გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002536989
საქმე № 3/166-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: გ------- ბ----–----ი
წარმომადგენლები: ე-–--- ჩ--–----- და ნ---- ღ--------- - ვ---------------
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: შ------- ბ----–-–---–-
მესამე პირი: ბ--–- ჯ-----–---–ი
წარმომადგენელი: ე---------- მ--–-----–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის № 882017557087-38 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის № 269908 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე გ------- ბ----–----ის (პირ. № 5----------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალდებულება.
სარჩელის თანახმად, 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე მოხდა ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ის ოჯახის გაყოფა; ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად დარჩნენ მეუღლე - რ---------ი და შვილიშვილი - გ------- დ-----ის ძე ბ----–----ი, ხოლო მეორე კომლად გასული იქნა გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ი;
ვ--–---- და რ--------- ბ----–----ების გარდაცვალების შემდეგ მათი კომლის ბოლო წევრს წარმოადგენდა გ------- ბ----–----ი, რომელზეც გადავიდა კომლის საკუთრება, თუმცა საჯარო რეესტრმა არ ჩათვალა გაყრილობის განაჩენი უფლების დამდგენ დოკუმენტად, გ------- ბ----–----ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მოსთხოვა უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტი იმ მოტივით, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერებში გ------- ბ----–----ი ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად არ ფიქსირდება.
გ------- ბ----–----ს სიცოცხლეში ზრდიდა პაპა-ბებია - ვ--–---- და რ--------- ბ----–----ები და დღესაც იქ ცხოვრობს იგი; ვ--–---- სიცოცხლეშივე გამოხატავდა ნებას, რომ მისი მემკვიდრე გ------- უნდა ყოფილიყო და მისთვის უნდა დაეტოვებინა კუთვნილი ქონება.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხეებმა და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტულებას იღებს საკომლო წიგნის ჩანაწერების (ასევე სხვა დოკუმენტების) საფუძველზე; მართალია, გ------- ბ----–----ი მოხსენიებულია გაყრილობის განაჩენში, მაგრამ ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად იგი არ ფიქსირდება; ძველი კანონმდებლობით კომლების გაყრა და ქონების გაყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ კომლის წევრებს, ანუ კომლის ქონების თანამესაკუთრეთა შორის, გ------- ბ----–----ი კი არ იყო ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი.
სადავო ქონება აღრიცხული იყო ბ--–- ჯ-----–---–ის სახელზე, როგორც ვ--–---- ბ----–----ის კომლის ბოლო წევრზე, თუმცა რეგისტრაცია გაუქმდა და ბ--–- ჯ-----–---–ი აპირებს, კვლავ მიმართოს საჯარო რეესტრს ამ ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით, როგორც ვ--–---- და რ--------- ბ----–----ების მემკვიდრე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გორის რაიონის სოფელ ა---–----ის თემის საკრებულოს სოფელ ქ---------–--ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ--------- ბ----–----ი (ცოლი), დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ი (შვილი; გადახაზულია, გრაფაში ,,აღნიშვნა ოჯახის იმ წევრთა შესახებ, რომლებიც სრულად წავიდნენ მეურნეობიდან", დაფიქსირებულია ჩანაწერი: ამოწერილია 1983 წელს, ხოლო გრაფაში ,,შემდეგი ცვლილებები მუშაობაში" - 1985 წელს მუშაობს გორში ,,მალიერად"), გ--–- ვ--–----ს ძე და ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ები (შვილები).
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, და 1983-1985 წლებში ერიცხება 0,27 ჰა მიწის ფართობი;
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 13 ნოემბრის № 27/147556 და 2018 წლის 13 ნოემბრის № 27/147510 მიმართვები, საკომლო წიგნის ჩანაწერი.
3.2.2. 1992 წლის ა---–----ის თემის საკრებულოს გაყრილობის განაჩენებში დაცულია სოფელ ქ---------–--ში მცხოვრებ ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----სა და გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ს შორის 1992 წლის 12 იანვარს გაფორმებული გაყრილობის განაჩენი, რომლითაც პირველ ოჯახად გავიდა ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი (ოჯახის უფროსი), რ--------- ბ----–----ი (მეუღლე) და გ------- დ-----ის ძე ბ----–----ი (შვილიშვილი), ხოლო მეორე ოჯახად - გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ი (ოჯახის უფროსი), ი-------–----ი (მეუღლე), ნ--- და თ------ გ--–-ს ასული ბ----–----ები (შვილები); გაყრილობის განაჩენი დამტკიცებულია საკრებულოს დეპუტატების ხელმოწერით და ა---–----ის თემის საკრებულოს გამგებელის ხელმოწერით და ბეჭდით;
მტკიცებულება: 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენი, გორის არქივის 2018 წლის 13 ნოემბრის № 27/147510 მიმართვა.
3.2.3. გორის რაიონის სოფელ ა---–----ის თემის საკრებულოს სოფელ ქ---------–--ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ--------- ბ----–----ი (ცოლი) და ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ი (შვილი), ხოლო გ--–- ვ--–----ს ძე ბ----–----ი (შვილი), ი----- (რძალი), ნ--- (შვილიშვილი) და თ----- (შვილიშვილი) ბ----–----ები გადახაზული არიან მითითებით, გამოეყვნენ ოჯახს მე-2 ოჯახად 1992 წელს;
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, და 1986-1990 წლებში ერიცხება 0,27 ჰა მიწის ფართობი;
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 13 ნოემბრის № 27/147510 მიმართვა.
3.2.4. გორის რაიონის სოფელ ა---–----ის თემის საკრებულოს სოფელ ქ---------–--ის 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი (გარდაცვლილია; წელი არ ფიქსირდება); კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: რ--------- ბ----–----ი (ცოლი) და ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ი (შვილი; გათხოვდა სოფელ ფლავისმანში 1992 წელს);
კომლს პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა;
სოფელ ქ---------–--ის 1992-1998 წლების მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ის სახელზე ირიცხება 1,36,40 (ასეა დოკუმენტში) ჰა მიწის ფართობი.
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 13 ნოემბრის № 27/147510 მიმართვა.
3.2.5. 1986-1996, 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებში (მათ შორის კავშირგაწყვეტილ პირთა) მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა;
მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 13 ნოემბრის № 27/147556 მიმართვა.
3.2.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ------- ბ----–----ს (დაბ. 1986 წლის 30 აგვისტოს, პირ. № 5----------), როგორც არასრულწლოვანს, დაბადებიდან 1995 წლამდე რეგისტრაცია არ გაუვლია. მან 2008 წლის 9 იანვარს პირადობის მოწმობის აღების დროს რეგისტრაცია გაიარა მისამართის გარეშე, ფაქტობრივი მისამართით გორი, ქ---------–--ი.
მტკიცებულება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის № 58/351048 მიმართვა.
3.2.7. ვ--–---- ბ----–----ი გარდაიცვალა 2005 წლის 14 აპრილს, ხოლო რ--------- ბ----–----ი - 2010 წლის 29 ივლისს;
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობები.
3.2.8. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 18 დეკემბრის მიმართვის მიხედვით, გ------- ბ----–----ი ნამდვილად ცხოვრობს სოფელ ქ---------–--ში, ბებიისა და ბაბუის კარმიდამოზე 1986 წლიდან.
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 18 დეკემბრის № ბ-568 მიმართვა.
3.2.9. 2012 წლის 29 აგვისტოს ბ--–- ჯ-----–---–ის სახელზე (ქორწინებამდე ბ----–----ი) საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–--ში მდებარე 830 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 86,76 მ2 შენობა-ნაგებობები, რასაც საფუძვლად დაედო ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ის კომლის შესახებ 1986-2007 წლების ჩანაწერები, სადაც მისი კომლის წევრებად მოხსენიებული არიან რ--------- და ბ--–- ბ----–----ები.
მტკიცებულება: ბ--–- ბ----–----ის ქორწინების მოწმობა, გორის არქივის 2010 წლის 11 ოქტომბრის № AA2010017842-03 საარქივო ცნობა, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს № 882012548747-04 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.10. ბ--–- ჯ-----–---–ის სახელზე განხორციელებული მითითებული რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 მარტს.
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მარტის № 892018273992-03 გადაწყვეტილება.
3.2.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ------- ბ----–----ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც იგი ითხოვდა ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონების მის სახელზე რეგისტრაციას, შეწყდა იმ საფუძვლით, რომ 1992 წლის გაყრილობის განაჩენი არ ჩაითვალა ამ ქონებაზე მისი უფლების დამდგენ საკმარის დოკუმენტად: საკომლო წიგნის ჩანაწერებში იგი ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრად არ ფიქსირდებოდა, სხვა დოკუმენტი კი სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში გ------- ბ----–----ის მიერ წარდგენილი ვერ იქნა;
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებითაც.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის № 882017557087-38 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის № 269908 გადაწყვეტილებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ გ------- ბ----–----ი არ წარმოადგენდა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრს და მას, როგორც კომლის წევრს, არ გააჩნდა რაიმე უფლება ამ კომლის ქონებაზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის № 128 დადგენილება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, დავის არსებითად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, გ------- ბ----–----თან მიმართებაში არის თუ არა 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენი იმ სახის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლებას ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე.
დადგენილია და სადავო არაა, რომ ვ--–---- ბ----–----ის კომლი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიის საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელშიც 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. რ--------- ბ----–----ი (ცოლი) და 2. ბ--–- ვ--–----ს ასული ბ----–----ი (შვილი).
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1970 წელს, და 1986-1990 წლებში ერიცხება 0,27 ჰა მიწის ფართობი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი მახასიათებელი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით, ხოლო იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი.
როგორც აღინიშნა, ვ--–---- ბ----–----ის კომლი წარმოადგენდა არა საკოლმეურნეო, არამედ მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლს.
საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
კანონმდებლობით კომლის წევრთა საერთო ქონებად ჩაითვალა საკოლმეურნეო კომლის და არა მუშა-მოსამსახურის კომლის ქონება.
როგორც აღინიშნა, გ------- ბ----–----ი (ვ--–---- ბ----–----ის შვილის - დ----- ბ----–----ის შვილი) დაბადებულია 1986 წელს, და იგი, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, არასოდეს ყოფილა პაპის - ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი.
გ------- ბ----–----ის მამა - დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ი, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ამოეწერა ვ--–---- ბ----–----ის კომლიდან 1983 წელს და სრულად წავიდა მეურნეობიდან, 1985 წლიდან მუშაობს გორში მღებავად.
1986-1996, 1997-2007 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებში (მათ შორის კავშირგაწყვეტილ პირთა) მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში დ----- ვ--–----ს ძე ბ----–----ის კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა;
მისი შვილი - გ------- ბ----–----ი, როგორც აღინიშნა, დაიბადა 1986 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მისი მამა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი აღარ იყო.
თვით გ------- ბ----–----ს, როგორც არასრულწლოვანს, დაბადებიდან - 1986 წლიდან დღემდე რომელიმე მისამართზე რეგისტრაცია არ გაუვლია; მან 2008 წლის 9 იანვარს პირადობის მოწმობის აღების დროს რეგისტრაცია გაიარა მისამართის გარეშე, ფაქტობრივი მისამართით გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქ---------–--ი.
აქედან გამომდინარე, იმ საკითხის გარკვევას, ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე უნდა გავრცელდეს თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი, გ------- ბ----–----თან მიმართებაში მნიშვნელობა ეკარგება, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, იგი არასოდეს ყოფილა ვ--–---- ბ----–----ის მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლის წევრი და, ბუნებრივია, მას, როგორც კომლის წევრს, ამ ქონებაზე რაიმე სახის უფლება არ გააჩნია.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (მუხლი 127) ითვალისწინებდა საკოლმეურნეო კომლის გაყრას, რა დროსაც კომლის მთელი ქონება იყოფოდა ახლად შექმნილ კომლებს შორის მათი წევრების წილთა შესაბამისად და თითოეული კომლის სამეურნეო საჭიროების გათვალისწინებით; საკოლმეურნეო კომლის გაყრის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ კომლის სრულწლოვან წევრებს, რომლებიც კოლმეურნეობის წევრები იყვნენ.
1992 წლის 12 იანვარს შედგა გაყრილობის განაჩენი ვ--–---- ბ----–----ის მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლის წევრებს - ვ--–---- და გ--–- (შვილი) ბ----–----ებს შორის და მათ გაინაწილეს კომლის ქონება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ განაჩენში გ------- ბ----–----ის მოხსენიება ვ--–---- ბ----–----ის ოჯახის წევრად, არ ქმნის კომლის ქონებაზე მისი უფლების დადასტურების საკმარის საფუძველს, რადგან, როგორც აღინიშნა, იგი საერთოდ არ ყოფილა ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი;
შესაძლოა, გ------- ბ----–----ი იზრდებოდა პაპა-ბებიასთან და იმ კარმიდამოზე ცხოვრობდა, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ ნიშნავდა კომლის წევრობას; მას უნდა მიეღო მონაწილეობა კომლის საერთო ქონების წარმოებაში, საერთო საოჯახო მეურნეობაში და ა. შ.
სასამართლოს აზრით, გაყრილობის განაჩენში ვ--–---- ბ----–----ის ოჯახის წევრად გ------- ბ----–----ის მოხსენიება განპირობებული იყო პაპის კათილგანწყობილი დამოკიდებულებით შვილიშვილის მიმართ (მოსარჩელის მითითებით, ვ--–---- ბ----–----ი სიცოცხლეშივე გამოხატავდა ნებას, რომ მისი მემკვიდრე გ------- უნდა ყოფილიყო და მისთვის უნდა დაეტოვებინა კუთვნილი ქონება).
მიუხედავად ამისა, გაყრილობის განაჩენში გ------- ბ----–----ის ოჯახის წევრად მოხსენიება ვერ წარმოშობს მოსარჩელის - როგორც კომლის წევრის - კომლის ქონებაზე მესაკუთრულ უფლებას, რადგან იგი არ იყო ამ კომლის წევრი და თანასაკუთრების უფლება მის ქონებაზე არ გააჩნდა.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის № 128 დადგენილების მე-2 პუნქტით დადგინდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემის განხორციელება 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები კი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ.
ამდენად, მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითაც მიწა საკუთრებაში გადაეცემოდათ რეგისტრირებულ კომლებსა და მის წევრებს, გ------- ბ----–----ი კი ვ--–---- ბ----–----ის კომლის წევრი არასოდეს ყოფილა.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანებით) მე-11 მუხლის 1-ლი და მე-4 ქვეპუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი).
მითითებული ბრძანების მე-11 მუხლი არ აკეთებს განსხვავებას ,,კომლის” ცნებაში, კერძოდ რომელი კომლები მოიაზრება ამ სიტყვაში - საკოლმეურნეო, მუშა-მოსამსახურის თუ საადგილმამულო კომლი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
ვ--–---- ბ----–----ის კომლიდან 1983 წელს ამოეწერა გ------- ბ----–----ის მამის - დ----- ბ----–----ის ოჯახი, 1992 წლიდან გამოეყო გ--–- ბ----–----ის ოჯახი, იმავე წელს გათხოვდა ბ--–- ბ----–----ი, და კომლის წევრებად, 1993 წლის საკომლო წიგნის ჩანაწერებით, დარჩნენ ვ--–---- დ-----ის ძე ბ----–----ი (კომლის უფროსი) და რ--------- ბ----–----ი (ცოლი).
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენი გ------- ბ----–----თან მიმართებაში არ წარმოადგენს უფლების დამდგენ იმგვარი სახის დოკუმენტს, რაც უტყუარად დაადასტურებდა მისი, როგორც კომლის წევრის საკუთრების უფლებას ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე.
გაყრილობის განაჩენით ხდებოდა კომლის საერთო წილადი საკუთრებიდან წილის გაყოფა, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ საერთო საკუთრების მონაწილეებს შორის (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი).
გ------- ბ----–----ი კი არ იყო ვ--–---- ბ----–----ის კომლის საერთო საკუთრების მონაწილე და არც მისი კომლის წევრი.
ამ გაყრილობის განაჩენით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ გამოხატულა ვ--–---- ბ----–----ი კომლის წევრთა ნება, გ------- ბ----–----ი გამხდარიყო მათი კომლის სრულფასოვანი წევრი, მიეღო მონაწილეობა კომლის საერთო ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებაში, და შესაბამისად, გამხდარიყო ამ ქონების საკუთრებაზე კომლის წევრი უფლებამოსილი პირი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან გ------- ბ----–----თან მიმართებაში სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას; შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1.1. გ------- ბ----–----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 ივნისის № 882017557087-38 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
1.2. გ------- ბ----–----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის № 269908 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
1.3. გ------- ბ----–----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ 1992 წლის 12 იანვრის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე ვ--–---- ბ----–----ის კომლის ქონებაზე გ------- ბ----–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი