განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორის – გ-------– ნ-–------ის
ბრალდებულის – ვ-–- რ------ის
ადვოკატის – გ------- ს----–--ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ვ-–- მ------ს ძე რ------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-----------------------–--–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------–---------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–- რ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ვ-–- რ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 18 აპრილამდე დროის პერიოდში ვ-–- რ------ე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს - ფ-----------------------ს და ამავდროულად ფიზიკურად ძალადობდა მასზე. 2018 წლის 14 და 18 აპრილს, ქ. თბილისში, ყ---–-------------------------ში ვ-–- რ------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ფ-----------------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. ვ-–- რ------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ვ-–- რ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მართალია მასსა და მის მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ უთანხმოებას, მაგრამ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვ-–- რ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ფ-----------------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ვ-–- რ------ესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ქ. თბილისში, ყ---–-------------------------ში მდებარე მის მიერ (დაზარალებულის) ნაქირავებ ბინაში. ქორწინების პირველივე დღეებიდან, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ვ-–- რ------ის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჰქონდა ადგილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მათ შორის სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის დარტყმებს, სახის არეში მუშტის დარტყმას და ხელის ყელში წაჭერას. ასევე, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვას. დაზარალებულის განმარტებით, სამედიცინო დასკვნაში მითითებული დაზიანებები მან მიიღო ვ-–- რ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ვ-–- რ------ის მიმართ არანაირი პრეტენზია უკვე აღარ გააჩნია, მისი მხრიდან არავითარ საფრთხეს არ გრძნობს, სურვილი აქვს შეურიგდეს მას და გააგრძელოს მასთან თანაცხოვრება, რის გამოც ითხოვს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
დაზარალებულ ფ-----------------------ის ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს მოქალაქე ფ-----------------------ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები დაახლოებით 4-6 დღისაა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 18 აპრილს, ასევე 2018 წლის 14 აპრილს და ბოლო ფაქტამდე /18 აპრილი/ დაახლოებით სამი კვირით ადრე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომელი - მოწმე ბ--- ვ---–---ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 23 აპრილს, მონაწილეობა მიიღო მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ ვ-–- რ------ის დაკავებაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, რაც ბრალდებულმა დაადასტურა ხელმოწერით. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომელი - მოწმე ზ----- ფ------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 23 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის მოქალაქე ფ-----------------------ის მიმართ ძალადობის ჩამდენი ვ-–- რ------ე იმყოფებოდა ქ-------–--–-------------------–---------------------------ში დედასთან ერთად. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელს - ნ-----–---- ს--–----ეს.
სასამართლოს დასკვნა ვ-–- რ------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა განხილული მტკიცებულებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ქორწინების მოწმობას, რეაგირების ოქმს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც დამაჯერებლად ადასტურებენ ვ-–- რ------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელებას, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია და ვ-–- რ------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა აგოს პასუხი.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ვ-–- რ------ე მართლაც ძალადობდა მეუღლეზე და აქედან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ადვოკატის პოზიცია, თითქოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები დაზარალებულმა მიიღო არა ვ-–- რ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, არამედ ცხენიდან ჩამოვარდნის დროს, ასევე არ გაიზიარა ბრალდებულის პოზიცია დაზარალებულის მიერ თვითდაზიანების მიყენების თაობაზე, რამდენადაც დაზარალებულმა დეტალურად და თანმიმდევრულად ისაუბრა, როგორც ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე, ასევე ვ-–- რ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე. მან მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისაგან აღნიშნული დაზიანებების არეალი და განმარტა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები მიიღო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მეუღლის - ვ-–- რ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, რაც სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ დაზიანებების ხანდაზმულობასთან. ასევე მან უარყო თვითდაზიანების მიყენების ვერსია და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია, შესაბამისად, სასამართლოს არა აქვს რაიმე საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს დაზარალებულის ჩვენების ნამდვილობა, რადგან საქმის მასალებით არ იკვეთება მისი ინტერესი ბრალდებულის უსაფუძვლო მხილებაში, პირიქით, იგი დაინტერესებულია ბრალდებულის დროული გათავისუფლებით, რათა ისევ ერთად გააგრძელონ თანაცხოვრება. შესაბამისად, არ არსებობს მისი ჩვენების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებისა და დაცვის მხარის ვერსიის გაზიარების საფუძველი, რადგან ბრალდებულისა და მისი ადვოკატის მიერ განვითარებული განსხვავებული ვერსიები დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს სინამდვილის დაფარვას და ამ გზით ბრალდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ვ-–- რ------ის მიერ ჩადენილი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს სასჯელთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე ან პირობითი მსჯავრის დანიშვნაზე, ვინაიდან მოცემული კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ ავლენს რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, იგი ცდილობს არ გამოვლინდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ამით თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.
სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც ძალადობის ხასიათს, ისე ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რაც მისი რესოციალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი და ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იქნებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთის მხრივ, ძალადობის ხასიათს, მეორეს მხრივ, ბრალდებულის პიროვნებას, რომელიც არ არის ნასამართლევი, ასევე დაზარალებულის პოზიციას მისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, კერძოდ, დაზარალებულის თქმით, ბრალდებულის მხრიდან იგი აღარ ელის რაიმე საფრთხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 10 თვით თავისუფლების აღკვეთა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–- რ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ვ-–- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 აპრილიდან.
3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვის ფილის ნატეხი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–-----------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი