გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.11.2018
საქმის ნომერი
330310018002725796
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7192-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პა-------------------–ო“

წარმომადგენლები - ზუ----------------ე, ლა–--–-------ე, გი--------–--–---–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - გი-------------------ი, კა----------–-–---–ი, მი----–-------–---ა

 

მესამე პირები - სა-–--------------–---–ი, გრ-----–---–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ზეპირი ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს - სა-–--------------–---–სა და გრ-----–---–--ეს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც აღინიშნა: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 3 518 877; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა - 1 647 878; ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა - 53 847; საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები: №1 მი----–-------ე - 1074 (0.07%); №2 და------------ე - 174849 (10.97%); №4 ვა--------------ა - 1958 (0.12%); №5 გრ-----–---–--ე - 601224 (37.74%); №10 შა-–---------–-–---–ი - 59651 (3.74%); №13 ზვ------------–---–ი - 713 (0.04%); №17 გი--------–--–---–---–ი - 892 (0.06%); №18 აკ------------ი - 1994 (0.13%); №21 კა---------ა - 21186 (1.33%); №22 ოთ--------------ა - 664 (0.04%); №23 ირ---–----------ე - 531 (0.03%); №25 და-------------–---–ი - 36037 (2.26%); №27 ზვ----------------ე - 477 (0.03%); №28 მი----–----–---–---–ი - 2970 (0.19%); №30 ზვ-------–---–ი - 444 (0.03%); №31 თა------–-----------–ი - 4004 (0.25%); №35 გე-–-----–-–---–ი - 1623 (0.10%); №36 ზუ---------------ე - 36034 (2.26%); №40 ლე----------ე - 2895 (0.18%); №48 სა-–--------------–---–ი - 615572 (38.64%); №49 ბე----------------–---–ი - 3713 (0.23%); №51 გი----------------ე - 13133 (0.82%); №58 კა--------------ე - 1418 (0.09%); №62 ვლ----------------–---–ი - 633 (0.04%); №65 თე----------–-–--–---–ი - 9481 (0.60%).

 

მითითებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიიღონ №5 გრ-----–---–--ემ და №48 სა-–--------------–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ.37-38).

 

4.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს №3------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №7------ სხდომის ოქმის ამონაწერი (ს.ფ.40-68);

- „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულება (ს.ფ.39).

 

4.3. 2018 წლის 14 ნოემბერს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პა-------------------–ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 ნოემბრის №1------- განკარგულების, „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის სა-–--------------–---–ის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს №5------ განკარგულებისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის სა-–--------------–---–ის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 სექტემბრის №9------ განკარგულების გაუქმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე №3--------) სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო სხდომა დაინიშნა 2018 წლის 15 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქმეზე №3-------- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება (ს.ფ.13-15).

 

4.4. სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, საქალაქო/რეგიონული სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მოძიებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პა-------------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილების თანახმად, სადავო რეგისტრაციებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს №5------ განკარგულებისა და 2018 წლის 9 სექტემბრის №9------ განკარგულების გასაჩივრება დაინტერესებულ პირებს სასამართლოში შეეძლოთ ამ განკარგულებების მიღებიდან 2 დღის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 12 ნოემბრის განკარგულებით მართლზომიერად დატოვა განუხილველად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პა-------------------–ოს“ თავმჯდომარის გი--------–--–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი და შესაბამისად, უსაფუძვლოა დასახელებული განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ისევე, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს №5------ განკარგულებისა და 2018 წლის 9 სექტემბრის №9------ განკარგულების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქმეზე №3-------- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 72-76);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ნოემბრის განჩინება (ს.ფ. 77-78).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

მოსარჩელე „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო საარჩევნო დავა და სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 15 ნოემბერს, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლი მე-5 პუნქტის შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი გამოეცა განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ. მითითებულ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, ცესკო განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ხოლო მითითებული საკანონმდებლო აქტის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ცესკოს ეკრძალება არჩევნების შედეგების შეჯამება ისეთი საარჩევნო დავების დასრულებამდე, როდესაც გასაჩივრებულია კენჭისყრის (არჩევნების) შედეგები, კერძოდ, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის (არჩევნების) შედეგების შემაჯამებელი ოქმები და არა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

მითითებულ მსჯელობის მართებულობას, სასამართლოს აზრით, ადასტურებს, ასევე, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს საარჩევნო დავების გასაჩივრების ვადასა და წესს. გასაჩივრების ვადა საარჩევნო კოდექსით ატარებს აღმკვეთ ხასიათს და გასაჩივრების ვადის დარღვევა, პირდაპირპროპორციულად აისახება პირის უფლებრივ საკითხზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი, ცალკეული მოქმედებები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, მისი კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს მყისიერ და დაუყოვნებელ რეაგირებას, სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნა, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით). უფრო მეტიც, ამავე კოდექსის საფუძველზე აქტის გასაჩივრების ვადა არ უკავშირდება მხარისათვის აქტის გადაცემის მომენტს, ისევე როგორც საჩივრისა თუ სარჩელის საფოსტო განყოფილებაში ჩაბარება არ იწვევს გასაჩივრების ვადის დენის შეჩერებას.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება: ა) ამომრჩეველთა რაოდენობა; ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები; ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა; ვ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები, ამავე საკანონმდებლო აქტის 104-ე მუხლი მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს.

 

ზემომითითებული საკანონმდებლო აქტის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს ნორმის სისტემატურ, ლოგიკურ ჭრილში წაკითხვას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლის ნება, მიზანი და განზრახულობა. სასამართლო მიუთითებს, რომ ცესკო ვალდებულია შეაჯამოს არჩევნების შედეგები საერთო სასამართლოების მიერ შესაბამისი საარჩევნო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მხოლოდ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებას, ხოლო მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 14 ნოემბერს წარდგენილ სასარჩელო განცხადებით დავის საგანს წარმოადგენდა არა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის (არჩევნების) შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, არამედ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის სა-–--------------–---–ის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 სექტემბრის №9------ განკარგულების ბათილად ცნობა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რაც გახდა საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა - დამატებით მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საარჩევნო კოდექსით იმპერატიულად დადგენილი ნორმების შესაბამისად გამოსცა „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულება.

 

სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულ შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაზე მითითებით ადგენს მხარეთა ვალდებულებას, დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრებები და სასამართლოს წარუდგინონ შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო მიუთითებს, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კუთხით კანონშეუსაბამობა, მიიჩნევა, რომ მან თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, რაც წარმოადგენს სარჩელის მოთხოვნის უარყოფისა და სადავო განკარგულების უცვლელად დატოვების საფუძველს.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მისი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პა-------------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პა-------------------–ოს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე