გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002440318
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/13693-18

330210018002440318

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - შპს ,,კო---------------“

წარმომადგენლები: მა-------–---–---ძე, აკ---------ძე

მოპასუხე - შპს ,,მე--------------–---ლ“

წარმომადგენლები: ნი----------–-ა, სო-------------–---–ი, ნა-----------–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 233514.90 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 79312.15 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 2015 წლის 22 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით.

სარჩელის საფუძვლები:

 

მხარეთა შორის 19/04/2012წ. დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს, როგორც მენარდეს, დამკვეთისათვის უნდა შეესრულებინა ქ. ქ-------–-----------------------–--------–-------–-------- შენობის საინფორმაციო ტექნოლოგიისა და უსაფრთოხებისათვის განკუთვნილი ელექტრომოწყობილობების მიწოდება და მათი მონტაჟი, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების, ტექნიკური სტანდარტებისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 793121.58 ევროს, საიდანაც 713809.42 ევრო მოიცავდა მისაწოდებელი საქონლის, ხოლო 79312.16 ევრო კი - მონტაჟის ღირებულებას. ამ თანხიდან 50%-ის გადახდა უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში, 30%-ის - სამუშაოების შესრულების პროცესში, ხოლო 20%-ის - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 30 სექტემბრამდე, რის შემდეგაც უნდა შემდგარიყო წინასწარი მიღება-ჩაბარების, ხოლო 10 დღის შემდეგ - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.

29/09/2012წ. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 20/12/2012წ. ჩათვლით.

20/12/2012წ. მხარეთა შორის შედგა წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, ფორმა 2-ის შესაბამისად, შეადგინა 1745643.51 ლარი, შესაბამისი კურსით 793835.16 ევრო (1 ევრო-2.199 ლარი).

14/03/13 წ. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურითა და სამუშაოების შესრულების აქტით, დამკვეთმა მიიღო და აღიარა 1745643.51 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულება (შესაბამისი კურსით 793835.16 ევრო), საიდანაც მოპასუხემ 15/05/2012წ. გადაიხადა 827860.31 ლარი (396560.70 ევრო), 18/09/2012წ. – 513990.37 ლარი (237936.47 ევრო), ჯამში - 634497.26 ევრო.

დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 158337.90 ევრო, რომლის გადახდის გაჭიანურების გამო, მოსარჩელემ 24/05/2013წ. წერილობით მიმართა მოპასუხეს და, ამასთან, დამატებით მოითხოვა 21/12/12 დამატებით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, პ----–-------- პერსონალის ტრენინგების ჩატარებისა და დამონტაჟებული მოწყობილობების ტესტირებისათვის გაწეული ხარჯების სახით (რაც დასრულდა 04/02/2013წ.) 75177 ევროს ანაზღაურებაც. ამ მოთხოვნამ მხარეთა შორის გამოიწვია გაუგებრობა და უთანხმოება, კერძოდ, მოპასუხე ამ მოთხოვნას ხელშეკრულების საერთო ღირებულებაში განიხილავდა, რის შესახებაც მოსარჩელეს აცნობა 18/06/2014წ. წერილით.

მას შემდეგ, რაც სახელწმიფომ - შპს ,,სა---–-–------------------------------ს“ სახით - როგორც ძირითადმა დამკვეთმა დაიწყო მოპასუხის, როგორც ძირითადი შემსრულებელი-მენარდის შემოწმების პროცესი, რისთვისაც დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკვეთის მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრის კუთხით, რაც ქვეკონტრაქტის საფუძველზე შესრულებული ჰქონდა მოსარჩელეს, საბოლოო ანგარიშსწორება მოპასუხემ საკუთარი ინიციატივით გადადო ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე.

21/06/2014წ. ასეთი დასკვნის მიღების შემდეგ, მოპასუხემ იმავე წლის 26 ივნისის წერილით მოითხოვა 31/12/2012წ. ანგარიშ-ფაქტურის (1745643.51 ლარი-794593.3 ევრო) დაკორექტირება 31/12/12/ წ. დროისათვის არსებული გაცვლითი კურსით ლარში - ერთი ევრო - 2.1825 ლარი. ანუ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოპასუხის გაანგარიშებით, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1406044.80 ლარს, რომელიც, მოპასუხის მოსაზრებით, ასევე მოიცავს ტრენინგებისა და ტესტირების ხარჯებსაც. შესაბამისად, მოპასუხემ უარი განაცხადა დარჩენილი დავალიანების გადახდაზე საგადამხდელო დოკუმენტაციაში მის მიერ მოთხოვნილი კორექტირების ასახვამდე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა 17/08/2014 წ. წერილით.

მოსარჩელეს ექსპერტიზის ბიურომ აცნობა, რომ ტრენინგებისა და ტესტირების ხარჯებს არ მოიცავდა დასკვნაში აღნიშნული გაანგარიშება, რადგან ეს ხარჯები არ იყო ასახული შესრულებულ სამუშაოთა აქტში.

აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხემ ივალდებულა არსებული დავალიანების პერიოდულად დაფარვა, რისთვისაც ითხოვა გარკვეული დრო, რაც მოსარჩელემ გაითვალისწინა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, შემდგომ კვლავ უარი განაცხადა დავალიანების დაფარვაზე.

მოსარჩელე ითხოვს, ძირითადი დავალიანების 233514.90 ევროს ექვივალენტი ლარისა და ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით ამ თანხის 0.5%-ის - 79312.15 ევროს ექვივალენტი ლარი - მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

2.1. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.-ები: 91-105):

მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შედგა წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი, მოპასუხემ უარი განაცხადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე, იმ მიზეზით, რომ ეჭვი შეიტანა ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულებაში, რაც დადასტურდა ჩატარებული ექსპერტიზით, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ.

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის ოდენობა, თუმცა განმარტა, რომ მან სრულად აუნაზღაურა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოები, ხოლო რაც შეეხება ტრენინგების ხარჯებს, აღნიშნულს არ მიცავდა ხელშეკრულება და ამ მომსახურების მიმღები არ არის მოპასუხე.

მოპასუხემ განმარტა, რომ 2012 წელს მხარეთა შორის დამატებითი პროექტის შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება ხდება მხოლოდ დღგ-ს ანგარიშგების მიზნებისათვის. მოგვიანებით, როდასაც ხდება შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის დაზუსტება, ასევე ზუსტდება გამოწერილი დღგ-ს ფაქტურა. შესაბამისად, მოპასუხემ მართლაც მოითხოვა ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ.

მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების კონკრეტული ვადები. კერძოდ, მხარეთა შორის წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 20 დეკემბერს, საიდანაც უნდა ათვლილიყო 10 დღე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. ამ აქტის ხელმოწერაზე უარით, მოპასუხემ, როგორც დამკვეთმა, არ დაადასტურა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და შესაბამისად, გადასახდელი თანხის ოდენობა. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღიდან, როდესაც უნდა გაფორმებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულება აღარ შესრულდებოდა. მოპასუხეს არსად დაუდასტურებია დავალიანების არსებობა. ყველა კორესპონდენციაში იგი მიუთითებდა, რომ მოთხოვნილი ოდენობით ვალდებულება არ არის შესასრულებელი.

მოპასუხის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 2012 წლის 30 დეკემბერს და დასრულდა 2015 წლის 30 დეკემბერს.

პირგასამტეხლოსათნ დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ, რამდენადაც არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს გადახდის საფუძველიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,სა---–-–------------------------------სა“ და მოპასუხე, შპს ,,მე--------------–---ლს“ შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ამ უკანასკნელს, როგორც დამკვეთსა და მოსარჩელე, შპს ,,კო---------------ს“, როგორც მენარდეს, შორის 19/04/2012წ. დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (შემდგომში ,,ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ქ. ქ-------–-----------------------–--------–-------–-------- შენობის საინფორმაციო ტექნოლოგიისა და უსაფრთოხებისათვის განკუთვნილი ელექტრომოწყობილობების მიწოდება და მათი მონტაჟი, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების, ტექნიკური სტანდარტებისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 793121.58 ევროს, საიდანაც 713809.42 ევრო მოიცავდა მისაწოდებელი საქონლის, ხოლო 79312.16 ევრო კი - მონტაჟის ღირებულებას. ამ თანხიდან 50%-ის გადახდა უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში, 30%-ის - სამუშაოების შესრულების პროცესში, ხოლო 20%-ის - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 30 სექტემბრამდე, რის შემდეგაც უნდა შემდგარიყო წინასწარი მიღება-ჩაბარების, ხოლო 10 დღის შემდეგ - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.

29/09/2012წ. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 20/12/2012წ. ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი

- 19/04/2012წ. ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 24-34);

- 29/09/2012წ. შეთანხმება (ს.ფ.-ები: 35-38)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 20/12/2012წ. მხარეთა შორის შედგა წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, ფორმა 2-ის შესაბამისად, შეადგინა 1745643.51 ლარი, შესაბამისი კურსით 793835.16 ევრო (1 ევრო-2.199 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი

- 20/12/2012წ. წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.-ები: 38-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 14/03/13 წ. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურითა და სამუშაოების შესრულების აქტით, მოპასუხე, როგორც დამკვეთმა მიიღო და აღიარა 1745643.51 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულება (შესაბამისი კურსით 793835.16 ევრო), საიდანაც მოპასუხემ 15/05/2012წ. გადაიხადა 827860.31 ლარი (396560.70 ევრო), 18/09/2012წ. – 513990.37 ლარი (237936.47 ევრო), ჯამში - 634497.26 ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი

- (ს.ფ.-ები: 40-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 15/01/2013წ. მოსარჩელემ გამოწერა და მოპასუხეს გადაუგზავნა დღგ-ს ელექტრონული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ს ჩათვლით 1745643.51 ლარზე, რომელიც დადასტურებული იქნა მოპასუხის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ელექტრონული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ.46);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 24/05/2013წ. წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა, ამ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის ვადაში დარჩენილი დავალიანების გადახდა 403792.83 ლარის ოდენობით, პ----–-------- პერსონალის ტრენინგის ღირებულების ჩათვლით, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა და თავის მხრივ, სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ დასკვნაზე მითითებით, 26/06/2014წ. წერილით მოსთხოვა მოსარჩელეს ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ნაჩვენები თანხის კორექტირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი

- მოსარჩელის 24/05/2013წ. წერილი (ს.ფ.-ები: 47-50);

- მოპასუხის 18/06/2014წ. და 26/06/2014წ. წერილები (ს.ფ.-ები: 51-55);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ 21/06/2014წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც შედგა შპს ,,სა---–-–------------------------------ს“ დაკვეთით, ქ. ქ-------–-, საქართველოს პ----–-------- სენობაში შპს ,,მე--------------–---ლის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ, შესრულებულ სამუშაოთა აქტში ნაჩვენები 794593.30 ევროს ნაცვლად შეადგინა 644235.91 ევრო.

ამავე საექსპერტო დაწესებულების 12/11/2015 წერილით, აღნიშნული ღირებულება არ მოიცავს სისტემის ტესტირებისა და პერსონალის ტრენინგის ხარჯებს, რამდენადაც არ იყო ასახული შესრულებულ სამუშაოთა აქტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი

- სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ დასკვნა (ს.ფ.-ები: 56-58);

- მისივე 12/11/2015წ. წერილი (ს.ფ.65);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი

- 19/04/2012წ. ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 24-34);

- 29/09/2012წ. შეთანხმება (ს.ფ.-ები: 35-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი, 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, 130-131-ე, 138-ე მუხლები, 144-ე მუხლის პირველი ნაწილი, 145-ე, მუხლი, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლის პირველი ნაწილი, 327-ე, .

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელით დაყენებული ძირითადი მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ხელშეკრულების 4.3. პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მხარეთა სპეციალური წარმომადგენლების მიერ დგება წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება მიმწოდებლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება, ხოლო 4.4. პუნქტის თანახმად, წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში მხარეთა შორის ფორმდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო გადახდის უზრუნველყოფის საფუძველს.

უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 29 სექტემბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბერი.

ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს, მხარეთა შორის შედგა წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

ამდენად, წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში - 2012 წლის 30 დეკემბერს - მხარეთა შორის უნდა შემდგარიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოშობდა მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის სასარგებლოდ საბოლოო გადახდაზე (იხ. ხელშეკრულების 2.1. პუნქტი).

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 131-ე მუხლით კი, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ 21/06/2014წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით (იხ. 3.1.6. ფაქტობრივი გარემოება), რამდენადაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობა არ იყო დამოკიდებული შპს ,,სა---–-–------------------------------ს“ მიერ მოპასუხესთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე მოქმედების შესრულებაზე, მათ შორის, ექსპერტიზის მეშვეობით სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების დადგენაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის 30 დეკემბრიდან, როდესაც მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შემდგარიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

შპს ,,კო---------------მ“ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 10 მაისს, ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა კი ამოიწურა 2015 წლის 30 დეკემბერს.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მიუხედავად იმისა, რომ პ----–-------- პერსონალის ტრენინგების ჩატარებისა და დამონტაჟებული მოწყობილობების ტესტირებისათვის გაწეული ხარჯების მოთხოვნის ნაწილის გარდა, სხვა ნაწილში მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დამადასტურებელი დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს როგორც ძირითადი მოთხოვნის, ისე პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც მოპასუხე, გარდა უსაფუძვლობისა, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს მისი ხანდაზმულობითაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამავე კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც მოსარჩელეს გაშვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახეწლმიფო ბაჟი 5000 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,კო---------------ს“ (ს.ნ.4--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

3. შპს ,,კო---------------ს“ (ს.ნ.4--------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი