გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2018
საქმის ნომერი
330310018002743714
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7526-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ჭალიძე

სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე

მოსარჩელეები - ა(ა)იპ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“ – დამკვირვებელი ზ--------------ა, ადვოკატი – ნ---------------ე

მოპასუხე - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

წარმომადგენელი – ა--------------ე, პ-------–----–----ა

მესამე პირები – საბურთალოს ოლქის №76 საარჩევნო უბანი, პრეზიდენტობის კანდიდატი – გ-------–---–--ე, პრეზიდენტობის კანდიდატი – ს--–--------------–---–ი

დავის საგანი - 2018 წლის 30 ნოემბრის N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N------- განკარგულების ბათილად ცნობა, დაევალოს N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას №76 საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული მონაცემების შეცვლა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 30 ნოემბრის N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N------- განკარგულება. დაევალოს N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას №76 საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული მონაცემების შეცვლა.

 

როგორც სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, 2018 წლის 29 ნოემბერს N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ა(ა)იპ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ დამკვირვებლის ზ--------------ას მიერ წარდგენილი იქნა საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, საბურთალოს ოლქის N76 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის დროს, საარჩევნო კომისიის წევრებმა ცალსახად გააბათილეს ნამდვილი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევდა პრეზიდენტობის კანდიდატს, გ-------–---–--ეს. 2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული იქნა N------- განკარგულება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების“ საჩივარი N76 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ა--------------ემ სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა შესაგებელს და მოითხოვა სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული №----- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობის თანახმად, ზ--------------ა წარმოადგენს 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ,,საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების’’ წარმომადგენელს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N------

 

3.2. 2018 წლის 29 ნოემბერს ა(ა)იპ ,,-----------–---------–--------------------------- დამკვირვებელმა ზ--------------ამ საჩივრით მიმართა №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №76 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა. საჩივრაში აღინიშნა, რომ №03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №76 საუბნო საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის დროს გაბათილებული იქნა ცალსახად ნამდვილი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევდა პრეზიდენტობის კანდიდატ გ-------–---–--ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №------- განკარგულება;

 

3.3. №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №------- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ,,-----------–---------–--------------------------- დამკვირვებლის ზ--------------ას საჩივარი უსაფუძვლობის გამო.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ №76 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ხმის დათვლის დროს ორი საეჭვო ბიულეტენი იყო, რომლებზეც ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული და მეორე გადახაზული, კომისიამ ხმათა უმრავლესობით ჩათვალა ბათილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №03 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №------- განკარგულება;

 

3.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 30 ნოემბრის №76 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ა---------–--------ის ახსნა-განმარტების თანახმად, ხმის დათვლის დროს ამოვიდა ორი საეჭვო ბიულეტენი, რომელზეც ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო მეორე გადახაზული. კომისიამ ხმათა უმრავლესობით ხსენებული ბიულეტენები ჩათვალა ბათილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №76 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება;

 

3.5. საქმეში წარმოდგენილია N76-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის დღის რეგისტრაციის ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია შესული საჩივარი. სარეგისტრაციო ნომერი: 2-; შემოსვლის თარიღი და დრო: 28.11.18; დოკუმენტის ტიპი: საჩივარი, დოკუმენტის მოკლე შინაარსი: მოთხოვნა უბნის გაუქმების შესახებ ბათილად ცნობილი ბიულეტენის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივრების ჟურნალის ჩანაწერი;

 

3.6. საქმეში წარმოდგენილია N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის N76-ე საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი N----.

 

ოქმის მიხედვით, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა - 1475; სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა - XXX9; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ყველა სახის ამომრჩეველთა სიაში: ა) 12:00 საათისათვის - X293; ბ) 17:00 საათისათვის - X720; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – X864; მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა - X1350; ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა XX53; (სხვა უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არ ემატება). მიღებული ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: N- გ-------–---–--ე - X251; N-- ს--–--------------–---–ი - X558;

 

შემაჯამებელი ოქმი შედგენილია 28.11.2018 წელს. დრო: 22 საათი 50 წუთი. კომისიის ბეჭდის N-----. ოქმს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები, სულ 12 (თორმეტი) ფიზიკური პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის N76 საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი N----;

 

3.7. საქმეში წარმოდგენილია N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 76-ე საარჩევნო უბანზე გაცემული და ბათილად ცნობილი 1 ცალი საარჩევნო ბიულეტინის ვიდეო–აუდიო ჩანაწერი (CD დისკი) საიდანაც ირკვევა, რომ N- და N-- საპრეზიდენტო კანდიდატი შემოხაზულია წრეწირის ფორმის რკალით და გადახაზულია ვერტიკალური ხაზებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- CD დისკი;

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო–აუდიო ჩანაწერის, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარის და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის საკითხი.

 

6.2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 8.1. მუხლით, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

 

ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო მე-9 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 26-ე მუხლით განსაზღვრულია ის უფლებამოსილებანი, რასაც ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისია, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს; ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამდენად, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

 

6.3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 23.1 მუხლის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 26.2. მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია: დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას;

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62.1. მუხლით, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71.1. მუხლით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

 

ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო მე-7 ნაწილით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

 

საქმეში წარმოდგენილი N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის N76-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი N---- ოქმის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნულ უბანზე ბათილად იქნა ცნობილი 53 ბიულეტენი, ხოლო კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ამონაწერის მიხედვით, დასტურდება, რომ გასაჩივრებული იქნა ერთი ბათილი საარჩევნო ბიულეტენი. აღნიშნული სადავოდ არ გამხდარა კომისიის თავჯდომარის, მდივნის და კომისიის წევრების (სულ 12 ფიზიკური პირი), მხრიდან, რაც დასტურდება, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე კომისიის თავჯდომარის, კომისიის მდივნის და კომისიის წევრების (სულ 12 ფიზიკური პირის) ხელმოწერით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ N76-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს, თან არ ერთვის საარჩევნო კომისიის რომელიმე წევრის წერილობით გამოთქმული განსხვავებული აზრი. (N76-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ასეთი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა).

 

6.4. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69.1. მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით: ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად; ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

 

ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები იკვრება პაკეტად, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.

 

სადავო განკარგულების თანახმად, N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა ორ ბათილად ცნობილ ბიულეტენზე, ხოლო მტკიცებულების სახით საქმეში წარდგენილია N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 76-ე საარჩევნო უბანზე გაცემული და ბათილად ცნობილი 1 ცალი საარჩევნო ბიულეტენის ელექტრონული ვერსია (CD), ა(ა)იპ „-----------–---------–----------------------------–ის დაკვირვებელ ზ--------------ას განმარტებით, მისი საჩივრით სადავოდ გამხდარია მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც მხოლოდ გადახაზული იყო ვერტიკალური ხაზებით, მისი ადვოკატის ნ---------------ის განმარტებით, მითითებულ ბიულეტენზე №-- საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შემოხაზულია წრეწირის ფორმის რკალით, ხოლო შემდეგ გადახაზულია, რაც ამომრჩევლის მხრიდან გარკვეულ მანიპულაციაზე მიუთითებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული საარჩევნო ბიულეტენის ვიდეო–აუდიო ჩანაწერის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცება.

 

6.5. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 70.1. მუხლის შესაბამისად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

 

6.6. საქმეში წარმოდგენილი N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმის (N--) ამონაწერით დასტურდება, რომ ა(ა)იპ ,,-----------–---------–--------------------------- წარმომადგენლის ზ--------------ას საჩივრის (საოლქოში რეგ. N-------) განხილვას ესწრებოდა კომისიის 12 წევრი. კომისიამ კენჭი უყარა საჩივარში მოყვანილ საკითხს და მიიღეს გადაწყვეტილება ორ გაბათილებულ ბიულეტენთან დაკავშირებით, ვინაიდან №76 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებით ორი საეჭვო ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, საოლქო კომისიამ მიიღო განკარგულება არ დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ ,,-----------–---------–--------------------------- წარმომადგენლის ზ--------------ას (რეგ. N----- საჩივრით დაყენებული მოთხოვნა.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემულ ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N------- განკარგულება, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ,------------–---------–------------------------------ დამკვირვებლის ზ--------------ას საჩივარი კანონშესაბამისია და გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე, 78-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ ,------------–---------–------------------------------ (დამკვირვებელი ზ--------------ა) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა).

 

მოსამართლე ნინო ჭალიძე