განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/660-18 (N041160618004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ხ----ე, დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-----ი კ------ე
მამის სახელი: უ–----
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, მ-----–--ის ქ. N5/22
ადვოკატები - ა----- გ--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დ-----ი კ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივნისს, დილის საათებში, ქუთაისში მ-----–--ის ქუჩა N5/22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ----- კ------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ბ--- კ------ეს და მეუღლის დედას რ--------- ლ-------ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული დ-----ი კ------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე რ--------- ლ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ა---–-----------ის გამზირზე სიძე - დ----- კ------ესთან ერთად, მათთან ერთად ასევე ოჯახში იმჟამად ცხოვრობდა დ-----ს შვილი ბ--- კ------ე. 2018 წლის 16 ივნისს სამივენი სახლში იმყოფებოდნენ. დ----- კ------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში და იგინებოდა უმისამართოდ. აგინებდა, როგორც მათ ასევე სხვადასხვა ნივთებს. მას ნასვამ მდგომარეობაში გინება აქვს ჩვევად. ვინაიდან ასეთი სიტუაციები დ----- კ------ის მხრიდან ხშირად მეორდებოდა, მათ იფიქრეს, რომ თუკი ამის შესახებ პატრულს შეატყობინებდნენ, მათი შეეშინდებოდა და დაწყნარდებოდა. ამიტომაც ბ---მ დარეკა პატრულში. დ----- მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით არ დამუქრებია. უბრალოდ მისი გამუდმებით ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და გინება იყო მიზეზი პატრულში დარეკვისა, რათა ამით შეშინებოდა და გამოსწორებულიყო. ფხიზელი ოქრო კაცია. სიცოცხლის მოსპობის მუქარა - „მოგსპობთ“, ,,თავს წაგაცლით“ და ასეთ მსგავს მუქარას ადგილი არ ჰქონია(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ა---– ბ------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი. 2018 წლის 16 ივნისის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად ბ--- კ------ეს მისი მამა დ----- კ------ე ემუქრებოდა სისცოცხლის მოსპობით. ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დ----- კ------ე იყო მთვრალ მდგომარეობაში, რომელიც პოლიციის გამოძახების გამო შვილს ემუქრებოდა, რომ პოლიციის წასვლისთანავე სიცოცხლეს გამოასალმებდა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ხოლო დ----- კ------ე ბრალდებულის სახით დააკავა ადგილზე. ოჯახის წევრები ბ--- კ------ე და რ--------- ლ-------ე შეშინებულები აცხადებდნენ, რომ წაეყვანათ და დაეწყნარებინათ დ----- კ------ე. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 16 ივნისის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტი დაფიქსირდა 6/16/2018 წელს, 11:49:33 სთ-ზე, კერძოდ, ქ.ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირი მე-2 შესახვევიდან ოჯახური ძალადობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში N431223090 სააბონენტო ნომრიდან რეკავს ბ--- კ------ე და ატყობინებს, რომ კონფლიქტი ხორციელდება ნასვამ მამასთან (ტომი 1.ს.ფ.2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 16 ივნისის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,111“ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ - ინსპექტორი რ. ლ------ე 6/16/2018 წელს 12:25 სთ-ზე, ატყობინებს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების მორიგეს, რომ ქ.ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირი მე-2 შეს. N5/22-ში, 1--- წელს დაბადებულ ბ--- კ------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამამ 1--- წელს დაბადებულმა დ----- კ------ემ, რაზეც შედგა შემაკავებელი ორდერი (ტომი 1, ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 16 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ როგორც ბ--- კ------ემ და თავად დ----- კ------ემ ახსნა-განმარტებებეში მიუთითეს, რომ აღნიშნულ დღეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----- კ------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბ--- კ------ეს( ტომი 1.ს.ფ. 85-87).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 23 ივლისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო---- ხ-----–---–ის მიერ ბრალდებულ დ----- კ------ის ადვოკატ ა----- გ--------ის მონაწილეობით. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები სს N041160618004 საქმეზე. დისკი დალუქულია ქაღალდის პაკეტში და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ არის. დისკი მოთავსებულ იქნა ლეპტოპში, ჩანაწერი არის დათარიღებული 2018 წლის 16 ივლისით, სადაც 12:00 საათზე ჩანს ბრალდებული დ----- კ------ე წელს ზევით შიშველი, რომელიც იგინება უმისამართოდ, ასევე ვიდეო ჩანაწერში ჩანს დ----- კ------ის სიდედრი რ--------- ლ-------ე და შვილი ბ--- კ------ე, ასევე ჩანს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ავსებს დოკუმენტაციას. ხსენებული დისკის ერთი ასლი გადაეცა დაცვის მხარეს, ხოლო მეორე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რაც დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ლუქის ბეჭდით და გაკეთდა მასზე შესაბამისი ხელმოწერები. ოქმი ხელმოწერილია დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ (ტომი 1, ს.ფ. 92-95).
მოცემული გარემოებები სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, დაადასტურა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო---- ხ-----–---–მა(სასამართლო სხდომის ოქმი).
აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, სადაც მთვრალი ბრალდებული მართლაც ჩანს წელს ზევით შიშველ მდგომარეობაში, ის მუქარის შინაარსის შემცველ სიტყვებს არავის მიმართ არ წარმოთქვამს(სასამართლო სხდომი ოქმი).
დაზარალებულმა ბ--- კ------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად, მამის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ დ----- კ------ე დაემუქრა თავის სიდედრს რ--------- ლ-------ეს. აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს არც სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და არც ვიდეოჩანაწერი, ამასთან, მუქარის თაობაზე არც შეტყობინებებშია საუბარი. შესაბამისად, არ არსებობს არც იმის შესახებ რაიმე ინფორმაცია, რომ დაზარალებულ რ--------- ლ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, მოცემულ ბრალდების ეპიზოდებს ჰყავს 3 თვითმხილველი მოწმე (დაზარალებული მ--- კ------ე და რ--------- ლ-------ე და ბრალდებული), მათ შორის დაზარალებულ მ--- კ------ეს და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაზარალებულმა რ--------- ლ-------ემ არ დაადასტურა მუქარის ფაქტი. არც ირიბ მოწმეებს: ა---– ბ------ს და ო---- ხ-----–---–ს სასამართლო სხდომაზე არ დაუდასტურებიათ დ----- კ------ის მიერ რ--------- ლ-------ის მიმართ განხორცილებული მუქარის ფატი.
მუქარა:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, წარმოდგენილი არ არის არც ისეთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს სიცოცხლისათვის საშიში ისეთი მუქარის განხორციელებაში, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პატრულ-ინსპექტორისაგან ამოღებული სამხრე კამერის ჩანაწერი. არც ამ ჩანაწერის დათვალიერების ოქმით და არც მისი უშუალოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით არ დგინდება დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის - სიცოცხლისათვის საშიში მუქარის განხორციელების ფაქტის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დ-----ი კ------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, დ-----ი კ------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----ი კ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. დ-----ი კ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დ-----ი კ------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ დ-----ი კ------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. საპატრულო პოლიციიდან მიღებული ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე