გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2018
საქმის ნომერი
210310018002744636
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310018002744636

საქმე N3/114-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

 

მოსარჩელე - ია--------–---–---–ი

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო) - კა-----------–-–---------------------------------------------–------------–--ა

მოპასუხის წარმომადგენელი: ლე----------------ი

მესამე პირი: ბა----------–---–---–ი

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 30 ნოემბერის N002473 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა ლე----------------მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირი ბა----------–---–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს რაიონულმა განყოფილებამ მსხვერპლის - ბა----------–---–---–ის დაცვის მიზნით ია--------–---–---–ის მიმართ 2018 წლის 30 ნოემბერს N002473 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფება. ასევე მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მისი გამოცემის საფუძვლად ია--------–---–---–ის მხრიდან ბა----------–---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა მიეთითა.

მტკიცებულება:

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის N002473 შემაკავებელი ორდერი.

 

4.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ია--------–---–---–ის მიერ ბა----------–---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძლადობის ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ამავე კანონის მე-4 მუხლი თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის ძალადობის არსს შემდეგი სახით განმარტავს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

ამავე მუხლით მსხვერპლისა და მოძალადის დეფინიცია შემდეგი სახით არის განსაზღვრული:

 

- მსხვერპლი - ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;

 

- მოძალადე - ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14 2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

ამავე კანონის მე-91-ე მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი უზრუნველყოფს. ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, თანახმად ხსენებული კანონის მე-10 მუხლისა. ამავე მუხლით განმარტებულია, რომ შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ია--------–---–---–ის მხრიდან ბა----------–---–---–ის მიმართა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ამდენად, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს გამოცემული N002473 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე, რის გამოც უნდა იქნეს გაუქმებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ია--------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 ნოემბერი N002473 შემაკავებელი ორდერი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე მისამართზე: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანი 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი