გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/316-18
611210018002564587
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - შპს ,,პრ-----------ო’’
წარმომადგენელი - შპს ,,დი---------------ი’’ ბე---–-----–-ა
მოპასუხე - ი.მ. ჯა-–--–-----------
წარმომადგენელი - ელ-----------–--–ი
დავის საგანი - მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ. ჯა-–--–----------ს, შპს ,,პრ-----------ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 3116.00 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გადმოცემული განმარტების თანახმად სარჩელი ეფუძნება შემდეგს: შპს ,,პრ-----------ომ’’ რომელიც აწარმოებს საავტომობილო ნაწილების ბიზნესს 2014 წლის 11 სექტემბრიდან, 2014 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში ი/მ ჯა-–--–----------ს მიაწოდა პროდუქცია, ძირითადად საავტომობილო ზეთები, და სხვა. ზემოთმითითებულ პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სულ განახორციელა 7922.00 ლარის პროდუქციის მიწოდება, აქედან მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 4806.00 ლარი. დარჩენილი თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია, შესაბამისად ითხოვს დარჩენილი დავალიანების დაფარვას. (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არასწორია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია, ანგარიშფაქტურებში ასახული პროდუქციის ღირებულება მოპასუხემ გადასცა შპს ,,პრ-----------ოს’’ უფლებამოსილ თანამშრომელს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების არარსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოში სარჩელი შემოტანილია რა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობისათვის დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. (იხ.შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ეს--------ოს’’ მიერ (რომელიც თავდაპირველად ფუნქციონირებდა ამ სახელწოდებით) ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი/მ ჯა-–--–-----------სთვის 2014 წლის 8 ოქტომბერს მიწოდებულ იქნა 1320 ლარის პროდუქცია, 2014 წლის 11 სექტემბერს - 1214 ლარის ღირებულების პროდუქცია, 2014 წლის 19 სექტემბერს მიწოდებულ იქნა - 1028 ლარის პროდუქცია, 2014 წლის 26 სექტემბერს - 888 ლარის ღირებულების პროდუქცია, 2014 წლის 27 ოქტომბერს - 864 ლარის, 2014 წლის 17 ოქტომბერს - 728 ლარის, 2014 წლის 20 ოქტომბერს - 654 ლარის, 2014 წლის 12 სექტემბერს - 502 ლარის, 2014 წლის 7 ნოემბერს - 466 ლარის, 2014 წლის 3 დეკემბერს კი 258 ლარის ღირებულების პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- სასაქონლო ზედნადები ელ-0138902158, ელ-0134518164/1, ელ-0135854564/2, ელ-0136982197/1, ელ-0142001435, ელ-0140468273, ელ-0140822477/1, ელ-0134649243/1, ელ-0143869739, ელ-0148066926
3.1.2. შპს ,,პრ-----------ოს’’ ანგარიშის ბარათის მიხედვით 2014 წლის 11 სექტემბრიდან, 2014 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება განისაზღვრა 7922.00 ლარით, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 4806.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშის ბარათი
3.1.3. სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით, ი/მ ჯა-–--–-----------ს მიერ შპს ,,პრ-----------ოსთვის’’ 2014 წლის 18 ოქტომბერს გადახდილ იქნა - 1000.00 ლარი, 2014 წლის 27 ოქტომბერს - 1000.00 ლარი, 2014 წლის 7 ნოემბერს - 2006.00 ლარი, 2014 წლის 19 ნოემბერს - 800.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სალაროს შემოსავლების ორდერები
3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-143 მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინდივიდუალური მეწარმე ჯა-–--–-----------ს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება Nბ16177142/3
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 .მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 3116 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პროდუქცია უკანასკნელად მიწოდებულია 2014 წლის 3 დეკემბერს. მოწმის სახით დაკითხულმა ლე---------ემ, რომელიც მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელს წარმოადგენდა და შესაბამის პროდუქციით ამარაგებდა კომპანიასთან სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებს განმარტა, რომ როგორც წესი, პროდუქციის მიწოდებიან - პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებამდე პერიოდი სამ თვეს შეადგენდა. მან მიუთითა, რომ 2015 წელს იგი წამოვიდა სამსახურიდან, თუმცა იქამდე, შპს ,,პრ-----------ოს’’ ყველა მევალესთან მივიდა მისამართზე და ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი წარადგინა თავის დამსაქმებელ კომპანიაში, რათა თავის მხრივ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეხდინათ ამ თანხების ანაზღაურება. უშუალოდ ი/მ ჯა-–--–-----------ს შემთხვევაში კი, მას ასეთი ხელწერილის შედგენის საჭიროება არ შექმნია, რამეთუ თავად შპს-ს არ უცნობებია მისთვის, რომ ი.მ ჯა-–--–----------ს ასევე დასაფარი ჰქონდა თანხა.
მართალია მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს ,,პრ-----------ოში’’ 2016 წლის მაისის თვეში განხორციელებული ბუღალტრული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ ჯა-–--–----------ს მათ მიმართ გააჩნდათ დავალიანება 3116 ლარის ოდენობით და სწორედ ეს თარიღია მათთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ზემოხსენებული სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის იანვრის თვეში, სარჩელი კი აღძრულ იქნა სასამართლოში 2018 წლის 27 ივლისს - მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი; სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმე ლე---------ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
- სასაქონლო ზედნადები ელ-0138902158, ელ-0134518164/1, ელ-0135854564/2, ელ-0136982197/1, ელ-0142001435, ელ-0140468273, ელ-0140822477/1, ელ-0134649243/1, ელ-0143869739, ელ-0148066926
- სალაროს შემოსავლების ორდერები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე,129-ე, 130-ე ,144-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელი ხანდაზმულია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ამავე მუხლის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, რის გამოც, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, რომლისა ათვლაც განსახილველ შემთხვევაში წარმოიშვა 2015 წლის იანვრის თვეში და დასრულდა 2018 წლის იანვრის თვეში.
როგორც აღინიშნა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგად სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64)
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც განიმარტა, რომ ,, სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად მოქმედებს პრეზუმცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის ას-515-515-2018 გადაწყვეტილება 849.50.)
6.2. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა განისაზღვრის 2016 წლის მაისის თვე, როდესაც შპს ,,პრ-----------ოში’’ ჩატარდა ბუღალტრული შემოწმება და გაირკვა, რომ ი/მ ჯალილ გარობოვს გააჩნდა დავალიანება მოსარჩელის წინაშე. მართალია, სარჩელში დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მითითებულია, რომ მოპასუხეს არაერთხელ მიმართეს თხოვნით დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლოს შეხედულებით ნებისმიერი ვადა, იქნება ეს ზუსტად განსაზღვრული თუ ნავარაუდევი, უნდა იყოს გონივრული. გონივრული ვადა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით. გონივრულია ისეთი ვადა, რომელიც ასეთად შეიძლება ჩათვლილიყო, როგორც კანონის ობიექტური ნების, ისე მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე. შეიძლება იგი გამომდინარეობდეს სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდანაც. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის ას-515-515-2018 გადაწყვეტილება 39.) სწორედ შესრულების თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხისთვის სულ პროდუქცია მიწოდებულ იქნა 11 შემთხვევაში, ხოლო მიწოდებული პროდუქციის უდიდესი ნაწილის ანაზღაურება განხორციელებულია თითქმის ერთთვიანი ინტერვალით, შესაბამისად ივარაუდება, რომ დარჩენილი ღირებულების ანაზღაურებას სწორედ ამგვარი ინტერვალის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო და რაც, თავის მხრივ მოსარჩელისთვის სწორედ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტს უკავშირებს სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია რაც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,პრ-----------ოს’’ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 100 ლარი, საიდანაც წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით 43.48 ლარი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,პრ-----------ოს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე შპს ,,პრ-----------ოს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 43.48 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 27 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: 2:55 PMTBCBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300103150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 27 თებერვლის №1519734335 საგადახდო დავალება).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი