განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/549-18 (N041290518002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21.09.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ ჩ-------ი
მამის სახელი: ა--------
დაბადების თარიღი: 25.08.1962 წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირი #84/4
ადვოკატი - ვ--–------- თ----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. მ------ ჩ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 მაისს 09:20 საათზე, ქუთაისი ა---–-----------ის გამზირი #74-ში მდებარე ბინასთან განთავსებული გაჩერების მიმდინარე ტერიტორიაზე მ------ ჩ-------მა შვილს არასრულწლოვან - გ------- ჩ-------ს მუჭი დაარტყა სახის არეში, ასევე ჯოხი ჩაარტყა გულმკერდის და თავის არეში. გ------- ჩ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე. ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული მ------ ჩ-------ი, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა გ--------- შ--–-----მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, მისი შვილი ი----- შ--–-----ი წავიდა სამსახურში, რომელსაც სახლიდან გაცილების მიზნით გაჰყვა მისი შვილიშვილი არასრულწლოვანი გ------- ჩ-------ი, რომელიც მალევე უნდა დაბრუნებულიყო სახლში. განმარტავს, რომ როდესაც მის შვილიშვილს დააგვიანდა, გადაწყვიტა წასულიყო და მოეძებნა იგი. ამ დროს ქუჩაში დაინახა, რომ მისი შვილიშვილი იყო ატირებული და ჩახუტებული ჰყავდა დედამისს, ასევე, მათგან მოშორებით დაინახა მისი სიძე მ------ ჩ-------ი. განმარტავს, რომ როდესაც მის შვილიშვილს შეეკითხა, თუ რატომ ტიროდა ის, მან უპასუხა, რომ ,,მამიკომ გამლახაო“ თავად კი ამ ფაქტს არ შესწრებია. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ო----- ხ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 29 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, დილის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა, სადაც სახლში დახვდათ არასრულწლოვანი გ------- ჩ-------ი, რომელმაც პირადი საუბრის დროს განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მამამ მ------ ჩ-------მა, ასევე, ამ დროს იქ იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები. განმარტავს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა არასრულწლოვანი გ------- ჩ-------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 29 მაისს დილის საათებში მამამ- მ------ ჩ-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუჭი ჩაარტყა სახის არეში, შემდეგ აიღო იქვე დაგდებული ხის ჯოხი და დაარტყა მას გულმკერდისა და თავის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, ასევე მის მეირ დანიშნული იქნა გ------- ჩ-------ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა, გამოკითხული იქნა დედა ი----- შ--–-----ი, ასევე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც გ------- ჩ-------მა მიუთითა იმ ჯოხზე, რომელიც მას მამამ-გ------- ჩ-------მა ჩაარტყა თავის არეში. განმარტავს, რომ პოლიციის მე-6 განყოფილებაში 2018 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში გამოცხადდა მ------ ჩ-------ი, რომელსაც განემარტა მისი ყველა უფლება და მოხდა მისი ადგილზევე დაკავება, დაკავების დროს მას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია და გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს არასრულწლოვანი გ------- ჩ-------ი იყო საკმაოდ აღელვებული და ასევე ვიზუალურადაც თავის არეში ეტყობოდა დაზიანებები, ასევე, უჩიოდა თავის ტკივილს, როდესაც მისი გამოკითხვა დასრულდა ის შეუძლოდაც გახდა და საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც. განმარტავს, რომ ასევე, ი----- შ--–-----მაც განმარტა გამოკითხვის დროს, რომ მის შვილს დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ მ------ ჩ-------მა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ლია შ--–-----მა განმარტა, რომ ბრალდებული მ------ ჩ-------ი არის მისი სიძე, აღნიშნული ძალადობის ფაქტს თავად არ შესწრებია, მხოლოდ არასრუწლოვანმა დისშვილმა გ------- ჩ-------მა უთხრა, რომ ,,მამასთან კონფლიქტი მომივიდაო და პოლიციაში უნდა წამყვე ჩვენების მისაცემადო“ სხვა რაიმე დეტალის გახსენება არ შეუძლია.
საქმეში არსებული 2018 წლის 01 ივნისის #003730318 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,29.05.2018წ. 19:38-19:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- ჩ-------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა განმარტა, რომ პოლიციის მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მომართვის საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა კერძოდ, ამბოლატორიულად შეამოწმა არასრულწლოვანი გ------- ჩ-------ი. კითხვები იყო შემდეგი: აღენიშნებოდა, თუ არა გ------- ჩ-------ს დაზიანების კვლები, დაზიანების ხარისხი, ხანდაზმულობა და მისი წარმოშობის მიზეზი. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გ------- ჩ-------ს აღენიშნებოდა დაზიანებები, ეს დაზიანებები გამოწვეული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი ზედაპირის მოქმედების შედეგად, აღნიშნული დაზიანებების დრო არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. განმარტავს, რომ რაც შეეხება პირად გასინჯვას ტკივილს უჩიოდა მკერდის არეში და ასევე მარჯვენა ყურთან. განმარტავს, რომ ადასტურებს მის მეირ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულის შვილმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა გ------- ჩ-------მა და ბრალდებულის მეუღლემ მოწმე ი----- შ--–-----მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა მ------ ჩ-------მა განმარტა, რომ აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, არის ინვალიდი და აქვს სიმსივნე. აღნიშნულთან დაკავშირებით სჭირდებოდა თანხა, რაზედაც მოილაპარაკა მის მეუღლესთან და გადაწყვიტეს აეღოთ სესხი. განმარტავს, რომ სესხის გამოტანისას თავდებობა გაუწია მისმა მეუღლემ, 2018 წლის 25 მაისს, როდესაც სესხის გადახდის დღე მოვიდა, დაურეკა მის მეუღლეს და ჰკითხა თუ როდის შეიტანდა თანხას, მეუღლემ უპასუხა, რომ გადაიხდიდა ორშაბათ დღეს მანამდე საშუალება არ ჰქონდა. განმარტავს, რომ 2018 წლის 29 მაისს შეხვდა მის მეუღლეს ი----- შ--–-----ს დილის საათებში და საუბრობდნენ, თუ როდის და როგორ გადაეხადათ სესხის პროცენტი. ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს იდგა მისი შვილი გ------- ჩ-------ი, რომელსაც ჰკითხა, თუ რატომ არ იყო სკოლაში, რაზედაც ,,აგდებული“ პასუხი მიიღო ,,სკოლაში არა ისო, რას ელაპარაკები დედაჩემს და რაგინდა დედაჩემთანო“. განმარტავს, რომ ამის შემდეგ, უშვერი სიტყვებით მიმართა მისმა შვილმა გ------- ჩ-------მა და ფეხი ამოარტყა ორჯერ. განმარტავს, რომ მას მისი შვილისთვის რაიმე სახის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცყოფა არ მიუყენებია. აღნიშნულის შემდეგ წავიდა სახლში, სადაც დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და საღამოს დაახლოებით 6 საათზე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება და ასევე საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა მისი მეუღლის მიმართ. განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მ------ ჩ-------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #003730318 დასკვნაში მართალია მითითებულია, რომ გ------- ჩ-------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ მ------ ჩ-------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმე გ--------- შ--–-----ის ირიბი ჩვენებისა, რომლის თანახმადაც, მისი შვილიშვილი იყო ატირებული და ჩახუტებული ჰყავდა დედამისს, ასევე მათგან მოშორებით დაინახა მისი სიძე მ------ ჩ-------ი. განმარტავს, რომ როდესაც მის შვილიშვილს შეეკითხა, თუ რატომ ტიროდა ის, მან უპასუხა, რომ ,,მამიკომ გამლახაო“, თავად კი ამ ფაქტს არ შესწრებია. ამასთან საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებელმა ო----- ხ-----–---–მა დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავის ჩვენებებში განმარტა, რომ უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელი არ არის თვითმხილველი და არ შესწრებია ბრალდებულ მ------ ჩ-------ის მხრიდან მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ გ------- ჩ-------ს, მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“(საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, მ------ ჩ-------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 29 მაისს 09:20 საათზე, ქუთაისი ა---–-----------ის გამზირი #74-ში მდებარე ბინასთან განთავსებული გაჩერების მიმდინარე ტერიტორიაზე მ------ ჩ-------მა შვილს არასრულწლოვან - გ------- ჩ-------ს მუჭი დაარტყა სახის არეში, ასევე ჯოხი ჩაარტყა გულმკერდის და თავის არეში. რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------ ჩ-------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------ ჩ-------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ მ------ ჩ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ მ------ ჩ-------ის ბრალეულობაში, რის გამოც, მ------ ჩ-------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ჩ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ------ ჩ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ------ ჩ-------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ მ------ ჩ-------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე