განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
330100118002585564
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - პ----- ზ------ის ძე ჭ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-–---–------------------------------------ში

 

ადვოკატები - მ-------------–-–---–--------–------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პ----- ჭ-----–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი. 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში, ა-–-–---–------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პ----- ჭ-----–---–მა გადაწყვიტა რ---- თ--------ის და კ------------ე ს-----------ის მოკვლა და ამ მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რ---- თ--------ეს მუცლის, ხოლო კ------------ე ს-----------ეს გულ-მკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული (მოწმე ზ-----------–---–ისა და დაზარალებულების: კ-------------ისა და რ-----------ის ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მასში მონაწილე პირთა - ი----–-–---–ის, გ-----------–ისა და ლ---------–---–ის ჩვენებები, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ თ------------ის ჩვენება) და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება პ----- ჭ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ----- ჭ-----–---–ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა: კ------------ე ს-----------ემ და რ---- თ--------ემ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 8 მარტს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ა-–-–---–------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცნობმა მამაკაცმა მათი მიმართულებით განახორციელა გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან, რა დროსაც რ---- თ--------ეს მუცლის, ხოლო კ------------ე ს-----------ეს გულ-მკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. ორივე დაზარალებულმა დაადასტურა პ----- ჭ-----–---–თან ნაცნობობა, ამასთან გამორიცხა რაიმე სახის კონფლიქტი მასთან და მისი მხრიდან 2018 წლის 8 მარტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლის მიზნით გასროლის ფაქტი. კ------------ე ს-----------ემ და რ---- თ--------ემ განმარტეს, რომ შეუძლიათ დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ბრალდებულ პ----- ჭ-----–---–ისაგან.

 

მოწმე ზ---- ს---------–---–ის ჩვენებით, ქ.თბილისში, ა-–-–---–-----ის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში მუშაობს ხაბაზად. უბნიდან იცნობს როგორც ბრალდებულ პ----- ჭ-----–---–ს, ისე დაზარალებულებს: კ------------ე ს-----------ესა და რ---- თ--------ეს. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 8 მარტს, საღამოს საათებში, კ------------ე ს-----------ისა და რ---- თ--------ის დაჭრის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს და არც რ-----------ეს უთქვამს მისთვის, რომ მას და კ-------------ეს ესროლა პ----- ჭ-----–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი----- გ--–-–---–მა და გ------- ბ---------–მა, აგრეთვე ექსპერტმა ლ---- ბ-------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 9 მარტს, 17:20 საათიდან 19:15 საათამდე დროის პერიოდში, პ----- ჭ-----–---–მა მიუთითა ადგილი, სადაც განახორციელა 4-5 გასროლა რ---- თ--------ისა და კ------------ე ს-----------ის მიმართ და ადგილი მდინარე მტკვრის ნაპირზე, სადაც გადააგდო ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (მონაწილე პირები - გამომძიებლები: ი----–-–---–ი და გ-----------–ი, ექსპერტები: ვ------- ა------–-–---–ი და ლ---- ბ-------–---–ი, ადვოკატი მ--------–-–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად:

 

· პ----- ჭ-----–---–ის სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; სვიტერის უკანა ზედაპირზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სახელოს ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება;

· პ----- ჭ-----–---–ის შარვლის წინა მარჯვენა და მარცხენა ტოტის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წრმოქმნილი მიკრონაწილაკები;

· შარვლის უკანა მარჯვენა და მარცხენა ტოტის ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება;

· პ----- ჭ-----–---–ის წყვილ წინდაზე და ქამარზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მირკონაწილაკები არ აღინიშნება;

· პაკეტში წარწერით „...ანაწმენდები მარჯვენა, მარცხენა ხელის მტევნიდან და სახის მიდამოდან...აღებული პ----- ჭ-----–---–ისგან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე წარწერებით „...სახის მიდამოდან“, „...მარჯვენა ხელის მტევნიდან“ და „...მარცხენა ხელის მტევნიდან“ დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

ექსპერტმა თ------------ემ დამატებით განმარტა, რომ დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები შესაძლოა დარჩეს ნებისმიერი დენთის შემცველი ობიექტიდან, თუმცა კონკრეტულად იმის განსაზღვრა, არის ეს ცეცხლსასროლი იარაღი თუ დენთის შემცველი სხვა ობიექტი, მის კომპეტენციაში არ შედის. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ პ-------–---–ის ტანსაცმელს აღენიშნებოდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები მცირე ინტენსივობით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია პ----- ჭ-----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ პ----- ჭ-----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას.

 

სასამართლოს ზ/აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგს:

· მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან (მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ნივთიერი მტკიცებულებები) არცერთი არ მიუთითებს არც პირდაპირ და არც ირიბად პ----- ჭ-----–---–ზე, როგორც საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშულების ჩამდენ პირზე.

· სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმა: კ-------------ემ და რ-----------ემ, აგრეთვე მოწმე ზ-----------–---–მა კატეგორიულად გამორიცხეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა პ----- ჭ-----–---–ის მიერ. ბრალდების მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებმა და მოწმე ზ-----------–---–მა ბრალდებულთან ახლო ნაცნობობის გამო არ დაადასტურეს პ----- ჭ-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

· ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №--------- დასკვნა ადასტურებს პ----- ჭ-----–---–ის ტანსაცმელზე მხოლოდ მცირე ინტენსივობით დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკების არსებობას, თუმცა ექსპერტმა თ------------ემ არ გამორიცხა აღნიშნული მიკრონაწილაკების დატოვების შესაძლებლობა გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა, დენთის შემცველი ნებისმიერი ობიექტიდან. შესაბამისად, ხსენებული ექსპერტიზის დასკვნაც არ წარმოადგენს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებას პ----- ჭ-----–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სს საქმეში არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, თუ რა დროს, რა ვითარებაში და კონკრეტულად რა ობიექტიდან აღმოჩნდა დენთის წვის მიკრონაწილაკები პ-------–---–ის ტანსაცმელზე.

· ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების შემადგენელი ნაწილია და რომელსაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადამოწმდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვისას პ----- ჭ-----–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოყენებაზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე პ----- ჭ-----–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ამ საგამოძიებო მოქმედებაში იგი მონაწილეობდა არა მოწმის, არამედ - ბრალდებულის სახით, შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიწოდებული ინფორმაციის -მიცემული ჩვენების სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნება და შემდგომში მტკიცებულების სახით მისი გამოყენება დაუშვებელია თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 გადაწყვეტილება, პუნქტი 43-44).

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, პ----- ჭ-----–---–ის ბრალდების სს საქმეზე წარმოდგენილი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება საგამოძიებო ექსპერიმენტის სახით, ცხადია, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დღეს პ----- ჭ-----–---–ის ადეკვატურობასთან დაკავშირებით (დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ადეკვატურად ვერ აღიქვამდა მოვლენებს), რაზეც მიუთითებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო ბარათის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 9 მარტს, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე (9 მარტის 14:50 საათიდან), ისე მისი დასრულების შემდეგ (10 მარტის დილის 08:35 საათამდე) მას 7-ჯერ გაეწია სამედიცინო დახმარება (უჩივის შფოთვას, გაღიზიანებადობას, სახსრებისა და კუნთების ტკივილს, კანკალს, დაძაბულობას, აღნიშნავს ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას, აგრესიულია გარშემომყოფთა მიმართ, ითხოვს ძლიერ ტრანკვილიზატორულ, ტკივილგამაყუჩებელ და ნარკოტიკულ საშუალებებს, ადგილზე არ ჩერდება, მიღებული სამედიცინო პრეპარატები: დიაზეპამი, ანალგინი, დიმედროლი, კაპტოპრილი, ტემპალგინი, ვამელანი, კორსიზი და ა.შ.).

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა პ----- ჭ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც პ----- ჭ-----–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

· რ---- თ--------ის, კ------------ე ს-----------ისა და პ----- ჭ-----–---–ის ტანსაცმელი, კ-------------ის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი მასრა და 1 ცალი ტყვია, პ----- ჭ-----–---–ის ნერწყვისა და ანაწმენდის ნიმუშები, რ---- თ--------ისა და კ------------ე ს-----------ის ნერწყვის ნიმუშები, კ-------------ისაგან ამოღებული 1 ცალი ტყვია უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 2 (ორი) ცალ დისკზე შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პ----- ჭ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 8 მარტს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

პ----- ჭ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 8 მარტს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

პ----- ჭ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

პ----- ჭ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· რ---- თ--------ის, კ------------ე ს-----------ისა და პ----- ჭ-----–---–ის ტანსაცმელი, კ-------------ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 1 ცალი მასრა და 1 ცალი ტყვია, პ----- ჭ-----–---–ის ნერწყვისა და ანაწმენდის ნიმუშები, რ---- თ--------ისა და კ------------ე ს-----------ის ნერწყვის ნიმუშები, კ-------------ისაგან ამოღებული 1 ცალი ტყვია განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 2 (ორი) ცალ დისკზე შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განემარტოს პ----- ჭ-----–---–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია