განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე: ბრალდებული: რ--------------–ია
პირადი ნომერი: №------------
დაბადებული: 14.06.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის მისამართი გ----------------------------–------------
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართი: გ-----------------------------–-----------;
ადვოკატი - ნოდარ ილურიძე
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- 2018 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. რ-------–----–------------------------- კორპუსებს შორის რ--------------–იამ მეუღლეს ნ-------–-ას რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი სახის არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელი მაჯასა და ყელზე. რ--------------–იას ძალადობრივი ქმედებებით ნ-------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. დაზარალებულის ნ-------–-ას ჩვენებით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული რ--------------–ია არის მისი მეუღლე. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. იმ დროს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ნ---- დედასთან რუსთავში იმყოფებოდა, სარეცხი ჰქონდა წამოღებული დასარეცხად, რადგან ვაზიანში სარეცხის მანქანა არ ჰქონდათ. ჩამოსვლისთანავე შეატყობინა რ------ს, რომ წამოვიდა, მიმოწერაც ჰქონდათ. დაზარალებულის განმარტებით, მან არ იცის რატომ მოიქცა მისი მეუღლე ასე, დედამთილი პენსიონერი გახდა და იყიდა ტექნიკა, არ უნდოდა ბავშვი მტვერში ყოფილიყო და ტექნიკის დამონტაჟების შემდეგ, ორ დღეში აპირებდა ვაზიანში წასვლას. 2018 წლის 19 აგვისტოს ქ. რუსთავში, მე-12 მ/რ-ში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში შეხვდნენ ერთმანეთს. წინა დღეს, დაახლოებით ცხრა საათისთვის უცხო ნომრიდან მესიჯები მიიღო, ეს იყო ახლად აღებული ნომერი და არავინ იცოდა ოჯახის წევრების გარდა, გაუკვირდა და მესიჯითვე იკითხა, თუ საიდან ჰქონდა ამ უცხო პიროვნებას მისი ნომერი, პასუხად მიიღო, რომ მისი შვილის ნათლიამ მისცა. იმ პიროვნებამ უთხრა სახელი და გვარი, ფეისბუქზეც გადაამოწმა, უთხრა, რომ იყო პატრულის თანამშრომელი და დაინტერესებული იყო მისით. წერდა, რომ მისი ქმარი იყო ცუდი და მასზე ძალადობდა, ისიც იცოდა, რომ ძალიან უჭირდა, სჭირდებოდა ბავშვისთვის დახმარება და ის შეძლებდა დახმარებას, და სთხოვდა შეხვედრას. მას უნდოდა გარკვევა თუ რატომ მისცა მისი ნომერი უცხო პიროვნებას მისმა მეგობარმა, მაგრამ მანამდე გადაწყვიტა თვითონ გაერკვია და წავიდა შესახვედრად, რომ ვინ წერდა ენახა. რ------ რომ დაინახა არ ელოდებოდა. მიხვდა, რომ ის წერდა, მაგრამ მაინც არ ეჯერა ბოლომდე, რ------ ,,ტრიპაჩობდა“ ახალი ტელეფონით, ნ----მ სთხოვა, რომ ეჩვენებინა მესიჯები, მართლა ის წერდა თუ არა, ამ დროს რ------მ ფოტოების გადაღება დაიწყო, ეს არ მოეწონა ნ----ს და მათ შორის დაიწყო კონფლიქტი, რ------ გაბრაზდა თუ რატომ შეხვდა უცხო ადამიანს, რომელიც წერდა უცხო ნომრით და დაარტყა. კერძოდ, ერთ თვალში დაარტყა ორჯერ და მეორე თვალში - ერთხელ. ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, ეუბნებოდა რომ აღარ დაერტყა, რადგან გონებას კარგავდა. ნელ-ნელა მაინც წავიდა სახლისკენ, ორი ბიჭი მოდიოდა ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, რომლებიც ეუბნებოდნენ რ---------–--ს, რა აკეთებ გაანებე თავიო, მაგრამ ე. გვაგვალია ეუბნებოდა, ჩემი ცოლია და არ გაქვთ ჩარევის უფლებაო. რ------ დაეწია, ხელი ჰკრა სკამთან და იქაც ორჯერ დაარტყა, მაგრამ სად დაარტყა, ზუსტად არ ახსოვს, რადგან ძალიან სტკიოდა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი. ეუბნებოდა, რომ სახლში გაჰყოლოდა, მაგრამ უარზე იყო, რადგან ხელი დაარტყა. სახლისკენ, რომ მიდიოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით მდგარი N4 კორპუსის მაცხოვრებლებმა დაინახეს და მათ დარეკეს საპატრულო პოლიციაში. სანამ სახლში ავიდა, პოლიციიდან უკვე მისული იყო ექვსი ადამიანი, დაკითხეს და რაც იყო ყველაფერი მოუყვა მათ. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მას ერთი თვე თვალთან ჰქონდა დალურჯებული.
3.2. სასამართლო პროცესზე მოწმე ჟ-------–---–---–მა განაცხადა, რომ დაზარალებული ნ-------–-ა არის მისი შვილი, ხოლო ბრალდებული რ--------------–ია არის მისი სიძე. 2018 წლის 19 აგვისტოს დილით გაიღვიძა მისმა ქალიშვილმა და უთხრა, რომ ვიღაც, უცხო ნომრით წერდა მესიჯებს, უკვე 58 მესიჯი ჰქონდა, რომელიც ეუბნებოდა ქმარზე რაღაცეებს. ასევე ეუბნებოდა, რომ მისი ნომერი მისცა ბავშვის ნათლიამ, რომელიც არის 19 წლის და არის ფეხმძიმედ. მან ურჩია თავის შვილს სანამ ფეხმძიმე გოგოს უსაყვედურებდა, ჯერ თავად შეხვედროდა იმ პიროვნებას, გაერკვია რა ხდებოდა, მანქანით თუ იქნებოდა მისული, არ ჩაჯდომოდა, გაელანძღა და წამოსულიყო, მან დაუჯერა და წავიდა შესახვედრად. თავად შვილიშვილთან ერთად სახლში იყო, მუსიკებს უსმენდა ბავშვი მაღალ ხმაზე. ცოტა ხანში მისი შვილი ნაცემი დაბრუნდა სახლში, კარი გააღო თუ არა, ნ---- აბაზანაში შევარდა, ძვლივს იდგა ფეხზე, თვალი და ცხვირი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა, ფეხი ჰქონდა დალურჯებული, უთხრა, რომ რ------მ სცემა და თურმე ძლივს დაუსხლტდა ხელიდან. სასწრაფო სამედიცინი დახმარებამ ყველა მისი დაზიანება დააფიქსირა, მისი გადაყვანაც უნდოდათ საავადმყოფოში, მაგრამ ფული არ ჰქონდა და უთხრა მათ, რომ ადგილზე გაეკეთებინათ ყველაფერი რაც გასაკეთებელი იყო. მან 112-ში რომ დარეკა, აღმოჩნდა, რომ მანამდე გვერდით N4 კორპუსის მაცხოვრებლებს დაურეკიათ, ვინც ნ---- მოაცილა სახლამდე, რომ არ წაქცეულიყო. მათ შორის თუ რამე უთანხმოება ხდება, რ------ ყველაფერს მას აბრალებს.
3.3. მოწმე გ---------–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-----------–-----–---------------–-, მე-7 სართულზე. შუადღის საათები იქნებოდა, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაური, გოგოს ხმა იყო, თავიდან არ მიაქცია ყურადღება, ეგონა ბავშვები თამაშობდნენ. ყვირილი რომ არ გაჩერდა, მან გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ქალს ხელები ჰქონდა აფარებული სახეზე, კაცი ურტყამდა გამეტებით სახეში და ოდნავ დაბლა, გაშლილი ხელით. იგი გარკვევით ხედავდა ყველაფერს. მან მაშინვე დარეკა საპატრულო პოლიციაში. პატრულის თანამშრომლები, რომ მივიდნენ დაურეკეს და დაბლა ჩავიდა. სადაც ეს ინციდენტი მოხდა, იმის მოპირდაპირე კუთხეში გადმოიხედა ქალმა და დაუძახა პატრულის თანამშრომლებს რომ იქ ასულიყვნენ. ფაქტი მოხდა ქ-----------–----–-------------- კორპუსის კუთხეში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან. მამაკაცი იყო გამხდარი, შავი მოკლედ შეჭრილი თმით, საშუალო სიმაღლის. ქალიც ასევე, გამხდარი იყო, ახსოვს, რომ მუქი თმა არ ჰქონია. ბლაგვი საგანი მამაკაცის ხელში არ დაუნახავს. პირველად, რომ გადაიხედა ფანჯრიდან, მხოლოდ ბავშვები იყვნენ, მათგან მოშორებით სკამზე ხალხი კი იჯდა. პოლიციაში დარეკვის შემდეგ რომ გადაიხედა მერე სხვა ხალხიც დაინახა. დაინახა, რომ მამაკაცია მიყავდათ ეკლესიის მხარეს ცეკვის სტუდიაა იქ და იმ მახრეს, თავად აღიქვა რომ ხალხს მიყავდა, რადგან ხალხი იყო იქ, შემდეგ მეზობლებმაც უთხრეს. ინციდენტში მონაწილე მხარეების დაშორების პროცესი მას არ უნახავს.
3.4. სასამართლო პროცესზე მოწმე თ----------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს შსს რ---------------–-----------------–---------------------–---ში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ ნ-------–-ას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ რ--------------–იამ. ოჯახურ ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, დაკითხა ჭ-–-ა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ რ--------------–იამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მის მიერ დანიშნული იქნა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა ნ-------–-ას მიმართ, დასკვნის თანახმად მას აღენიშნებოდა ის დაზიანებები რაც გამოკითხვისას განაცხადა, ასევე შეესაბამებოდა იმ თარიღს, როცა მისი განმარტებით მას რ--------------–იამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მიუთითა იმ ადგილზე სადაც რ---------–--მ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე გამოკითხული იქნენ იქვე კორპუსში მაცხოვრებელი პირები, რომლებიც შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს და დაადასტურეს, რომ ასეთ ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. როგორც ახსოვს კონფლიქტი მათ შორის იყო ღალატთან დაკავშირებით, ორმხრივი შელაპარაკება იყო და ამ შელაპარაკების შემდეგ, რ--------------–იამ მიაყენა ნ-------–-ას ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3.5. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს შსს რ---------------–-----------------–---------------------–---ში დაიწყო გამოძიება სს 0----------- საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ: ქ-----------–----–------------------ში მცხოვრებმა 24.05.1--- წელს დაბადებულ ნ-------–-ამ განაცხადა, რომ მ/წლის 19 აგვისტოს ქ-----------–----–-------------- კორპუსის მიმდებარედ, მისმა მეუღლემ 1--- წელს დაბადებულმა რ--------------–იამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.6 2018 წლის 19 აგვისტოს ნ-------–-ას გარეგანი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებელმა თ----------------–--ემ მოახდინა ნ-------–-ას ტანსაცმლით დაუფარავი სხეულის ადგილების გარეგანი დათვალიერება, მისივე წერილობითი თანხმობის საფუძველზე. დათვალიერებისას მას აღენიშნებოდა მარცხენა წარბის მოდამოსთან ახლოს შეშუპება, ყელზე მარცხენა მხარეს სიწითლე, მარცხენა მხარეს ასევე აღენიშნებოდა სიწითლე და მარცხენა მაჯაზე აღენიშნებოდა სილურჯე. ნ-------–-ას განმარტებით, ზ/აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ რ--------------–იამ 2018 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე. მოხდა დათვალიერების ფოტოგადაღება, ხოლო ფოტომასალა დაერთო სს საქმეს.
3.7. 2018 წლის 20 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 2018 წლის 19 აგვისტოს მოწმე ნ-------–-ასგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და საქმეზე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზნით. ქ-----------–---------------ის მიმდებარედ არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან წმინდა ნიკოლოზის შესასვლელ ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ, ლ--------------------------------–----------------- მიმდებარედ არსებულ საფეხმავლო გზაზე ნ-------–-ამ მიუთითა ის ადგილი სადაც მისმა მეუღლემ რ--------------–იამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 აგვისტოს N005822718 დასკვნით დადგენილია, რომ ნ-------–-ას გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა წვივის მიდამოში, ნაჭდევები კისრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა მირიან ლეფსვერიძემ და განმარტა, რომ მის მიერ შემოწმებული იქნა ნ-------–-ა 2018 წლის 20 აგვისტოს. ნ-------–-ას გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა წვივის მიდამოში, ნაჭდევები კისრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, 2018 წლის 19 აგვისტოს თარიღს. თუ დადგენილებაში მითითებულ საქმის გარემოება და შესამოწმებლის მიერ გადმოცემული გამარტება ემთხვევაა ერთმანეთს, სხვა კითხავს არ სვავს. ნ-------–-ა უჩიოდა თავის ტკივილს მარცხენა თვალის, ცხვირის და მარცხენა საფეთქლის მიდამოში. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა მოლურჯო სისხლნაჟღენთი ზომით 3X3 სმ. კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნება კანის დონეზე მდებარე, ღია მოწითალო ფუფხით დაფარული ნაჭდევი ზომით 4,3X3 სმ. კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა ანალოგიური ხასიათის ნაჭდევი ზომით 5,1X0,3 სმ. ყველა დაზიანება რაც აღენიშნებოდა შესამოწმებელ პირს - ნ-------–-ას, მიყენებული იყო მხოლოდ მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
3.10. სასამართლოს სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა რ--------------–იამ და განმარტა, რომ ნ-------–-ა არის მისი მეუღლე. ერთ დღეს სამსახურიდან რომ დაბრუნდა, სახლში მეუღლე არ დახვდა, დაურეკა და ჰკითხა სად იყო, რაზეც ნ----მ უპასუხა, რომ სამი დღით რუსთავში წავიდა დედასთან, თუმცა მთელი ტანსაცმელი წაღებული ჰქონდა. ამაზე იკამათეს, წინა დღეებში კონფლიქტი ჰქონდა ბრალდებულს მეუღლის დედასთან, მას მესიჯები ჰქონდა მიწერილი ნ----სთვის, რატომ იყო რ------სთან, მასთან უნდა ყოფილიყო, რადგან დაბერდა და მიმხედი სჭირდებოდა. მესამე დღეს დაურეკა მეუღლეს, ჰკითხა რატომ არ მიდიოდა სახლში, თუ ფული არ ჰქონდა ჩავიდოდა და წამოიყვანდა, ნ----მ უპასუხა, რომ რაჭაში იყო ქორწილში, ამაზე ისევ იკამათეს, რადგან რატომ უნდა წასულიყო ქმრის გარეშე ან ისე, რომ მისი ნებართვა არ ჰქონოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირა არ დაურეკავს საერთოდ. თვითონ ნ----მ დაურეკა მერე, უნდოდა დედამისისგან წამოსვლა, უთხრა რომ ორ დღეში ჩავიდოდა სახლში, ორშაბათს უნდა წასულიყო. ბავშვმა მობილური გაუტეხა ნ----ს და რადგან იგი დედის ტელეფონით სარგებლობდა, შაბათს ახალი ტელეფონი უყიდა და დედამისისათვის ნაყიდი ახალი ბარათი ჩადო ამ ტელეფონში. ნ----მ ამის შესახებ არც იცოდა. თავად მობილურების შემკეთებელია, აკეთებს მობილურ ტელეფონებს და მერე ყიდის მათ. იმ მომენტისათვის მას თავისი ტელეფონი დაზიანებული ჰქონდა და ამიტომ დედამისის ნომრიდან მიწერა ნ-------–-ას, რას შვრები როგორ ხარო, იფიქრა გაიხუმრებდა, მაგრამ მისი მეუღლე აყვა მესიჯობაში, დაინტერესება გამოიწვია, ამ მესიჯებში დედამისიც იყო ჩართული. რომ ჩამოვიდა, არც ეგონა, რომ მისი მეუღლე იქ დახვდებოდა, ჯერ ეუბნებოდა რომ რესტორანთან შეხვდებოდა. თავის თავზეც წერდა მეუღლეს რაღაცეებს, ეკითხებოდა ქმარი ჰყავდა თუ არა, ან გაშორებული იყო თუ არა, რაზეც არაფერს პასუხობდა. ეკლესიაში რომ შევიდა იქ დახვდა ნ----, გული დაწყდა, რადგან ამ ეკლესიაში ისინი ხშირად დადიოდნენ ერთად, ეხლა კი სხვასთან შესახვედრად იყო მისული. ნ----მ რომ დაინახა რ------ უთხრა, რომ იცოდა ის რომ წერდა, უთხრა ხვალ ხომ იცი სასამართლო გაქვსო. შეკამათდნენ, ტელეფონი ამოიღო სურათი უნდა გადაეღო, უთხრა რომ მასთან დაშორება უნდოდა, ამაზე ნ----მ ტელეფონი გამოართვა და გადაუგდო, ტელეფონს ეკრანი გაუტყდა. რ------ თავის ტელეფონს სთხოვდა ნ----ს, მაგრამ ის არ აძლევდა, ექაჩებოდა, მერე მიხვდა ტელეფონს რატომ არ აძლევდა, მესიჯი ჰქონდა მიწერილი ჟანასთვის, რომ - ,,დედა 10 წუთში მოვალ უკვე შევხვდებიო“. ტელეფონის გამორთმევის დროს, თავად ზემოთ იდგა და ნ----მ თავი თავში დაარტყა და მერე დაიწყო ტირილი, რომ თვალი ტკიოდა, მან ტელეფონი გამოართვა, ხოლო ნ---- გაიქცა. ბრალდებული აღარც აპირებდა გადევნებას, გამოვიდა გარეთ, წასვლას აპირებდა, მაგრამ ფანტანთან იდგა, რატომ არ წავიდა ნ---- სახლში არ იცის, თვალი უკვე ჩაწითლებული ჰქონდა და განადგურებული იყო, რომ გამოაშკარავდა ყველაფერი, რასაც თამაშობდა. უთხრა, რომ გაყოლოდა იუსტიციის სახლში, გაყრა უნდოდა, რაზეც ნ----მ უპასუხა რომ კვირა იყო და ვერ გაეყრებოდნენ, მერე ნოტარიუსთან წაყოლა სთხოვა, რომ იქ გაეფორმებინათ, რომ ეყრებოდნენ. ხელზე მოკიდა ხელი, ცუდ დღეში იყო ფსიქოლოგიურად. იქ ბევრი სკამებია, უთხრა დამჯდარიყო და აეხსნა რატომ აკეთებდა ამას. ამ ჯაჯგურში ჩავიდნენ N7 კორპუსთან. იქ იმდენი ხალხი იდგა, როგორც წესი ,,ბირჟა“ არის ხოლმე, იქ არ დაუწყებდა ცემას, თან ხელში ,,ბაბეტკა“ ეჭირა და ამით არ დაუწყებდა ცემას. თანაც ამდენი ხანი, რომ ეცემა ვიღაც დაინახავდა და მაგასაც სცემდნენ. იქ რომ მივიდნენ კიდევ სთხოვდა დამჯდარიყო, მერე უკვე ხელის დარტყმაზე გადავიდა, ამ დროს მან ხელი ჰკრა ნ-------–-ას, ის ბუჩქებში შევარდა თავით. მერე სისხლი წამოუვიდა თუ არა არ იცის, მაგრამ ფეხზე დაზიანებას რაც შეეხება ხელი რომ ჰკრა მან ბორდიურზე წამოჰკრა ფეხი და შევარდა ბუჩქებში. ამ დროს ორი ბიჭი მოდიოდა, უთხრეს რას აკეთებდა, მათ უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო და მის პირადში არ ჩარეულიყვნენ. ეს სიტუაცია მესამე წელია გრძელდება, მისი მეუღლე ხშირად მიდის დედამისთან, იქ რჩება, მერე ისევ ბრუნდებოდა უკან. გაშორებაც სთხოვა რამდენჯერმე მას, მაგრამ არ შორდება, რა უნდა არ იცის, ფსიქოლოგურად ძალადობდა მასზე, რომ თუ დაშორდებოდა თავს მოიკლავდა. საზღვარგარეთ წასვლა უნდოდა ერთი წლის წინ, ეყრებოდა და ნ----მ უთხრა, რომ თავს მოიკლავდა, ბავშვთან ერთად გადახტებოდა მეცხრე სართულიდან. ფინანსუად მას არ უჭირს, უზრუნველყოფილია და არც მეუღლეს არ აკლებდა არაფერს, ყველაფერი ჰქონდა რაც უნდოდა, ყველაფერს უკეთებდა რაც შეეძლო. დაკავებისას მან გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლის მხრიდან და ეს გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში 2018 წლის 19 აგვისტოს. როდესაც მისმა მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე მ/წლის 19 აგვისტოს სილა გაარტყა ტაძარში და მერე გარეთ ურტყამდა, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ ნ-------–-ასთვის მას არ მიუყენებია დაზიანებები, რომლითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მასთან ურთიერთობაში თავად წარმოადგენდა მსხვერპლს, ეკლესიის ეზოში ნ----მ პირველმა დაარტყა და გაუტეხა ტელეფონი. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულმა ნ-------–-ამ ჯვარედინი დაკიტხვის დროს მართალია დაადსტურა რომელო გვაგვალიასთვის დარტყმის და ტელეფონის გატეხვის ფაქტი, მაგრამ ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც რ--------------–იამ მისი ნებარტვის გარეშე დაუწყო ფოტოების გადაღება, თხოვნაზე შეეწყვიტა გადაღება, არ შეწყვიტა და ამასთან დაარტყა კიდეც, მისი მხრიდან ასეთი ქცევა განპირობებული იყო მხოლოდ თავდაცვის მიზნით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე, ბრალდებულის მოსაზრებას, რომ ის დაზიანებები, რომელიც ნ-------–-ამ მიიღო, მიყენებულია შემთხვევით გზის ბორდიურზე ფეხის წამოკვრით და ბუჩქებში გადავარდნით. ბრალდებულის ამ ვერსიას უპირისპირდება როგორც წერილობითი, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ რ--------------–ია გამეტებით ურტყამდა ნ-------–-ას გაშლილი ხელით. მოწმე გ---------–--ემ დარწმუნებით განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ ნათლად დაინახა როგორ უტყამდა მამაკაცი ქალს, ტანმიმდევრულად აღწერა ის მოქმედებები, რომელიც ბრალდებულმა განახორციელა დაზარალებულის მიმართ, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან. დაზარალებულზე მიყენებული დაზიანებები დადასტურებულია ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მიყენებული დაზიანებების ადგილმდებარეობა, ხასიათი და რაოდენობა, გამორიცხავს მათ შემთხვევით, წაქცევით მიღების შესაძლებლობას. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ რ--------------–იას მიერ წარმოდგენილი ვერსია არათანმიმდევრულია, არადამაჯერებელია და გამიზნულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის რ--------------–იას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მ ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ რ--------------–იას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის რ--------------–იას პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი რ--------------–იას მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით რ--------------–იას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
რ--------------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
2. რ--------------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი