განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/159-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–ი შვა-------ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------- ხ----–--–-ვა.
მამის სახელი: ბ----.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ხ----------------------–-------–----.
ადვოკატი - ირ---–ი შე----–-ა.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. თ-------- ხ----–--–-ვა ხონის რაიონის სოფელ ძე---–---ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატურად ძალადობდა ორსულ მეუღლეზე ც---- წ----------ეზე, აყენებდა რა მას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 1- ივნისს მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას, დაახლოებით 19:00 საათზე, 14 ივნისს დაახლოებით 1:00 საათზე და 17:00 საათზე, ასევე 15 ივნისს დაახლოებით 07:30 საათზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმის გზით ცემა, ასევე მხრების და ხელების მტევნების არეში ხელების ძლიერად მოჭერის გზით იძალადა ც---- წ----------ეზე, თ-------- ხ----–--–-ვას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის შედეგად ც---- წ----------ემ განიცადა ფიზიკური და ფსიქიური ტანჯვა, ასევე მიიღო სხეულის დაზიანება მრავლობითი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმეებმა ც---- წ----------ემ და მზია ხ----–--–-ვამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - თ-------- ხ----–--–-ვას მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შო--ა თა-----ემ განმარტა, რომ დასკვნა გასცა სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებისა ც. წ----------ის პირადი გასინჯვის შედეგების მიხედვით და სრულად დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 22 ივნისს გაცემული N004273318 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც ც---- წ----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს (1-.06.2018; 14.06.2018 და 15.06.2018) და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად.
სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 29–32).
2.3. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად და ორივე მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად დაზარალებული ც. წ----------ისა და მოწმე ზ. ხ----–--–-ვას მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მათ შორის დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, შეტყობინება N1412156, 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურიდან ამოღებული DVD-R დისკის დათვალიერების ოქმის (ც. წ----------ის მიერ 2018 წლის 15 ივნისს 112-ში განხორციელებული სატელეფონო საუბრის შინაარსი), 2018 წლის 4 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N160/ფ დასკვნის, 2018 წლის 18 ივლისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N004975018 დასკვნის, ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან გამო--ხოვილი სამედიცინო დოკუმენტაცია და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულის მხრიდან ც---- წ----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დასჯადია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
2.6. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
2.7. საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიხედვით ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ასეთი ქმედებისათვის განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
2.8. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით კი სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.
2.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან გამოკვლევის გარეშე მიიჩნევა მტკიცებულებად. შესაბამისად საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.1-. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
2.11. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.12. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
2.13. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი, ურთიერთ შეთანხმებული მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ უნდა ბადებდეს რაიმე გონივრულ ეჭვს პირის ბრალეულობასთან მიმართებაში.
2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ც. წ----------ის და მოწმე ზ. ხ----–--–-ვას მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია მნიშვნელოვანი ყოფილიყო ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით, თუმცა მათ მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, სხვა - გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების არსებობის პირობებში გავლენას ვერ მოახდენს თ. ხ----–--–-ვას ბრალეულობის თაობაზე სასამართლოს დასკვნაზე.
2.15. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებას, რომელშიც უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.
2.16. ზემოაღნიშნული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ-------- ხ----–--–-ვას მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ, ფიზიკური ძალის გამოყენებით ც---- წ----------ის მიმართ განახორციელა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
3. სამართლებრივი შეფასება :
3.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ-------- ხ----–--–-ვამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თ-------- ხ----–--–-ვას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
4.2. თ-------- ხ----–--–-ვას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
5.2 სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
5.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.6. საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ო--ხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.
5.7. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------- ხ----–--–-ვას უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ-------- ხ----–--–-ვას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
6.1. სისხლის სამართლის საქმეზე დართული სამი ცალი CD დისკი უნდა დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ-------- ხ----–--–-ვა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
თ-------- ხ----–--–-ვას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 15 ივნისიდან.
თ-------- ხ----–--–-ვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.
სამი ცალი CD დისკი, რაც მო--ავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მეშველიანი