გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5143-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ვ-–--------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
წარმომადგენელი - ბ--------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, ვ-–--------ის სახელზე 2006 წელს გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2006 წლის 26 სექტემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ვ-–--------ის მიმართ, გაიცა დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო №------) მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოპერატიულ-საგამოძიებო ფაკულტეტის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ვ-–--------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2006 წლის 26 სექტემბრის დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო №------) - ს/ფ 14.
4.1.2. 2018 წლის 13 ივნისს ვ-–--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მასზე გაცემული S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ვ-–--------ის 2018 წლის 13 ივნისის განცხადება - ს/ფ 48-49.
4.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, ვ-–--------ეს უარი ეთქვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მასზე S------------ (სარეგისტრაციო №------) გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ცენტრმა მიიჩნია, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ვ-–--------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 15-19.
4.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების ჯგუფის შემქნის შესახებ №474 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების ჯგუფი სათათბირო ორგანოს ფორმით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა რეფორმების ჯგუფის შემადგენლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 31 დეკემბრის №474 ბრძანების ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმების ჯგუფის შექმნის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად და მსმენელთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბების მიზნით დასწრებული სწავლების სამართლებრივი ”ფსიქოლოგიის”, ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების” და ”ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობის” მსმენელები გადაყვანილ იქნენ დასწრებული სწავლების ”სამართალმცოდნეობის სპეციალობის” შესაბამის კურსზე განსხვავებული საგნების ჩაბარების პირობით სასწავლო განყოფილების მიერ დადგენილ ვადაში. ამავე ბრძანების საფუძველზე, დაუსწრებელი სწავლების ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა” და ”ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სპეციალობის” მსმენელები გადაყვანილ იქნენ დაუსწრებელი სწავლების ”სამართალმცოდნეობის სპეციალობის” შესაბამის კურსზე განსხვავებული საგნების ჩაბარების პირობით სასწავლო განყოფილების მიერ დადგენილ ვადებში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანება - ს/ფ 83-84.
4.1.5. დადგენილია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება - ს/ფ 15-19.
– მხარეთა ახსნა–განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, ვ-–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, ”საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი, ”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი” .
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ვ-–--------ეს უარი ეთქვა უმაღლესი განათლების S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.2. ”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2006 წლის 26 სექტემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ვ-–--------ის მიმართ, გაიცა დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო №------) მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოპერატიულ-საგამოძიებო ფაკულტეტის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ვ-–--------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივნისს ვ-–--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ მასზე გაცემული S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ-–--------ემ 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოპერატიულ-საგამოძიებო ფაკულტეტის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ-–--------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2006 წლის 26 სექტემბერსვ-–--------ის სახელზე გაიცა დიპლომი S------------ (სარეგისტრაციო №------).
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით ვ-–--------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწსებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ. ცენტრმა მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ვ-–--------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული S------------ (სარეგისტრაციო №------) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
საქმეზე დადგენილია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულების 2007 წლის 26 მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში - აკადემია) წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის ”ა“ პუნქტის თანახმად, ლიცენზია განიმარტება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შსს აკადემია იყო უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ამდენად, ის ფაქტი, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემია მოქმედებდა, როგორც კანონის საფუძველზე ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადავო არ არის.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად, და განმარტავს, რომ, ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან მის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე (2006წ.) გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2004 წლის 13 სექტემბრის N253 ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა შსს აკადემიის კურსანტთა და მსმენელთა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადასვლას (რეორგანიზაციას), 2004 წლიდან სსიპ საქართველოს შსს აკადემიამ შეწყვიტა უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა (კურსანტთა) მიღება. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას 2005-2006 სასწავლო წლებში არ მიუმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2005 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ ”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისად ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დაწყებისა. ამასთან, ამავე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს შსს აკადემიამ 2004 წლის სასწავლო წლიდან სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების შეწყვეტისა და რეფორმის განხორციელების ფაქტი, რომლითაც საქართველოს შსს აკადემიას აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შსს აკადემია ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო მიემართა სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით. მით უფრო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, ამ დაწესებულების მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამის აღიარებულად მიჩნევისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ პირთა მიერ სწავლის დასრულებისთვის, საკმარისი იყო მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამინისტროსთვის მიმართვა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემია 2005–2006 წლებში ხელმძღვანელობდა ზემოთ მითითებული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც მის მიერ ხსენებულ წლებში (2005–2006 სასწავლო წლებში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
7.3. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–--------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხეს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ვ-–--------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვ-–--------ის სახელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
3. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელე ვ-–--------ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 14(თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი