გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/21440-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შპს ა---------------
წარმომადგენელი - ბ-----------–-ია
მოპასუხე - შპს ტ------
წარმომადგენელი - დ------------–---–ი
დავის საგანი - სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ტ------“-სს მოსარჩელე შპს „ა---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 15 000 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 000 აშშ დოლარი).
(მტკიცებულება: 14.08.2017 წლის სარჩელი, 15.10.2018 წლის მთავარი სხდომის ოქმი).
სარჩელი მოსარჩელემ დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
2013 წლის 04 დეკემბერს შპს „ა---------------“-სსა და მოპასუხე შპს „ტ------“-სს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (#0-------), რომლის თანახმად, მოსარჩელემ შპს „ტ------“-სს ასესხა 10 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით თვეშ 5%-ის დარიცხვით. სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 04 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა: დაფ. C--------, სახელმწიფო ნომერი: #Y-----, გამოშვების წელი 2001.
2014 წლის 12 იანვარს მოპასუხემ, 2013 წლის 04 დეკემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (#0-------) გამომდინარე მოსარჩელეს დაუბრუნა სესხის თანხის ნაწილი 8000 აშშ დოლარის ოდენობით. 2014 წლის 04 ივნისამდე მოპასუხემ ეტაპობრივად დაფარა კიდევ 1500 აშშ დოლარი.
2014 წლის 04 ივნისს შპს „ტ------“-მა კვლავ ისესხა შპს „ა---------------“-ისაგან 9 500 აშშ დოლარი და იმ მომენტისათვის სესხის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 04 სექტემბერი. შეთანხმების თანახმად მსესხებელი თუ დათქმულ დროში არ დააბრუნებდა სესხის თანხას, სესხის ძირითად თანხას დაერიცხებოდა 5% სესხის სრულ დაბრუნებამდე. 2015 წლის 31 იანვარს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად საპროცენტო სარგებლის ოდენობა თვიური 5%-ის ნაცვლად გახდა 4% და დაემატა ერთი პირობა, თუ მსესხებელი ერთ თვეზე მეტ ხანს გადააცილებს გამსესხებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულების შესრულებას მას ჯარიმის სახით დაეკისრება 100 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტომანქანის (მოდელი: დაფ. C--------, სახელმწიფო ნომერი: #Y-----, გამოშების წელი 2001) ღირებულებამ შეადგონა 12 000 ლარი (იმ დროისთვის 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი). მოსარჩელემ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო საკუთრებაში, ვინაიდამ მისი რეალიზაცია შეფასებულ თანხად ვერ მოხერხდა. დღეის მდომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 10 500 აშშ დოლარს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების გავალისწინებით (სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 000 აშშ დოლარი). მოსარჩელემ უარი განაცხადა ჯარიმის 2500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე შპს „ტ------“-მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა მოსარჩელე შპს „ა---------------“-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, თითქოს იძულებული იყო საკუთრებაში მიეღო ავტომობილი არ შეესაბამდება რეალობას, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2.5. მე-12 და მე-13 მუხლები მოსარჩელეს უფლებას აძლევდა მოეხდინა ავტომობილის რეალიზაცია, მათ მაინც ამჯობინეს ავტომობილის საკუთრებაში მიღება, რაც უდაოდ იყო მათი უფლება. მოსარჩელს რომ გაეყიდა ქონება და ამოღებული თანხა არ ყოფილიყო საკმარისი, მაშინ დარჩებოდა მოთხოვნის უფლება სხვაობაზე ხელშეკრულების 5.3 პუნქტიდან და სსკ-ს 276-ე II მუხლიდან გამომდინარე, თუმცა მათ საკუთრებაში მიიღეს ქონება, რითაც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება.
(მტკიცებულება: 14.08.2017 წლის შესაგებელი; 15.10.2018 წლის მთავარი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 04 დეკემბერს შპს „ა---------------“-სსა და მოპასუხე შპს „ტ------“-სს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (#0-------), მოსარჩელემ შპს „ტ------“-სს ასესხა 10 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით თვეშ 5%-ის დარიცხვით. სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 04 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა: მოდელი: დაფ. C--------, სახელმწიფო ნომერი: #Y-----, გამოშვების წელი 2001.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.12.2013 წლის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (#0-------);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა #7-------;
- 21.03.2016 წლის გირავნობის მოწმობა #0-----;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს „ტ------“-მა კვლავ ისესხა შპს „ა---------------“-ისაგან 9 500 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 04 სექტემბერი. 2015 წლის 31 იანვარს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად საპროცენტო სარგებლის ოდენობა თვიური 5%-ის ნაცვლად გახდა 4%.
სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტომანქანის (მოდელი: დაფ. C--------, სახელმწიფო ნომერი: #Y-----, გამოშვების წელი 2001) ღირებულებამ შეადგინა 12 000 ლარი (იმ დროისთვის 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი).
სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა #7-------;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა # 0--------;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2014 წლის 12 იანვარს მოპასუხემ, 2013 წლის 04 დეკემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (#0-------) გამომდინარე მოსარჩელეს დაუბრუნა სესხის თანხის ნაწილი - 8000 აშშ დოლარის ოდენობით. 2014 წლის 04 ივნისამდე მოპასუხემ ეტაპობრივად დაფარა კიდევ 1500 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12.01.2014 წლის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება #04.12-13-ის ცვლილება (#1------);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოსარჩელემ როგორც კრედიტორმა ავტოსატრანსპორტო საშუალება (დაფ. C--------, სახელმწიფო ნომერი: #Y-----, გამოშვების წელი 2001) მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო მიიღო საკუთრებაში, აღძღა სარჩელი დარჩენილი დავალიანების მოთხოვნით 2017 წლის 14 აგვისტოს და ამის შემდგომ პერიოდში 2017 წლის 8 დეკმბერს მოახდინა მისი რეალიზაცია - 5 000 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2013 წლის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (#0-------);
- 08.12.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემობები
დავის გადაწყვეტისათვის მნისვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხე შპს „ტ------“-სისათვის 15 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 000 აშშ დოლარი).
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის თანახმად დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ა---------------“-სა და მოპასუხე შპს „ტ------“-ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს „ა---------------“-მა გადასცა შპს „ტ------“-სს სესხის თანხა 19 5000 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალება (დაფ. C--------, სახელმწიფო ნომერი: #Y-----, გამოშვების წელი 2001) მიიღო საკუთრებაში და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია - 5 000 აშშ დოლარად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების 2 ფორმას - გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემასა (2601) და გირავნობის საგნის რეალიზაციას. პირველი დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში იმ პირობით, რომ საკუთრებაში გადაცემის შესახებ პირდაპირ მითითებულია გირავნობის ხელშეკრულებაში. რაც შეეხება გირავნობის საგნის რეალიზაციას, იგი თავის მხრივ შესაძლებელია რამდენიმე ფორმით: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (284 I) და მხარეთა შორის შეთანხმებული რეალიზაციის განსხვავებული წესით (284 II). მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის თანახმად, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის რეალიზაცია დადგენილი წესით. უშუალოდ მოგირავნის მიერ საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინეტერსების გათვალისწინებით“, ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად კი „იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით“, ეს პუნქტი არ მოქმედებს მაშინ როდესაც მოგირავნე საკუთრებაში მიიღებს გირაოს საგანს, ვინაიდან, მოგირავნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ხერხად და გირაოს რეალიზაციის ალტერნატივად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276 I მუხლი ითვალისწინებს ამ ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემას, განსახილველი ნორმების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორი დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში თუ ქონების საკუთრებაში მიღების შემდგომ მოახდენს გირაოს საგნის რეალიზაციას და რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები და შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ როგორც კრედიტორმა აიჩია მოთხოვნის დაკმაყოფილების ის ფორმა რომ საკუთრებაში მიიღო დაგირავებული ქონება კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითველება შესაბამისად მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ა----------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო შპს „ტ------’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: # 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ტ------’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: # 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს „ა---------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ტ------’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: # 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
3. მოსარჩელე შპს „ა---------------“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე