გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/7527-18
03 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე: გლდანის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - მზ------------ია
წარმომადგენელი: გი-------–-------–---–ი
მოპასუხე: №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია (თავმჯდომარე - ჭა---------------ი)
წარმომადგენლები: გე-–--------ძე, ირა--–-------–---–ი, კა--------------–-–---–ი
მესამე პირი: ა(ა)იპ - დ--------------–----–-------------------–---------–------ის დამკვირვებელი - რეზ-----------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2.2. მესამე პირი - ა(ა)იპ - დ--------------–----–-------------------–---------–------ის დამკვირვებელი რეზ-----------–--ე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარისათვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი კანონით დადგენილი წესით).
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 განკარგულება „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“.
3.1.2. 2018 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ - დ--------------–----–-------------------–---------–------ის დამკვირვებელმა რეზ-----------–--ემ კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრით მიმართა №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ამავე ოლქში შემავალი №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მზ------------იას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მზ------------იამ ე.წ. „დილის პროცედურის“ დროს (პირველი წილისყრა) უარი განაცხადა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულებით დაკმაყოფილდა ა(ა)იპ - დ--------------–----–-------------------–---------–------ის დამკვირვებლის რეზ-----------–--ის განცხადება/საჩივარი და №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - მზ------------იას მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა, წინააღმდეგი -2.
განკარგულებაში მითითებულია, რომ მართალია კანონით ცალსახად არ არის დარეგულირებული კომისიის წევრის მიერ კენჭისყრის დღეს კონკრეტული ფუნქციის მინიჭების მიზნით ჩასატარებელ პროცედურაში - წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევა, მაგრამ აღნიშნული შეიძლება განხილულ იქნეს კომისიის წევრის მიერ ისეთი სახის გამიზნულ ქმედებად, რომელიც მიმართულია მისი უფუნქციოდ ყოფნისაკენ მთელი კენჭისყრის დღის განმავლობაში. განკარგულებით განმარტებულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ არჩევნებში, კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 12-ს (წინა არჩევნებისაგან განსხვავებით ერთით ნაკლები), ხოლო მოცემულ უბანზე გასანაწილებელ ფუნქციათა რაოდენობაა 8 ერთეული რეგისტრატორი, 2 გადასატანი ყუთის წამღები, 1 ნაკადის მარეგულირებელი, 1 ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი, ამ წილისყრებში არ იღებს მონაწილეობას კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, თან თუ ამას ისიც დაემატა, რომ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა კომისიის რომელიმე წევრი (წევრები) და ასეთ სიტუაციაში კომისიის წევრი უარს აცხადებს ფუნქციების შესრულებაზე, ეს ქმედება აპრიორში გულისხმობს კომისიის
სხვა წევრთა მიმართ არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას, საარჩევნო უბნის გაწირვას მთელი დღის განმავლობაში სტრესულ გარემოში სამუშაოდ არასაკმარისი (მინიმალური) ადამიანური რესურსით, რითაც ხელოვნურად ქმნის დაძაბულ სამუშაო გარემოს და ზრდის შეცდომების დაშვების რისკს. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - მზ------------იას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ს.ფ.50).
-1- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N-- (ს.ფ. 53-58).
- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება (ს.ფ.51-52).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გლდანის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - მზ------------იას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილება, „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს,ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გლდანის ოლქის №-- საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის - მზ------------იას ქმედების მართლზომიერება, რაც გამოიხატა - გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმით.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს
არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის 61-ე მუხლით განსაზღვრულია საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურების თანამიმდევრობას, რომლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ.
ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამავე ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ხოლო ამავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა: ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას; ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ; ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.
ამასთან, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.
სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებით დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია: ა) შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) მომენტიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში; ბ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/სემინარებს; გ) სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში; დ) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს; ე) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენატაციაზე; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი; გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა; დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილების დანართის თანახმად (იხ. დანართის გვ.15), თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცხადია, რომ წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის მდივანი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა სხვა წევრი ვალდებულია
მონაწილეობა მიიღოს წილისყრაში, მათ შორის, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში და შეასრულოს მისთვის წილისყრის შედეგად დაკისრებული ფუნქციები.
6.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს. ხოლო
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მზ------------იას მხრიდან გადასატანი ყუთის წაღებასთან დაკავშირებული წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტი, წარმოადგენს მისი მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება წარმოადგენს კომისიის წევრის მიერ შესასრულებელ ფუნქციას, რომლის ვალდებულებაც მას შეიძლება დაეკისროს წილისწყრით, ხოლო წილისყრაში მონაწილეობაზე უარი იმთავითვე გამორიცხავს მისი მხრიდან ამ მოვალეობის შესრულებას. შესაბამისად, კომისიის წევრს მსგავსი თვითნებობის უფლება არ აქვს და კანონის გვერდის ავლით ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი შესაძლოა, განხილული იქნეს, როგორც მოვალეობის დარღვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც საკითხი ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ყველა ელემენტის არსებობა პოზიტიურად უნდა დადგინდეს. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ბრალეულობის ელემენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, არც საქმის მასალებიდან ირკვევა და ვერც მოსარჩელის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მზ------------იას მხრიდან საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტს და გამორიცხავდა დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან სახეზეა სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული დარღვევა და კანონშესაბამისია მოპასუხე მხარის მიერ დისციპლინური ღონისძიების სახით - შენიშვნის გამოყენება.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 1-0 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1-0 (ასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გლდანის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - მზ------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1-0 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე ნანა აფციაური