განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100114650366
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგ--

სასამართლოს დასახელება

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - გ---–--------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - ლ-–- გ-------–---–ი

ბრალდებული - ლ---- ნ-------ის ძე ჯ-----ძე, დაბადებული - 1----–-–---------------ს, პირადი N0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ც--–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, რ-----------------------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის 11 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისი, მეტროსადგურ რ---------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ჯ-----ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-–---------------–------ს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ლ---- ჯ-----ძის

მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას

 

დაზარალებულმა ა-–---------------–------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 11 ოქტომბერს, მეგობარ - ნ-----–-----–------ასთან ერთად გავიდა სასეირნოდ რუსთაველზე. ყავის დასალევად შევიდნენ კაფე ,,ს------–-“, რა დროსაც ვიტრინიდან დაინახა მისი ნაცნობი გ-----------------ძე მანქანით. მობილურ ტელეფონზე დაურეკა და შეეცადა შეეჩერებინა, რომელიც გაჩერდა, მივიდა მათთან და ნ-----–-----–------ასთან ერთად კაფეში ყავის დალევა შესთავაზა. გ------- ტელეფონზე საუბრობდა და უთხრა, რომ მასთან უნდა მოსულიყო მეგობარი - ლ----ი. ლ----ი ნამდვილად მივიდა მათთან და გ-------მ მათ ის გააცნო როგორც ლ---- ჯ-----ძე. მათ შესთავაზეს ერთად ევახშმათ და გ-------მ სთხოვა ლ----ს გაჰყოლოდნენ და ვიდრე შეკვეთას მიუტანდნენ, ისაც შეუერთდებოდა. თავიდან უარზე იყვნენ, რაზეც გ-------მ უთხრა, რომ ,,პატარა გოგონები არ ხართ, მიბრძანდით, შეუკვეთეთ და შემოგიერთდებითო“. ვინაიდან, გ-------ს დიდიხანია იცნობდა და ენდობოდა, მეგობარ ნ-----–---თან ერთად გაჰყვა ლ---- ჯ-----ძეს რესტორანში. ლ----ი იყო თავის მძღოლთან და მეგობართან ერთად, რომელსაც იგი აცილებდა ბ------–---აში. წავიდნენ შანხაიში, საბურთალოზე, როგორც ახსოვს ეს იყო ლ----ის კაფე. შეუკვეთეს სასმელები, წვენები და მწვადი. დრო გადიოდა, მაგრამ გ------- არ მიდიოდა. უნდოდა დაერეკა გ-------სთან, მაგრამ ლ----მა უთხრა ,,მოიცადე და შემოგვიერთდებაო“. ივახშმეს და გადაწყვიტეს შეეცვალათ ადგილი ან წასულიყვნენ სახლში. ამის შემდეგ, ჯ----ზე წავიდნენ კარაოკე ბარში, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა, სხვა კარაოკე ბარში შევიდნენ, მაგრამ გარემო არ მოეწონათ და მალე წამოვიდნენ. გადავწყვიტეს სახლში წასვლა. პარლამენტის შენობის უკან ცხოვრობდნენ და რუსთაველით წავიდნენ. ავტომანქანაში ლ---- ჯ-----ძემ არაადეკვატურად დაიწყო მოქცევა - მკერდზე მოჰკიდა ხელი, ეხებოდა ფეხებზე, რაზეც აგრძნობინა, რომ არ ღირდა. რამდენჯერმე შენიშვნის მიცემის შემდეგ, ბრალდებულმა უთხრა - ,,შენ ვინ ხარ, მე ვარ აქ, ქალიშვილივით რატომ იქცევიო“ და დაიწყო გინება და უხეში საუბარი. მან სთხოვა მანქანა გაეჩერებინა, რაზეც ლ----მა ძლიერად მოუჭირა ხელი და სახეში გაარტყა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მძღოლმა მანქანა გააჩერა და მეგობართან ერთად გადმოვიდა ავტომანქანიდან. გზაზე, ფეხოსანი პატრულის თანამშრომლებს მიმართეს, მომხდარი შემთხვევის თაობაზე მოუყვნენ და გაარკვიეს დახმარებისათვის თუ რომელი პოლიციის განყოფილებისათვის უნდა მიემართათ განცხადებით, რაც გააკეთეს კიდეც.

დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას სრულად დაადასტურა ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ - ნ-----–-----–------ამ და დამატებით განმარტა, რომ კონფლიქტი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დაიწყო იმის ნიადაგზე, რომ ლ----ი ხელებს უყოფდა იმ ადგილებში, სადაც არ უნდა ეკადრებინა. ა-–----------ს უარისა და წინააღმდეგობის გამო, ლ----მა მას სახეში ერთხელ გაარტყა ხელი. ასევე, მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ბრალდებულის ერთი მეგობარიც გადაყვა და ბოდიში მოუხადა ლ----ის საქციელის გამო. მოწმის განმარტებითვე, ა-–----------ს ისტერიკა ჰქონდა, ტიროდა და სიწითლე აღენიშნებოდა სახეზე, რაც შემდეგ სილურჯეში გადაიზარდა. დასახმარებლად პოლიციის შენობაში მისვლისას კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, რათა ა-–----------სთვის ტკივილი გაეყუჩებინათ.

პოლიციის შენობაში გამოძახების საფუძველზე მისვლის და ახალგაზრდა გოგონასათვის - ა-–----------- ბ---–-------ათვის ინექციის სახით გამაყუჩებელი საშუალების გაკეთების ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა - თ---------------მა, რომელმაც განმარტა ისიც, რომ იმ მომენტში გოგონა იყო აფორიაქებული და უჩიოდა ტკივილს სახის მარცხენა არეში.

მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------–---მ აჩვენა, რომ ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2014 წლის 12 ოქტომბერს მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–-------–-----------------–------------------–----------------------------–-- თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ძ---–-------–-----------------–------------------–--ას მომართა მოქალაქე ა-–---------------–------მ, რომელმაც განცხადებაში დააფიქსირა, რომ 2014 წლის 11 ოქტომბერს, მისმა ნაცნობმა ლ---- ჯ-----ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ა-–---------------–------ იმ დროისთვის თავს გრძნობდა ცუდად, სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, შფოთავდა, იყო ფერმკრთალი. გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამის შემდეგ, ა-–---------- დამშვიდდა, დაწყნარდა და შესაძლებელი გახდა მისი დაკითხვა.

2014 წლის 05 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, ა-–---------------–------ს სახის მიდამოში მარჯვნივ, ქვედა ყბის ძვლის სხეულის შუა მესამედის საპროექციოდ აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - ს-------- ბ--–-----მ.

2014 წლის 23 ოქტომბრის პირის ამოცნობის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ა-–---------------–------ს მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ბრალდებული - ლ---- ჯ-----ძე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

2014 წლის 23 ოქტომბრის პირის ამოცნობის შესახებ ოქმის მიხედვით, მოწმე ნ-----–-----–------ას მიერ ამოცნობილი პიროვნება არის ბრალდებული - ლ---- ჯ-----ძე, რომელმაც მის მეგობარს - ა-–---------------–------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში.

 

მოწმე ლ---- მ-------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2014 წლის 11 ოქტომბერს, მეგობარ -ლ---- ჯ-----ძესთან და მისთვის უცნობ ორ გოგონასთან ერთად იყო რესტორანში, სადაც ივახშმეს და დალიეს ორი ბოთლი ღვინო. დალევის შემდეგ წავიდნენ კარაოკე ბარში. ვინაიდან, საღამოს ბ------–---აში მიემგზავრებოდა აჩქარებდა ლ---- ჯ-----ძეს, რომ აეროპორტში რეგისტრაციისთვის მიესწრო. ლ---- ჯ-----ძე იჯდა მძღოლის უკან, ხოლო მის გვერდზე ისხდნენ გოგონები, რომელთა თანმიმდევრობა არ ახსოვს, ხოლო თავად ჩაწოლილ მდგომარეობაში იჯდა წინ მძღოლის გვერდზე. ავტომანქანა გააჩერეს რ---------–-- მეტროსთან, სადაც დატოვეს გოგონები, რომლებიც იყვნენ აღელვებულნი. გადავიდა ავტომანქანიდან და ჰკითხა ხომ არაფერი ეწყინათ, თან შესთავაზა ტაქსის გამოძახება. ლ---- ჯ-----ძის მხრიდან გოგონების მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და არც დაზიანება დაუნახავს გოგონების სახეზე. მძღოლიც და თვითონაც ავტომანქანის უკანა ხედვის სარკეში იყურებოდა და შესაბამისად, ლ----ის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად დაინახავდა.

მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ლ---- ჯ-----ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 11 ოქტომბერს მეგობართან - ლ---- მ-------–---–თან და მძღოლთან ერთად იმყოფებოდა ოფისში, რა დროსაც დაურეკა მისმა ნაცნობმა გ--------------მ და უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ-----–ის ქუჩაზე კაფეში ნაცნობ გოგონებთან ერთად და სთხოვა მისულიყო. მძღოლი და მისი მეგობარი მანქანაში დატოვა, თვითონ შევიდა კაფეში. მაგიდასთან იჯდა გ-------------- და მისთვის უცნობი ორი გოგონა. გ--მ გააცნო გოგონები და უთხრა, რომ თვითონ საქმესთან დაკავშირებით გასასვლელი იყო და მოგვიანებით შეუერთდებოდა რესტორანში. გოგონები მას გაჰყვნენ რესტორანში. გზიდან დარეკა და შეკვეთა გაკეთა, ხოლო რესტორანში მისულებს მაგიდა უკვე გაშლილი დახვდათ. ივახშმეს, დალიეს და გოგონების თხოვნით კარაოკე კლუბში წავიდნენ. ერთი კარაოკე ბარი დაკეტილი დახვდათ, ხოლო მეორეში სიტუაცია არ მოეწონათ და მალე გამოვიდნენ. იმის გამო, რომ მისი მეგობარი ლ----ი ბ------–---აში მიფრინავდა და გოგონებს სხვაგან ვეღარ წაიყვანდა, მათ რ---------–-- მეტროსთან გააჩერეს მანქანა და გოგოებიც გადავიდნენ. მათ შორის არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და არც არავისთვის გაურტყამს ხელი სახეში, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და წინააღმდეგობაშია დაზარალებულის და მისი მეგობრის ჩვენებასთან, რომელიც არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ჯ-----ძის ჩვენება არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენება უნდა შემოწმდეს გულდასმით მისი თანმიმდევრობისა და სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით შესაბამისობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულის ჩვენება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად და მივიღოთ მხედველობაში.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ა-–---------------–------მ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა ლ---- ჯ-----ძის მიერ განხორციელებული ქმედება. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგად განიცხადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია თვითმხილველი მოწმის ნ-----–-----–------ას ჩვენებასთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ექიმის და ექსპერტის ჩვენებებთან და ამოცნობის ოქმებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ლ---- ჯ-----ძის ქმედებამ გამოიწვია ა-–---------------–------ს ფიზიკური ტკივილი და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.

სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით კი განმარტავს შემდეგს:

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან და არასაკმარისობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ამოცნობის ოქმებთან.

გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის - ლ---- მ-------–---–ის ჩვენება ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის და თვითმხილველი მოწმის ჩვენებასთან, ასევე მისივე ჩვენებასთან. მისი განმარტებით, ავტომანქანაში ჩაწოლილ მდგომარეობაში იჯდა წინა მხარეს, თუმცა სარკეში ხედავდა სალონის უკანა ნაწილში განვითარებულ მოვლენებს, რაც აშკარად არადამაჯერებელია გამომდინარე იქედან, რომ წარმოუდგენელია ავტომანქანის წინა სავარძელზე ჩაწოლილ მდგომარეობაში მყოფი პირი სარკიდან ხედავდეს სალონის უკანა ნაწილში განვითარებულ მოვლენებს, მითუმეტეს იმის ფონზე, თუკი სარკე მიმართულია მძღოლის მხარეს, როგორც თავად დაცვის მოწმემ განმარტა.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ჯ-----ძემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ლ---- ჯ-----ძემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგალითად ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და, ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულისათვის როგორც ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ისე მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ---- ჯ-----ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილია 2014 წლის 11 ოქტომბერს. სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს. შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ბრალდებულთა ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ (პირდაპირ) მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ამდენად, ლ---- ჯ-----ძე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- ჯ-----ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ჯ-----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ლ---- ჯ-----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი