატონ და--------------–--ს 2018 წლის 28 თებერვლის N186466 წერილს, რომელიც შევიდა N3 დაწესებულების დირექტორის სახელზე. ნუ----------------მა მიუთითა, რომ წერილში აღნიშნული ფაქტები არის სიცრუე, ცილისწამება და ტყუილი. პირიქით, გი-----------–-–---–მა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიზანმიმართულად ცდილობდნენ არ წასულიყო სასამართლო პროცესზე, რომ არ გაეკეთებინა განცხადებები და არ გადაეცა სასამართლოსთვის მატერიალურად წერილობითი ფაქტები. იგი წავიდა სასამართლოზე და გადასცა წერილობითი მასალები, ასევე მისცა სიტყვიერი განცხადებები, მათ შორის აღნიშნა, რომ N18 დაწესებულებიდან დაემუქრნენ თუ მისცემდა აღნიშნული წერილებს და გააკეთებდა განცხადებებს სასამართლოზე, პირდაპირ წაიყვანდნენ N3 დაწესებულებაში, რაც მოხდა კიდეც. 2018 წლის 28 თებერვალს, სასამართლოდან სპეცრაზმის და ბადრაგის თანამშრომლებმა პირდაპირ წაიყვანეს N3 დაწესებულებაში. არც მკურნალობა, არც გამოკვლევა და არც დანიშნულებები სრულად არ ჩატარებია.
მოცემულ ახსნა-განმარტებაში ნუ----------------მა ასევე მოითხოვა განხორციელებულიყო შეტყობინება ადვოკატ ბე------------------–---–ისთვის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ნუ----------------ის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 76);
3.4. 2018 წლის 05 მარტის ოქმის თანახმად, დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსმა და სოციალური განყოფილების სოციალურმა მუშაკმა შეადგინეს ოქმი მასზედ, რომ მიმდინარე წლის 05 მარტს, 14 საათსა და 05 წუთზე განახორციელეს სატელეფონო ზარი ტელეფონის ნომერზე - 5---------- მსჯავრდებულ ნუ----------------ის ინტერესების დამცველ ადვოკატთან ბე------------------–---–თან და აცნობეს მსჯავრდებულ ნუ----------------ის დისციპლინური სახდელის თაობაზე. დისციპლინური დარღვევის ადგილია N18 დაწესებულება, 28 თებერვალი. ადვოკატმა ბე------------------–---–მა ინფორმაციის მიწოდებისთვის მოიხადა მადლობა და აღნიშნა, რომ გაუწევდა კონსულტაციას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 05.03.2018 წლის ოქმი (ს.ფ. 81);
3.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 07 მარტის M---------------- განკარგულებით, ნუ----------------ის მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, მომდევნო ხანმოკლე პაემნის აკრძალვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 07 მარტის M---------------- განკარგულება (ს.ფ. 70-72);
3.6. საქმეში წარმოდგენილი N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილის გი-----------–-–---–-ს პატაკის თანახმად, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით იქნებოდა 11:00 საათი, პირველი სართულის დერეფნიდან შემოესმა გინების და ყვირილის ხმა. მსჯავრდებული ნუ--------------–----------------რი დაბ. 24.07.1981 წელს, გასამართლებული სსკ-ის 177-ე და 179-ე მუხლებით, რაზეც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და არის რიცხული ზემოხსენებული დაწესებულების მე-4 სართულის ქირურგიული განყოფილების 411-ე პალატაში, ცდილობდა მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის გი------------–---–ის ოთახში შეღწევას, პარალელურად გამოხატავდა აგრესიას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას გი------------–---–ს და იქ მყოფ თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ მის დამშვიდებას. გი-----------–-–---–- აღნიშნავს, რომ მან ნუ----------------ს მოუწოდა წესრიგისკენ, რომ იგი დამორჩილებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის საპასუხოდ თა------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაწესებულების დირექტორს აღნიშნულ ფაქტზე ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-გი-----------–-–---–-ს მიერ 2018 წლის 28 თებერვალს შედგენილი პატაკი (ს.ფ. 77);
3.7. საქმეში წარმოდგენილი N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლის კახ-------------ს ახსნა-განმარტების თანახმად, ა/წ 28 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. N18 დაწესებულების პირველ სართულზე, დაახლოებით 11:00 საათზე, მსჯავრდებული ნუ--------------–----------------რი, დაბ. 1981 წელს, გასამართლებული სსკ-ის 177-ე და 179-ე მუხლებით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ცდილობდა მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის გი------------–---–ის ოთახში შეღწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და იქ მყოფ თანამშრომლებს. დაწესებულების დირექტორის მოადგილემ გი-----------–-–---–მა მოუწოდა მას წესრიგისკენ, რაზედაც მსჯავრდებულმა ნუ----------------მა მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ხმაური და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. დაწესებულების დირექტორს აღნიშნულ ფაქტზე ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-კახ-------------ს 2018 წლის 28 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 78);
3.8. საქმეში წარმოდგენილი N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლის ირ---–----------ს ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას N18 დაწესებულების პირველ სართულზე. დაახლოებით, 11 საათზე, მსჯავრდებული ნუ----------------ი, დაბ. 24.07.1981 წელს, გასამართლებული სსკ-ის 177-ე და 179-ე მუხლებით, რაზეც მისჯილი აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ცდილობდა მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის გი------------–---–ის ოთახში შეღწევას, გამოხატავდა აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ თანამშრომლებს და გი------------–---–ს. დაწესებულების დირექტორის მოადგილემ გი-----------–-–---–მა მოუწოდა მას წესრიგისკენ, რის საპასუხოდაც მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოიწვია ხმაური და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. დაწესებულების დირექტორს აღნიშნულ ფაქტზე ეთხოვა შემდგომი რეაგირების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ირ---–----------ს 2018 წლის 28 თებერვლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 79);
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა დარღვევის მოწმე - კა-------------ე. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების პირველ სართულზე, საჩხრეკ ოთახში იმყოფებოდა ნუ----------------ი, რომელიც იგინებოდა უშვერი სიტყვებით, აგინებდა მთავარ ექიმს და უნდოდა მთავარი ექიმის ოთახში შეღწევა. ამ ფაქტს შეესწრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელმაც თა------ს მოუწოდა სიმშვიდისკენ, მაგრამ მსჯავრდებულმა მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოწმის ჩვენება (იხ. 16.08.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 07 მარტის M---------------- განკარგულება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. ,,პატიმრობის კოდექსის” მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთ ქმედებად გათვალისწინებულია ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახეებს. ხსენებული ნორმის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეა - კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.
სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურაზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 28 თებერვალს ნუ----------------ის მიმართ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად: მსჯავრდებულმა ნუ----------------მა 2018 წლის 28 თებერვალს დაწესებულების პირველ სართულზე, დერეფანში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ბატონ გი-----------–-–---–ს და მთავარ ექიმს გი------------–---–ს, აგრეთვე დაწესებულების თანამშრომლებს. იგი ცდილობდა მთავარი ექიმის ოთახში შესვლას.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 07 მარტის M---------------- განკარგულებით, ნუ----------------ის მიმართ, პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, მომდევნო ხანმოკლე პაემნის აკრძალვა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,კ" ქვეპუნქტი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმსა და დაწესებულების დირექტორის განკარგულებაში დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მითითებულია: პატაკი, ახსნა-განმარტებები და დისციპლინური სახდელის ოქმი.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასების გზით უნდა დაადგინოს აქტის მატერიალურ სამართლის ნორმებთან შესაბამისობის საკითხი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ჩვენებები წარმოადგენს მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს. ამასთან მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფაქტებს უნდა ეხებოდეს. მათ აზრს, დასკვნებს, როგორც წესი, არ აქვს მნიშვნელობა საქმისთვის.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკი მოვლენებს აღიქვამს პროფესიული მოვალეობის შესრულების ძალით. მას კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული წესრიგისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უფლებამოსილება. ამასთან, სახელმწიფო დაწესებულების მოხელე გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე და ეკისრება სამსახურებრივი ვალდებულებების განუხრელი დაცვა, ასევე სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ფრთხილდება არასწორი ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა დარღვევის მოწმე - კა-------------ე. მოწმემ გაიხსენა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმში მითითებული გარემოებები. განმარტა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების პირველ სართულზე, საჩხრეკ ოთახში იმყოფებოდა ნუ----------------ი, რომელიც იგინებოდა უშვერი სიტყვებით, აგინებდა მთავარ ექიმს და უნდოდა მთავარი ექიმის ოთახში შეღწევა. ამ ფაქტს შეესწრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელმაც თა------ს მოუწოდა სიმშვიდისკენ, მაგრამ მსჯავრდებულმა მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლის მიერ მიცემული ჩვენება არის თანამიმდევრული და ლოგიკური. სახეზეა ოქმში დაფიქსირებული ფაქტების თანხვედრა მოწმის ჩვენებასთან.
სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნუ----------------მა ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ შეფასდეს თავად ნუ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება.
6.3. პატიმრობის კოდექსის 83-ე მუხლში მოცემულია ???????????? ????????? ???????? ????????? ???????????/????????????? ???????? . გარდა ამისა, ამავე კოდექსის 84-ე მუხლი ადგენს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული ნორმის 11-მე-4 ნაწილების თანახმად: 11 დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს. 4. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნუ----------------მა ისარგებლა კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით, მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, განაცხადა ადვოკატის ყოლის უფლება. საქმეში დაცულია სათანადო ოქმი, რომლითაც მსჯავრებულის მოთხოვნა ეცნობა მის მიერ დასახელებულ ადვოკატს. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ განკარგულების გამოცემისას პროცედურული დარღვევის არსებობა, რასაც შესაძლოა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა გამოეწვია, მოცემულ დავაში არ დადასტურდა.
6.4. ,,პატიმრობის კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დისციპლინური დარღვევის გამორკვევის შემდეგ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის სახის დადგენა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი უფლებამოსილია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა აღნიშნული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და შეფარდებული დისციპლინური გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები აუცილებელი და სრულიად საკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ემსახურება პატიმრობის კოდექსით დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ აღნიშნული ნორმების დარღვევა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განჩინების საფუძველზე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს არაქონებრივ დავაზე 100 ლარს.
ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნუ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე - ნუ----------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მერი გულუაშვილი