გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-374-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წარმომადგენელი - ეკ---------------–---–---–ი
მოპასუხე - №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია
წარმომადგენელი - ნო-------------–---–ი, მა---–----–-–---–ი, კო-----------–---–ი
მესამე პირები - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები: გრ-----–---–--ე და სა-–--------------–---–ი, №21 გარდაბნის ოლქის №02 საუბნო საარჩევნო კომისია, №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები: თა--------------–-ა (თავმჯდომარე), გი---–--------------ა (თავმჯდომარის მოადგილე), ნი-------------ია (მდივანი), მა--------------ი, მა----------ე, სო------–-----ი, სი-----–---ა, მა-------------ა, რან------------ა, სუ----------------ა, ქრ--------------ა და რო--------------ი
დავის საგანი - №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N20/2018 განკარგულების ბათილად ცნობა; №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის დავალება; N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის N02 უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N20/2018 განკარგულება
1.2. დაევალოს მოპასუხე №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნა და ბიულეტენების გადათვლა
1.3. N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის N02 უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 28 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა გარდაბნის N21 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივარი, N02 საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ: N21 გარდაბნის ოლქის N02 საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი, სადაც ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება და ერთ-ერთ ბიულეტენზე დაწერილი იყო ციფრი 5, ასევე ბათილად ცნეს ცალსახად გამოვლენილი ნება სა-–--------------–---–ის სასარგებლოდ (1 ბიულეტენი). მოსარჩელის განმარტებით, აშკარად იკვეთება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ნების ბათილობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რითაც ზიანს აყენებდა კანდიდატებს. ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი მა------–--–---–ი, რომელმაც ზემოაღნიშნულ უბანზე დაწერა საჩივარი.
2018 წლის 30 ნოემბერს გაიმართა N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი, ორგანიზაციის წარმომადგენილი სრულიად კანონიერად ითხოვდა ბათილი ბიულეტენების პაკეტების გახსნას, ხელახლა გადათვლას და საუბნო კომისიის ყველა წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მოსარჩელის განმარტებით N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 30 ნოემბრის N20/2018 განკარგულებაში, საერთოდ არ არის ნამსჯელი იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რის საფუძველზეც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, საოლქო საარჩევნო კომისია არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრების განხილვა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის სათანადოდ ჩატარების და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონით.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მისი განმარტებით, N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არ დარღვეულა კანონის არცერთი მოთხოვნა. საჩივარი განხილულ იქნა და შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა კანონის ნორმების სრული დაცვით, ამასთანავე სადავო განკარგულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნებს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს (საჩივრის ავტორს) ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში არ გაუსაჩივრებია სათანადო წესით, საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება - საჩივარში (სარჩელში) მითითებული ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის N02 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამაბელი ოქმი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობის ნაწილში. კერძოდ, მოსარჩელეს (საჩივრის ავტორს) ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში არ მოუთხოვია საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების (მოქმედების) ბათილად ცნობა/გაუქმება სადაო ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე და არ მოუთხოვია სადაო ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევა, მას ასევე არ მოუთხოვია N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის N02 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ნაწილში და არ მოუთხოვია სადაო ბიულეტენების ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაში მითვლა.
მოპასუხემ განმარტა, რომ სადაო ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების გასაჩივრების და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე შეუძლებელია ფაქტობრივად და სამართლებრივად საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლა სხვა კონკრეტული მოთხოვნის გარეშე არ შეიძლება წარმოადგენდეს შედეგების მიმღწევ და აღსრულებადი სამართლებრივი აქტის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველს.
№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ კენჭისყრას ესწრებოდა სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთაც ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, არ გაუსაჩივრებიათ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების სიზუსტე, ასევე ოქმს ხელი მოაწერა N02 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ოქმს არ ახლავს რაიმე განსახვავებული აზრი, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას გაუჩენდა ეჭვს, შეემოწმებინა გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. მოცემულ შემთხვევაში მიღებული ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხი.
მოპასუხე არ დაეთანხმა N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის N02 უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნასაც და განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 28-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს და შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. მოცემულ შემთხვევაში N02 საუბნო საარჩევნო კომისიამ კეთილსინდისიერად შეასრულა მესაზე დაკისრებული მოვალეობა და საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე უბანზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ასევე კანონის სრული დაცვით შედგა შედეგების ოქმი, რასაც ადასტურებს კომისია.
2.1. მესამე პირების პოზიცია:
2.1.1. მესამე პირი - 21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის N02 საუბნო საარჩევნო კომისია დაეთანხმა მოპასუხე N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.1.2. მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრ-----–---–--ე არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.3. მესამე პირი - სსქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სა-–--------------–---–ი არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.4. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი თა--------------–-ა (თავმჯდომარე) არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.5. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი გი---–--------------ა არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.6. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ნი-------------ია არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.7. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მა--------------ი არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.8. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მა----------ე დაეთანხმა მოპასუხე N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.1.9. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სო------–-----ი დაეთანხმა მოპასუხე N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.1.10. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სი-----–---ა დაეთანხმა მოპასუხე N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.1.11. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მა-------------ა არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.12. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი რან------------აარ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.13. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სუ----------------ა დაეთანხმა მოპასუხე N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.1.14. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ქრ--------------ა არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე, რის გამოც მისი პოზიცია მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
2.1.15. მესამე პირი - №02 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი რო--------------ი დაეთანხმა მოპასუხე N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. N21 გარდაბნის ოლქის N02 საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი.
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელმა გი-------------ემ 2018 წლის 28 ნოემბერს 22:14 საათზე გარდაბნის N21 საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა საჩივარი. მისი განმარტებით სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა 21:53 საათზე, რა დროსაც გარდაბნის N21 ოლქის N02 საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი, სადაც გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება და შემოხაზული იყო 5 ნომერი - გრ-----–---–--ე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის №20/2018 განკარგულება
3.2. 2018 წლის 28 ნოემბრის საჩივრით მოთხოვნილ იქნა ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნა და ბიულეტენების გადათვლა, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება კომისიის ყველა წევრისთვის.
საჩივრის ავტორის განმარტებით, დარღვევა დაფიქსირდა №02 საარჩევნო უბანზე, 21:53 საათზე, კერძოდ, N21 გარდაბნის ოლქის N02 საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი, სადაც ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება და ერთ-ერთ ბიულეტინზე დაწერილი იყო ციფრი 5, ასევე ბათილად ცნეს ცალსახად გამოვლენილი ნება სა-–--------------–---–ის სასარგებლოდ (1 ბიულეტენი). ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი მა------–--–---–ი, რომელმაც ზემოაღნიშნულ უბანზე დაწერა საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2018 წლის 28 ნოემბრის საჩივარი
3.3. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა 2018 წლის 30 ნოემბერს, შედგენილ იქნა N15/2018 კომისიის სხდომის ოქმი, სადაც განხილულ იქნა (ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის - გი-------------ის 2018 წლის 28 ნოემბრის №441 საჩივარი.
კომისიის სხდომაზე საჩივრის ავტორის მოთხოვნის გაცნობის შემდგომ განიმარტა, თუ როგორ განისაზღვრება ამომრჩევლის ნება, ამომრჩეველმა უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, რაზეც გი-------------ემ უპასუხა, რომ საარჩევნო კოდექსში არ არის მკაფიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიულეტენი აუცილებლად უნდა იყოს შემოხაზული, მთავარია, რომ იყოს ამომრჩევლის ნება გამოხატული. მისი განმარტებით, N02 საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასცდა მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას.
კომისიის წევრი თე--------–---–-ა დაინტერესდა ჰქონდა თუ არა საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ბიულეტინებს რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, რაზედაც საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ ბიულეტენების პირველი გვერდი.
საჩივრის ავტორმა გი-------------ემ აღნიშნა, რომ, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენში წერს რაიმეს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან, ან ხელს აწერს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან ამით გამოხატულია ამომრჩევლის ნება.
და--------------–--ას განმარტებით: მითითებული საჩივარი განსხვავდება სხვა საჩივრებისგან, რადგან ამომრჩევლის ხმებს ეხება. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა და დაადგინოს ჭეშმარიტება. მისი განმარტებით, არგუმენტი, რომ კომისიამ ასე გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს სწორი.
სუ-–------------ს განმარტებით: საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ არის მითითებული, როგორ ხდება ამომრჩევლის ნების გამოვლენა - შემოხაზვით.
N02 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა - ნი-------------იამ დაადასტურა, რომ მათი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთობლივად.
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ეკ---------------–---–---–მა გააკეთა კომენტარი, რომ ასე დეტალურად, ღრმად და ძირფესვიანად, როგორც ამ კომისიაში ხდება, საკითხებს სხვა კომისიები არ იხილავენ.
სხდომის თავმჯდომარემ ნო--------------–---–მა კენჭისყრაზე დააყენა წინადადება ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის გი-------------ის საჩივრის შესახებ განკარგულების პროექტის დამტკიცების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N15/2018 კომისიის სხდომის ოქმი.
3.4 დადგენილია, რომ №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ნოემბერს განიხილა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის - გი-------------ის №441 საჩივარი. მიღებულ განკარგულებაში მითითებულ იქნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნება მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
აღნიშნულის გათვალისწინებით №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს თითოეული საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი.
№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ნოემბრის N20/2018 განკარგულებით ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის - გი-------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N20/2018 განკარგულება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სასამართლოს შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30.1. მუხლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული აქტი - №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტბს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
6.2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
ამავე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილია, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს; გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე) დამკვირვებლებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, 2018 წლის 28 ნოემბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დამკვირვებლის უფლებებს, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას.
6.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ა) საუბნო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება წილისყრა, რომლითაც შეირჩევა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. ამასთან, წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.
მითითებული კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 51 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, 73-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74-ე მუხლი აწესრიგებს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვის წესს, კერძოდ პირველი ნაწილის თანახმად საჩივარს საოლქო საარცევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის №02 საუბნო კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 4 (ოთხი) ბიულეტენი. ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი მა------–--–---–ი, რომელმაც ზემოაღნიშნულ უბანზე დაწერა საჩივარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა გი-------------ემ განცხადება/საჩივარი შეადგინა 28.11.2018. 22:14 საათზე.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველიი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე - იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი - სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითოს მთვლელს ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტების თანახმად, კენჭისრის შედგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, საარჩევნო სუბიექტების დასახელება და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
საქართველოს ორგანული კანონის ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 78-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომარჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს (საჩივრის ავტორს) ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში არ გაუსაჩივრებია სათანადო წესით, საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება - საჩივარში (სარჩელში) მითითებული ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის N02 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამაბელი ოქმი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობის ნაწილში. კერძოდ, მოსარჩელეს (საჩივრის ავტორს) ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო შემდგომ სასამართლოში არ მოუთხოვია საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების (მოქმედების) ბათილად ცნობა/გაუქმება სადაო ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე და არ მოუთხოვია სადაო ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევა, მას ასევე არ მოუთხოვია N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის N02 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ნაწილში და არ მოუთხოვია სადაო ბიულეტენების ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობაში მითვლა.
სადაო ბიულეტენების ბათილად მიჩნევის თაობაზე საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების გასაჩივრების და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე შეუძლებელია ფაქტობრივად და სამართლებრივად საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლა სხვა კონკრეტული მოთხოვნის გარეშე არ შეიძლება წარმოადგენდეს შედეგების მიმღწევ და აღსრულებადი სამართლებრივი აქტის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველს.
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ კენჭისყრას ესწრებოდა სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთაც ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, არ გაუსაჩივრებიათ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების სიზუსტე, ასევე ოქმს ხელი მოაწერა N02 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, ოქმს არ ახლავს რაიმე განსახვავებული აზრი, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას გაუჩენდა ეჭვს, შეემოწმებინა გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. მოცემულ შემთხვევაში მიღებული ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხი.
რაც შეეხება, N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის N02 უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნას სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 28-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს და შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. მოცემულ შემთხვევაში N02 საუბნო საარჩევნო კომისიამ კეთილსინდისიერად შეასრულა მესაზე დაკისრებული მოვალეობა და საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე უბანზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ასევე კანონის სრული დაცვით შედგა შედეგების ოქმი, რასაც ადასტურებს კომისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის განმარტებას, რომ N21 გარდაბნის ოლქის N02 საუბნო კომისიის მიერ ბათილად ცნობილ 4 (ოთხი) ბიულეტინში ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს თითოეული საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი.
6.4. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელმა: გი-------------ემ საჩივრით მიმართა №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას, მითითებული ოლქის №02 საუბნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. საჩივრის ავტორთა განმატებით, აშკარად გამოიკვეთა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ნების ბათილობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რითაც ზიანი მიაყენა კანდიდატებს.
სასამართლო მიუთითერებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება.“ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბათილად ცნობილ 4 ბიულეტინზე ცალსახად გამოვლენილი იყო ამომრჩევლის ნება, ამასთანავე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ნების ბათილობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის განმარტებას, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" არ არის მკაფიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიულეტენი აუცილებლად უნდა იყოს შემოხაზული, მთავარია, რომ იყოს ამომრჩევლის ნება გამოხატული. მისი განმარტებით, N02 საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასცდა მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლო მიუთითებს ამავე კოდექსის 147-ე მუხლზე, რომელიც იძლევა საარჩევნო ბიულეტენის განმარტებას, კერძოდ, მე-3 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის / საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების შესახებ, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს. ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს.
სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენში წერს რაიმეს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან, ან ხელს აწერს კონკრეტული კანდიდატის ნომერთან ამით გამოხატულია ამომრჩევლის ნება, და არა სხვა ნებისმიერ ადგილას გაკეთებული ნებისმიერ სახის მინაწერი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილი ბიულეტენებიდან, დგინდება, რომ ამომრჩევლის მინაწერები არ არის შეასრულებული კონკრეტული კანდიდატის ნომერთან.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქში №02 საარჩევნო უბანზე გაბათილებულ ოთხ ბიულეტინზე ამომრჩევლის ნება არ არის ცალსახად გამოხატული შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული უბნის წევრების დისციპლინური გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულება გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე.
შესაბამისად არ არსებობს №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ბათილი ბიულეტენების პაკეტის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის დავალებისა და N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის N02 უბნის საარჩევნო კომისიის ყველა წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქალაქი რუსთავი, ბოსტან - ქალაქის ქუჩა №6).
მოსამართლე: ნინო ონიანი