განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–---ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------ მ-----–ის ძე ს--–------ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------ში
ადვოკატი - თ-------------–---
თარჯიმნები - ხ-----------------------------–-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 2018 წლის თებერვლის თვეში, გ------ ს--–------ი მივიდა ქ.თბილისში, გლდანი-ნ----–------------------------------------------------------ ბინის კარებთან და ითხოვდა ბინაში შესვლას. გ------ ს--–------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და ხელში ეჭირა დანა, რაც ზ--- მ---------ამ კარის სათვალურიდან დაინახა. გ------ ს--–------ი კარებს ურტყამდა წიხლებს და ემუქრებოდა ბინაში მყოფ მეუღლის დედას - ზ--- მ---------ას, რომ მოკლავდა, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ------ ს--–------ის ქმედებით, ზ--- მ---------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
1.2 2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, გლდანში, ხ---------------------ში განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ არსებულ სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ გარე პერიმეტრზე გ------ ს--–------მა შვილს - ო----- მ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში მთელი ძალით დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, გლდანში, ხ---------------------ში განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ არსებულ სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ გარე პერიმეტრზე გ------ ს--–------მა შვილს - ო----- მ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ო----- მ---------ის ჩვენებით, არის ბრალდებულის შვილი. სახლში ცხოვრობს დედასთან - ლ---- მ---------ასთან, ბებიასთან - ზ--- მ---------ასთან და ძმასთან ერთად. დაზარალებულის განმარტებით, მის მშობლებს ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ ბრალდებულის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, რა დროსაც გ----–------ი აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- მ---------ამ საჩივრით მიმართა პოლიციას ბრალდებულის წინააღმდეგ, რამაც გ----–------ი გააღიზიანა, შვილი კი მამას მოუწოდებდა, აღარ ეცადა მეუღლესთან შერიგება.
დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 19 თებერვალს, ნასვამ მგომარეობაში მყოფმა გ----–------მა მას სამსახურში მიაკითხა და გარეთ გამოიყვანა სასაუბროდ. გ----–------ი შვილისგან მოითხოვდა პასუხს ლ---- მ---------ას მიერ პოლიციისადმი მიმართვის გამო, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი. ო-----------მა თვითონაც გაარტყა ხელი მამას, თუმცა კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა.
დაზარალებულის ჩვენებით, დედისა და ბებიისაგან გადმოცემით იცის, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------ ს--–------ი მივიდა ზ--- მ---------ასთან სახლში, დაკეტილ რკინის კარზე 15-20 წუთის განმავლობაში აბრახუნებდა და დანით ხელში ემუქრებოდა მეუღლის დედას სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ლ---- მ---------ას ჩვენებით, გ------ ს--–------ი მისი მეუღლეა. თანაცხოვრებისას ხშირი იყო მეუღლეებს შორის კონფლიქტები და ბრალდებულის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ბოლო კონფლიქტი გახდა საფუძველი იმისა, რომ გ------ ს--–------ს სახლი დაატოვებინეს და რამდენიმე თვე აღარ გამოჩენილა.
მოწმის განმარტებით, 2018 წლის 16 თებერვალს (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), ტელეფონით შეატყობინა დედამ ზ--- მ---------ამ, რომ მათთან სახლში მისული იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------ ს--–------ი, კარზე აბრახუნებდა და რაღაც საგნით კაწრავდა, ამასთანავე ემუქრებოდა მეუღლის დედას სიცოცხლის მოსპობით, თუკი კარს არ გააღებდა. ასაკოვანი ქალბატონი ძალიან შეშინებული იყო და შვილს სახლში მისვლა სთხოვა. მისივე განმარტებით, ბრალდებულს ბინიდან დაუძახა, რომ საპატრულო პოლიციას გამოიძახებდა, თუკი არ წავიდოდა, აღნიშნულის გაგონებაზე გ----–------მა დატოვა შემთხვევის ადგილი.
მოწმის ჩვენებით, აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში, გ------ ს--–------მა სამსახურში მიაკითხა შვილს ო----- მ---------ს, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში. მომხდარის თაობაზე ინფორმაციას ფლობს შვილისაგან.
დაზარალებულ ზ--- მ---------ას ჩვენებით, ბრალდებული არის ყოფილი სიძე, მისი შვილის ლ---- მ---------ას ქმარი. მეუღლესთან კონფლიქტების გამო გ------ ს--–------ი წავიდა სახლიდან და რამდენიმე თვე აღარ დაბრუნებულა. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის თებერვლის თვეში, ნასვამი გ------ ს--–------ი მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში გლდანში, ფეხით აბრახუნებდა კარზე და ითხოვდა კარის გაღებას. დაზარალებულის ჩვენებით, გ------ ს--–------ი მას დაემუქრა, რომ თუკი ბინაში არ შეუშვებდა, კარს შეამტვრევდა და მოკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუქარა რეალურად აღიქვა, კარი მაინც არ გააღო ზ--- მ---------ამ და გააფრთხილა ბრალდებული, რომ თუკი არ წავიდოდა, საპატრულო პოლიციას გამოიძახებდა. აღნიშნულის გაგონებაზე, ბრალდებული 2 წუთით გაჩერდა და წავიდა. დაზარალებულის განმარტებით, მას გ------ის ხელში დანა არ დაუნახავს. ბრალდებულის წასვლის შემდეგ კარი დაკაწრული დახვდა და ივარაუდა, რომ გ------ის ქმედებით იყო გამოწვეული, თუმცა დანით, ლურსმნით თუ სხვა რაიმე საგნით, არ იცის.
დაზარალებულის განმარტებით, მისთვის ასევე ცნობილია, რომ ნასვამმა ბრალდებულმა სამსახურში მიაკითხა შვილს, ო----- მ---------ს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახეში.
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს 16:10 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------ მ-----–ის ძე ს--–------ი (გამომძიებელი უ-------–---–ი).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმის ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება გ------ ს--–------ის მიერ შვილის - ო----- მ---------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც დაზარალებულ ო-----------ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ შვილს სახეში ნამდვილად დაარტყა ხელი, თუმცა განმარტა, რომ ეს არ იყო ძლიერი დარტყმა და დაზარალებულს ტკივილს ვერ მიაყენებდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის აღნიშნულ განმარტებას, ვინაიდან განცდილი ფიზიკური ტკივილის თაობაზე ობიექტურ კრიტერიუმთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის სუბიექტურ აღქმას, რომელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მამის მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ მას ტკივილი მიაყენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გ------ ს--–------ის სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ------ ს--–------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
- სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები: ო----- მ---------ი და ლ---- მ---------ა არ არიან ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის თვითმხილველი მოწმეები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ ზ--- მ---------ასაგან.
- დაზარალებულ ზ--- მ---------ას ჩვენებით, არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------ ს--–------ი დანით ხელში ემუქრებოდა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ზ--- მ---------ამ კატეგორიულად განმარტა, რომ მას ბრალდებულის ხელში არათუ დანა, არამედ თავად გ----–------იც არ დაუნახავს, ვინაიდან მისი სიმაღლის გათვალისწინებით, კარის სათვალურიდან გახედვას ვერ ახერხებს.
- დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ------ ს--–------თან მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და კონკრეტულ დღემდე, ბრალდებულის მხრიდან მუქარას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
- დაზარალებულის პირველივე გაფრთხილებაზე, რომ გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას, თუკი არ წავიდოდა, გ------ ს--–------მა დატოვა შემთხვევის ადგილი.
- დაზარალებულის განმარტებით, გ------ ს--–------მა მის მიმართ მუქარა განახორციელა ჩაკეტილ რკინის კარს მიღმა.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, წარსულში ანალოგიური კონფლიქტური სიტუაციების არარსებობის პირობებში, ჩაკეტილ რკინის კარს მიღმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი განხორციელდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, არ შეიძლება მიჩნეული იქნა რეალურად მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა, ვინაიდან მუქარის რეალურობის შეფასებისას, სასამართლო გარდა სუბიექტური კრიტერიუმისა, მხედველობაში იღებს ობიექტურ კრიტერიუმსაც.
ამდენად, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------ ს--–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც გ------ ს--–------ი ხსენებულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ ს--–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 გ------ ს--–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.
5.2 გ------ ს--–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება გ------ ს--–------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის პირობებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------ ს--–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ------ ს--–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ------ ს--–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია