გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2018
საქმის ნომერი
140310118002701149
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002701149

საქმე № 3/302-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: გ------- ც-----

 

მოპასუხე: ბ----- ა–--------–---–ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ბ----- ა–--------–---–ი (პირ. № 5----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; პირადი პატაკის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც მისი პოზიცია ამ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ბ----- ა–--------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან;

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 სექტემბრის ბრძანება № MOD 2 16 00005899.

 

3.2.2. ბ----- ა–--------–---–ს 2016 წლის 19 სექტემბრიდან გაუფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ";

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ----- ა–--------–---–ს შორის გაფორმებული, 2016 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული კონტრაქტი № 4740/16.

 

3.2.3. კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მეორე ეტაპის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი; ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

იმავე მუხლის 7.4.1 და 7.4.3. ქვეპუნქტების მიხედვით, 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1., 9.1.4., 9.1.5., 9.1.7. და 9.3.1., 9.3.2. და 9.3.3. პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას;

 

კონტრაქტის 9.1.7. და 9.3.3. პუნქტების თანახმად, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); მხარეთა შეთანხმებით, ,,სამხედრო მოსამსახურის" დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად ითვლება ,,სამხედრო მოსამსახურის" სურვილით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული იმ მიზეზებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს ,,სამხედრო მოსამსახურის" ვადამდე დათხოვნას მხარეთა შეთანხმებით.

 

მტკიცებულება: კონტრაქტი.

 

3.2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით ბ----- ა–--------–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) რეკრუტის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-5 ქვეითი ბრიგადის საცეცხლე ჯგუფის მეთაურად (საშტატო კატეგორია ,,კაპრალი");

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება № MOD 2 16 00007374.

 

3.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით ბ----- ა–--------–---–ი გათავისუფლდა მე-5 ქვეითი ბრიგადის საცეცხლე ჯგუფის მეთაურის თანამდებობიდან და დაინიშნა მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ (საშტატო კატეგორია ,,I კლასის რიგითი");

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის ბრძანება № MOD 5 16 00007999.

 

3.2.6. ბ----- ა–--------–---–მა 2018 წლის 19 აგვისტოს პატაკით მიმართა 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს; ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმაა;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 19 აგვისტოს პატაკი № MOD 9 18 00027126.

 

3.2.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) ბ----- ა–--------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 21 აგვისტოს ბრძანება № MOD 6 17 000005004.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის № 683 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა ბ----- ა–--------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ ბ----- ა–--------–---–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს.

 

ბ----- ა–--------–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ბ----- ა–--------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას).

 

ბ----- ა–--------–---–თან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;

 

ამ პუნქტის მიხედვით, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); ბ----- ა–--------–---–ი კი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა პირადი პატაკის საფუძველზე, რომლის შინაარსიც პირდაპირ მიუთიტებს იმაზე, რომ 9.1.7. პუნქტით განსაზღვრულ არც ერთ შემთხვევას მასთან მიმართებაში ადგილი არ ქონია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

აღსანიშნავია, რომ ბ----- ა–--------–---–ს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს - მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

ამავე დროს, მისი პატაკის მიხედვით, ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც ბ----- ა–--------–---–თან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანკლებ 50 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ბ----- ა–--------–---–ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას "BMW 523", სახელმწიფო სანომრე ნიშნით J-------.

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ბ----- ა–--------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 2016 წლის 19 სექტემბრის № 4740/16 კონტრაქტით გათვალისწინებული 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

3. ბ----- ა–--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ბ----- ა–--------–---–ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას "BMW 523", სახელმწიფო სანომრე ნიშნით J-------, დარჩეს ძალაში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი