გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002543505
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4432-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - დ-------------ე

წარმომადგენელი - დ--------------ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ-------------ის 2018 წლის 12 ივნისის განცხადების განხილვის შედეგად (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 116)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2007 წლის 31 ივლისს შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ დ-------------ის სახელზე გაიცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N--) მასზედ, რომ შპს კ---------------------------–-----------------ის იურიდიული ფაკულტეტის 26.06.2007 წლის გადაწყვეტილებით დ-------------ეს, დაბადებულს 02.05.1976 წელს, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N--) (ს.ფ. 84).

 

3.1.2. 2017 წლის 29 მაისს დ-------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.05.2017წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 79-85).

 

3.1.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 ივნისის MES 8------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს უარი ეთქვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ შპს კ--------------------------–----------------ს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. ამავე დროს, იგი არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობდა 2005- 2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 ივნისის MES 8------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-99).

 

3.1.4. 2018 წლის 5 მარტს დ-------------ემ განმეორებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება, თუმცა განმცხადებლის მიერ ცენტრში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ახალი დოკუმენტი ან მტკიცებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.03.2018წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 46-53).

 

3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 მარტის MES 7------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს განემარტა, რომ 2018 წლის 5 მარტის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ ცვლიდა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 მარტის MES 7------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-54).

 

3.1.6. 2018 წლის 12 ივნისს დ-------------ემ კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება, თუმცა განმცხადებლის მიერ არც ამჯერად ყოფილა ცენტრში წარდგენილი რაიმე ახალი დოკუმენტი ან მტკიცებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.06.2018წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 56-63).

 

3.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს განემარტა, რომ 2018 წლის 12 ივნისის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია, არ ცვლიდა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 64-65).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე დ-------------ის მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ზემომითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). მე–2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის აქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. მე–6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ხოლო მე–7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გადაწყვეტილებას, რომლითაც დ-------------ის განცხადება შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

 

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს დ-------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 ივნისის MES 8------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს უარი ეთქვა შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო N--) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

2018 წლის 5 მარტს მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, შპს კ---------------------------–-----------------ის მიერ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე, თუმცა განმცხადებლის მიერ ცენტრში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 მარტის MES 7------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

 

2018 წლის 12 ივნისს დ-------------ემ კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება, განმცხადებლის მიერ ცენტრში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ახალი დოკუმენტი ან მტკიცებულება. შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისს MES 9------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს განემარტა, რომ 2018 წლის 12 ივნისის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია, არ ცვლიდა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად.

 

ამდენად, დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისის განცხადებით დ-------------ეს ცენტრში არ წარუდგენია ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტი, რაც დადასტურებული იქნა თავად მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზეც. ამასთან, არც ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლაზე ყოფილა განმცხადებლის მიერ მითითება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დ-------------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის MES 9------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, დ-------------ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე