განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი დარახველიძე
სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თი-----------------–-ა,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზა--–----------ა,ბრალდებული - ნო-------–-–-----------ა- დაბადებული 2------------------–--–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ს--------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ბ---------–-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 10 საათსა 30 წუთზე, ქ. თბილისში, ჭ--------------–---ის პ------–-----------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნ--------------- ოჯახური ძალადობა განახორციელა დის - თ-----------ას მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი რამდენიმეჯერ დაარტყა სახეში, რა დროსაც თ-----------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ--------------- ქმედებით თ-----------ას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ნ--------------- არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------ამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. მოწმეები ნ---------------------ი და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები ნ-----------------, გი--------------–-–---–ი მხოლოდ დაზარალებულისგან ფლობენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ) შესაბამისად საპატრულო სამსახურის თანამშრომლები და ნ---------------------ი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველი) და მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა. ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ნ--------------- ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. საყურადღებოა საქმეში თვითმხილველი მოწმის - ი--------------ს ჩვენება (დაზარალებულ თ-----------ას და ბრალდებულ ნ--------------- დედა), რომლის მიხედვითაც, კონფლიქტი დაიწყო მასსა და თ-----------ას შორის, რა დროსაც ნო------------ ჩადგა მათ შორის და დაუჭირა ხელი თ-----------ას, რათა ამ უკანასკნელს არ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა დედისთვის - ი--------------სათვის. გარდა ამისა, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ მტკიცებულებაზე - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ თ-----------ას აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულს მიაყენა ნ--------------- უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდების პოზიციაზე, რომ თითქოსდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულის განცხადება ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. ყველა მტკიცებულებას, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თავისი მტკიცებითი ბუნებიდან გამომდინარე სხვადასხვა შინაარსის შემცველი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეუძლია. ისევე როგორც ზემოთ აღინიშნა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერება ზოგადად ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით. არ შეიძლება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებით ისეთი გარემოების მტკიცება, რაც მისი ბუნებიდან და შინაარსიდან არ გამომდინარეობს (საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირი ფლობს უნდა აისახოს გამოკითხვის ოქმში ან საგამოძიებო ექსპერიმენტში). შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია (დაზარალებულის განცხადება), სასამართლოს უფრო საგამოძიებო ექსპერიმენტს (მიღებული ინფორმაციის შემოწმება) აგონებს, ვიდრე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მაგრამ, თუნდაც მიღებული იქნეს მითითებული დოკუმენტი, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტი - სასამართლო აღნიშნავს და კიდევ ერთხელ განმეორდება, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას რა განაცხადა პირმა სასამართლო სხდომაზე და თუ მან (მოწმე, დაზარალებული) გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, ვერცერთი მტკიცებულება (იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის ინფორმაცია) ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის დასადასტურებლად, მით უფრო ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.
ამასთან ერთად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ--------------- ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნო------------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ფოტოილუსტრაცია ელექტრონულ დისკზე - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი დარახველიძე