გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3708-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „ე--------“
წარმომადგენელი - შ----------------–ი
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე, ლ-------------ე, გ--------–--------–ი
მესამე პირი - სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - კ---------------–---–ი
მესამე პირი - სს „ე----------------------ა“
წარმომადგენელი - შ--–------------ე
დავის საგანი - ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სს "თ--–--ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.2. მესამე პირის - სს "ე----------------------ას" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 461-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 21 ივნისის N4865 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ,,ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი: ა) ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R = P * W, სადაც: R - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ–ს გარეშე); P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/კვტსთ); W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ)’’.
ბ) გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზაზე დაყრდნობით, შემდეგი ფორმულით: P = (A * K) / (S) სადაც, P - გატარების ფასი (ლარი/კვტსთ); A - გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი); K - მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის (20%) და მოიცავს: ამორტიზაციას - 8%; აქტივების ბაზაზე ამონაგებს გადასახადებამდე - 7%; საოპერაციო დანახარჯებს - 5%. S - ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობა (კვტ.სთ);
გ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ მესამე პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელის (ან ქსელის ფრამგენტის) შემადგენელი ელემენტები: გ.ა) ელექტროგადამცემი ხაზი ან/და; გ.ბ) სატრანსფორმატორო პუნქტი ან/და; გ.გ) გამანაწილებელი, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობები და; გ.დ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება - ს/ფ 87-90
4.1.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება (მომზადების თარიღი: 30.11.2017), რომ შპს ,,ე---------’’ საკუთრებაშია ელექტროგადამცემი ხაზი, ო--------------------------------------------------------–---------------------------------------------–------------------------------------------------––-------–--ა, დამოწმებული 2007 წლის 29 იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 08.09.2014 წელი) დგინდება, რომ შპს ,,ე---------’’ ს/კ 2-------- 2002 წლის 28 ოქტომბრის თელავის რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციის N3--------. დირექტორი - ე-–--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 21-22
- ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს/ფ 69-70
4.1.3. 2017 წლის 13 ნოემბერს შპს ,,ე---------’’-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს და ითხოვა განმარტება შემდეგ კითხვებზე: 1. როგორც შპს ,,ე---------’’-სათვის ცნობილია, კომპანიასა და განაწილების ლიცენზიანტს შორის სამართლებრივი ურთიერთობა ელექტროენერგიის გატარების მომსახურებასთან დაკავშირებით შეიძლება მოწესრიგდეს როგორც დადგენილებით, ასევე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა როგორ უნდა მოიქცეს იმ პირობებში, როდესაც განაწილების ლიცენზიანტი უარს აცხადებს კომპანიასთან სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და მათი ქსელის სარგებლობისათვის სთავაზობს დადგენილებაში აღნიშნული ფორმულით დათვლილ საფასურს?
2. ითხოვა განმარტება, იმ პირობებში როდესაც ნათელია რომ დადგენილება აბსოლუტურად არაქმედითი დოკუმენტია, რომელიც დაუმსახურებელ ბენეფიტებს ანიჭებს განაწილების ლიცენზიატს, ხოლო ქსელის მესაკუთრეს გარდაუვალ გაკოტრებას უქადის, თუ შეუძლია მოითხოვოს განაწილების ლიცენზიანტისაგან სამართლებრივი ურთიერთობის სამოქალაქო წესით მოწესრიგება?
3. ითხოვა ახსნა დადგენილებით გათვალისწინებული ფორმულით მიღებული შემოსავლით თვეში 6,06 ლარით, როგორ უნდა შეძლოს საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების დაფარვა ქსელის საიმედო, უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირებისთვის?
4. კომპანიას, როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს აქვს თუ არა უფლება მიიღოს ადექვატური სარგებელი მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების შედეგად, რომელიც დაფუძნებულია თმენის ვალდებულებაზე? თუ მსგავსი უფლება არსებობს, როგორ განმარტავდა კომისია დადგენილებას, რომელიც პირს საკუთრებაში უძრავი ქონებით სარგებლობით შემოსავლის მიღების საშუალებას უსპობს?
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 ნოემბრის განცხადება - ს/ფ 41-43
4.1.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N1------------ წერილით შპს ,,ე---------’’-ს ეცნობა, რომ ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრულია მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი. ამასთან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის 461-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.
თმენის კომპენსაციის გაანგარიშების წესი რაიმე სპეციალური ნორმატიული აქტით დარეგულირებული არ არის. ამასთან, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ (შემდგომში - "წესები’’) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად. მხარეთა შეთანხმება, მათ შორის შესაძლოა გამოიხატოს იჯარის ხელშეკრულებაშიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად თუ მხარეები ყველა არსებით პირობაზე მიაღწევენ შეთანხმებას, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული მუხლის თანახმად, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად. შემოსავლის სახით მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც, ამასთან წესების მე-15 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.
შესაბამისად, თუ არსებობს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება (მათ შორის იჯარის ხელშეკრულება), რომელშიც განსაზღვრულია გატარების საფასური, ასეთ შემთხვევაში, კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული გატარების საფასურის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება.
თუ განაწილების ლიცენზიატი უარს აცხადებს მხარეთა შეთანხმებაზე და ქსელის მესაკუთრეს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული გატარების საფასური არ არის მისი ქსელით სარგებლობის თმენის საკმარისი საზღაური, ის უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს კომპენსაციისთვის შესაბამისი ფულადი კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.
ნებისმიერ შემთხვევაში მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს ქსელზე მფლობელობის გარემოებას. შესაბამისად მხარეთა შორის დავა უნდა გადაწყდეს ისე, რომ სადავო პერიოდში უზრუნველყოფილი იქნეს ქსელის ნორმალური ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის მომარაგების უწყვეტობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N1------------ წერილი - ს/ფ 44-45
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. "მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 461-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 21 ივნისის N4865 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ,,ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი: ა) ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R = P * W, სადაც: R - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ–ს გარეშე); P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/კვტსთ); W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ)’’. ბ) გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზაზე დაყრდნობით, შემდეგი ფორმულით: P = (A * K) / (S) სადაც, P - გატარების ფასი (ლარი/კვტსთ); A - გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი); K - მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის (20%) და მოიცავს: ამორტიზაციას - 8%; აქტივების ბაზაზე ამონაგებს გადასახადებამდე - 7%; საოპერაციო დანახარჯებს - 5%. S - ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობა (კვტ.სთ); გ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ მესამე პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელის (ან ქსელის ფრამგენტის) შემადგენელი ელემენტები: გ.ა) ელექტროგადამცემი ხაზი ან/და; გ.ბ) სატრანსფორმატორო პუნქტი ან/და; გ.გ) გამანაწილებელი, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობები და; გ.დ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).
’’ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მოსარჩელე, წარმოდგენილ სარჩელში ზოგადად უთითებს, რომ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ის დანაწესი, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესებით’’ გათვალისწინებული მოთხოვნა და უშუალო ზიანი მიადგა შპს ”ე---------”-ს, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა კონკრეტულად რომელ კანონთან მოდის იგი შეუსაბამობაში მოსარჩელე არ განმარტავს.
იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად ფუნქციას სამართალგამოყენება, ნორმათშეფარდება წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონქვემდებარე აქტებად მიჩნევას განაპირობებს, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოს ნორმაშემოქმედებითი უფლებამოსილებით აღჭურვა საკანონმდებლო აქტების აღსრულების მიზნით ამგვარი კომპეტენციის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელებას მოითხოვს.
,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და 461 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 21 ივნისის №4865 საქართველოს კანონის მე-2 მუხლი.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. მე-2 პუქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და სისტემის კომერციული ოპერატორისათვის. მე-4 პუნქტის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქმის განხილვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება ტარიფების მეთოდოლოგია და ტარიფები (მათ შორის ზღვრული). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.
ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია ვალდებულია, ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების სექტორებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში. კომისია ასევე უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგებები და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები. მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, აგრეთვე დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები. კომისიას უფლება აქვს, შესაბამისი ლიცენზიატისაგან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან, მიმწოდებლისაგან, იმპორტიორისაგან, ექსპორტიორისაგან ან/და ბაზრის ოპერატორისაგან მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები: ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან; ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად; გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბაზრის ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე; დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში მოკლე- და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით; ვ) ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყვიტოს მომსახურების გაწევა; ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე; თ) ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციასა და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დგენისას ეყრდნობა: ა)დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია; ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს; გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს; დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს; ე) რეგულირების საფასურის ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურებს", ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ბაზრის ოპერატორს, მიმწოდებელსა და პირდაპირ მოხმარებელს. ამავე კანონის 461-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად თავის ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონით უფლება აქვთ, ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ ელექტროენერგიის მომხმარებლებზე. მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად.
7.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია გატარების მომსახურების სფერო და ძირითადი პრინციპები, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე. მე-2 პუნქტის თანახმად ქსელის მფლობელთან გატარების ხელშეკრულების დადების და ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასურის გადახის ვალდებულება ეკისრება განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიატს, გარდა ამ მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ქსელის მფლობელის ელექტრული ქსელი პირდაპირ აკავშირებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და საცალო მომხმარებელს, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან და გატარების მომსახურებაში არ მონაწილეობს გამანაწილებელი ქსელი, ასეთ შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, ქსელის მფლობელთან დადოს ხელშეკრულება გატარების მომსახურებაზე და გადაუხადოს ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასური. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ქსელის მფლობელის ელექტრული ქსელი პირდაპირ აკავშირებს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ან წარმოების ლიცენზიატს და პირდაპირ მომხმარებელს ისე, რომ გატარების მომსახურებაში არ მონაწილეობს გამანაწილებელი ქსელი, ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია ქსელის მფლობელთან დადოს ხელშეკრულება გატარების მომსახურებაზე და გადაუხადოს ამ წესების მიხედვით გაანგარიშებული გატარების საფასური. მე-5 პუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ ლიცენზიატისთვის ანალოგიური მომსახურებისთვის. ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა.
მოსარჩელის მითითებით, დავა ეხება ფასით და ქსელით სარგებლობისათვის დადგენილი ფორმულით დათვლილ საფასურს, თუმცა მოსარჩელე მხარე არ უთითებს, რომ თანხის ოდენობის გაუთვალისწინებლად, კანონმდებლობის რა ნორმები იქნა დარღვეული სადავო ნორმატიული აქტის დანაწესის მიღებისას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის ბათილად ცნობის არგუმენტაცია დასაბუთებულია მიზანშეწონილობის მოტივებით, თუმცა სადავო ნორმის მიზანშეწონილობის განსაზღვრა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას. სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს სამართლებრივ ასპექტებს და არ იხილავს სოციალურ ან ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამრიგად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე--------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი