გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/3827-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ს--------–-------------–--------ი
წარმომადგენელი - ზ----------------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N------------ გადაწყვეტილება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ს--------–-------------–--------ი არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე. იგი დაიბადა 1----–-–----------–----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ეროვნული პასპორტი ასლი (ს.ფ.48);
3.2. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2018 წლის 18 ივნისის N---- ცნობის თანახმად ს--------–-------------–--------ი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის N---- ბრძანების და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის N------ ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტად, მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. შესაბამის პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 5 წელია. ს--------–-------------–--------ი არის მესამე სასწავლო წლის I სემესტრის სტუდენტი. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2021 წლის თებერვალი.
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2018 წლის 20 ივნისის რეკომენდაციის თანახმად, ს--------–-------------–--------ი 2015 წლის 24 ნოემბერს ჩაირიცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. სტუდენტს აქვს კარგი აკადემიური მოსწრება. ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არ მიუღია დისციპლინური შენიშვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობა (ს.ფ. 16);
- შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეკომენდაცია (ს.ფ. 17);
3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს N---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2017 წლის 4 ივლისის N---------- განცხადება და ს--------–-------------–--------ის მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 3 აგვისტოდან 2018 წლის 3 აგვისტომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 20 თებერვლის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 46-47);
3.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N------------ გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს N---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს--------–-------------–--------ის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. მითითებული ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის 21 მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-15).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს--------–-------------–--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N------------ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მე-15 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვა: სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით მოცემულია უცხოელისათვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს--------–-------------–--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის №------------ გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-55, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს--------–-------------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე