განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
330100118002610647
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ---- პ------ ძე ჭ----------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 7------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- დ-----------------------------------------–-- ქუჩა #1--- ბლოკი ,----, ბინა #4-–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2016 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ---- ჭ----------ემ მეუღლეს ს------- კ------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე ფეხსაცმელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო შემდეგ ძალით დააგდო ძირს და თავი დაარტყმევინა იატაკზე. ძალადობის შედეგად ს------- კ------–--ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა კ---- ჭ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ს------- კ------–--ის და მოწმეების - გ------- დ----------–---–------------------------------–-----–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ---- ჭ----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს, ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ, უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ---- ჭ----------ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ს------- კ------–--ეს ორივე მხრის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა ბარძაყის, მარცხენა მუხლის სახსრის და ორივე წვივის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში - ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებანი განივითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 5 აგვისტოს. შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2016 წლის 5 აგვისტოს, მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

3.3 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი.

 

3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა კ---- ჭ----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ---- ჭ----------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ხერხი - მრავალჯერადი დარტყმები სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის დამძიმების კუთხით ძალადობის ხერხს, მრავალჯერად დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში.

 

5.3.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს - კ. ჭ----------ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა 2016 წლის 5 აგვისტოს, მას შემდგომ, დროის ხანგრძლივ პერიოდში როგორც საქმის მასალებით ირკვევა და პროკურორმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, კ. ჭ----------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობის განმეორების ფაქტს. ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები და უარი განაცხადა მათ გამოკვლევაზე, რითაც მაქსიმალურად დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი.

 

5.4.ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით კ---- ჭ----------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.5.როგორც ზემოთ აღინიშნა შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არის აუცილებელი კ---- ჭ----------ის იზოლაცია საზოგადოებისაგან, თუმცა კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან კ---- ჭ----------ე ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ---- ჭ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა