განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100116001567525
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #4------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მი----–------ა,დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - თა------------–---–ი,ბრალდებული - გი----------–--ე, დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, გ-–---------------------------------------------- N9.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 22 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ.თბილისში, ბ---------------------------------ში მდებარე შპს ,,---–----------“ ოფისში გი----------–--ე თვითნებურად დაეუფლა ლი---------–---–ის კუთვნილ ,,Acer”-ის ფირმის ლეპტოპს და ,,Nicon-ის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს. აღნიშნული ქმედებით 860 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაზარალებულს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლი---------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს დაუკავშირდა მისი თანამშრომელი მა------–---–-----ი, რომელმაც განუცხადა, რომ გი----------–--ემ ოფისიდან წაიღო ,,Acer”-ის ფირმის ლეპტოპი და ,,Nicon”-ის ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. მან ციფრული ფოტოაპარატი და ლეპტოპი სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაუტოვა სამუშაოდ მის თანამშრომელს - მა------–--–-----ს. გი----------–--ე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ქორწინება გაწყვიტა. ,,Acer”-ის ფირმის ლეპტოპი და ,,Nicon”-ის ფირმის ციფრულ ფოტოაპარატი ეკუთვნოდა მას, რომლებიც სამსახურეობრივი საქმიანობისთვის მიიტანა ოფისში. მან აღნიშნული ნივთები შეიძინა დედამისის მა-------------–---–ის თანხით, კერძოდ ,,Acer”-ის ფირმის ლეპტოპი უშუალოდ მა-------------–---–მა უყიდა, ხოლო ,,Nicon”-ის ფირმის ციფრულ ფოტოაპარატი შიდა განვადებით შეიძინა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ლი---------–---–მა ნებაყოფლობით წარადგინა მისი კუთვნილი ,,ასერის“ ფირმის ლეპტოპის ყუთი და ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატის ყუთი. დათვალიერების მიმდინარეობისას ლი---------–---–მა განმარტა, რომ ხსენებული ყუთები არის სწორედ იმ ნივთების ყუთები, რაც მას წაართვა გი----------–--ემ.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, ბ--–--–---–---------------ს მიმდებარედ ჩატარებული იქნა გი----------–--ის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა ,,ნისან ელგრანდის“ სახ. ნომ V------ ჩხრეკა, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ,,ასერის“ ფირმის ლეპტოპი, ჩანთა შავი ფერის წარწერით ,,Lowepro”, სადაც მოთავსებულია ,,ნიკონის“ ფირმის შავი ფერის ფოტოაპარატი D----- მოდელი, ასევე ,,ნიკონის“ ობიექტივი, სამი ცალი კომპიუტერული დისკი, სამი ცალი პლასტმასის დეტალი, ერთი ცალი სადენი.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N---------------- თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: შავი ფერის ჩანთა 10 (ათი) ლარი, ლეპტოპი ,,ACER”, Model: Z--------- (სამასორმოცდაათი) ლარი, ,,NIKON”-ის ფირმის ფოტოაპარატი Model:-----0, მასზე დამაგრებული ლინზით ,,NIKON AF-S n-------------------------” – 500 (ხუთასი) ლარი.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა------------მ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა------–---–-----მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, ბ---------------------------------ში მდებარე შპს ,,---–----------“ ოფისში გი----------–--ე დაეუფლა ლი---------–---–ის კუთვნილ ლეპტოპს და ციფრულ ფოტოაპარატს. მისი განმარტებით, როდესაც იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, შევიდა გი----------–--ე, რომელიც ეძებდა ლი---------–---–ს. გი----------–--ემ დაუკითხავად ფანჯრის რაფიდან აიღო ფოტოაპარატი, შემდეგ კი მივიდა მასთან და ჰკითხა, კომპიუტერი, რომელზედაც ის მუშაობდა იყო თუ არა ლი---------–---–ის, რაზეც მიიღო დადებითი პასუხი, რის შემდეგაც, გი----------–--ემ ისე რომ არც კი უკითხავს მისთვის, პირდაპირ აიღო და წაიღო კომპიუტერი. მისივე განმარტებით, ფოტოაპარატს და ლეპტოპს იყენებდნენ სხვადასხვა საქმიანობისთვის. მან ყოველივე აღნიშნული შეატყობინა ლი---------–---–ს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ან-------------მ.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მა------–---–-----მა ფოტოსურათით ამოცნობისას წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N4 ფოტოსურათში ასახული პირი. მან ამოიცნო იგი ოდნავ მოგრძო პირ-სახით, ქერა თმებით, ოდნავ მუქი, მოკლედ შეკრეჭილი სწორი თმებით, შედარებით ღია ქერა წვერით, ქერა წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, ტუჩებით, ყურებით და ღია მოცისფრო ფერის თვალებით. მისი განმარტებით აღნიშნული პირი არის გი----------–--ე, რომელმაც ოფისიდან გაიტანა ლეპტოპი და ფოტოაპარატი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე შო------------–---–მა დაადასტურა, რომ ის და ლი---------–---–ი იყვნენ კომპანიის დამფუძნებლები. მანვე განმარტა, რომ ლი---------–---–მა კომპანიის საქმიანობისთვის ოფისში მიიტანა მისი კუთვნილი ლეპტოპი და ციფრული ფოტოაპარატი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-------------–---–მა განაცხადა, რომ შვილის ლი---------–---–ის ყოფილი მეუღლეა გი----------–--ე. მან დაადასტურა, რომ თავისი ხარჯით უყიდა ლი---------–---–ს ლეპტოპი და ციფრული ფოტოაპარატი. იგი ასევე ყოველთვიურად ფინანასურად ეხმარებოდა ლი---------–---–ს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ბ---------------------------------ში, სადაც განთავსებულია შპს ,,---–----------“ ოფისი.

 

მოწმე ოქ---------–----ს ჩვენებით, გი----------–--ე არის მისი შვილი, ხოლო ლი---------–---–ი არის მისი ყოფილი რძალი. ისინი 2013 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და 2 წლის შემდეგ განქორწინდნენ. გი----------–--ის და ლი---------–---–ის თანაცხოვრების პერიოდში, იგი მის შვილს მატერიალურად ეხმარებოდა. როდესაც გი----------–--ე და ლი---------–---–ი საქორწინო მოგზაურობაში აპირებდნე წასვლას, მან გი----------–--ეს და ლი---------–---–ს გადასცა 1000 აშშ დოლარზე მეტი, რა დროსაც გი----------–--ემ და ლი---------–---–მა განაცხადეს, რომ თანხა ეყოფოდათ, როგორც სამოგზაუროდ, ასევე ფოტოაპარატის შესაძენად. მანვე განმარტა, რომ ლი---------–---–ს გადასცა 900 ლარი, რომლის შემდეგაც წითელი ფერის ლეპტოპი შეიძინა ამ უკანასკნელმა.

 

ბრალდებულმა გი----------–--ემ განმარტა, როდესაც მის ყოფილ მეუღლესთან ლი---------–---–თან ერთად ცხოვრობდა, მათ ჰქონდათ საერთო ბიუჯეტი. ისინი დაქორწინდნენ 2013 წელს და ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2 წელი. მათ მშობლები ეხმარებოდნენ მატერიალურად. ლი---------–---–მა მაღაზიიდან განვადებით შეიძინა ფოტოაპარატი და ლეპტოპი. ნივთების ყოველთვიურ გადასახადს ისინი საერთო ბიუჯეტიდან იხდიდნენ. როდესაც ისინი საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ დედამისმა ოქ---------–----მ მას და ლი---------–---–ს გადასცა თანხა. ფოტოაპარატს, ისევე როგორც ლეპტოპს ორივე იყენებდნენ. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, მან ფოტოაპარატი მისი მეუღლის სამსახურიდან წაიღო იმიტომ, რომ შვილის ფოტოების ნახვა სურდა. როდესაც ყოფილი მეუღლის სამსახურში მივიდა იქ 10 - მდე თანამშრომელი დახვდა, იგი ნაწილს იცნობდა, ხოლო ნაწილს არა. ჩვეულებრივად შევიდა, ნაწილს ვისაც იცნობდა მიესალმა, აიღო ფოტოაპარატი, ლეპტოპი და წამოიღო. მისივე განმარტებით, ნივთების უკან დაბრუნებას აპირებდა, მას ფოტოაპარატი და ლეპტოპი საერთო საკუთრებად მიაჩნდა. მას პოლიციის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილზე მიაკითხეს, შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს და უთხრეს, რომ დაკავებული იყო.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა გი----------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების დასადასტურებლად, ვინაიდან სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას. საქმის მასალებით დასტურდება, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რომ გი----------–--ემ 2016 წლის 22 სექტემბერს ლი---------–---–ის სამსახურიდან წაიღო ,,Acer”-ის ფირმის ლეპტოპი და ,,Nicon-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. ასევე უტყუარად დასტურდება, რომ გი----------–--ე და ლი---------–---–ი 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ 2015 წლის სექტემბრის თვეში. აღსანიშნავია, რომ მათი განქორწინებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში (2016 წლის 22 სექტემბრამდე) ლი---------–---–ი ფლობდა თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებას, მათ შორის ლეპტოპს და ციფრულ ფოტოაპარატს. შესაბამისად, გი----------–--ის მხრიდან აღნიშნულ ნივთებზე გარკვეული უფლების არსებობის პირობებშიც კი, იქნებოდა ეს უფლება ნამდვილი თუ უბრალოდ დაგულებული, მას უნდა ემოქმედა კანონით დადგენილი წესით და არა ისე, როგორც მან ჩათვალა საჭიროდ. მით უფრო, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ გაცილებიდან ერთი წლის განმავლობაში ლი---------–---–ი ფლობდა ნივთებს (ციფრული ფოტოაპარატი, ლეპტოპი), იყენებდა სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე და შესაძლოა განეკარგა კიდეც და ამ დროის მანძილზე გი----------–--ეს არანაირი შეხება აღნიშნულ ნივთებთან არ ჰქონია. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელი არ არის დადგინდეს თუ ვინ იყო ნივთის მესაკუთრე. ზემოაღნიშნული მუხლით ქმედება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადია იმიტომ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა არ გასცდეს კანონით დადგენილ ფარგლებს. ნივთზე (ნივთებზე) გარკვეული უფლების არსებობა ან ასეთის აღქმა არ იძლევა ნივთის (ნივთების) დაუფლების საფუძველს მფლობელისგან ნებისმიერი გზით, ფორმით ან საშუალებით. ამ ლოგიკით, ბრალდებულ გი----------–--ეს შესაძლოა ქუჩაშიც წაერთმია ფოტოაპარატი და ლეპტოპი დაზარალებულისთვის ანდა სხვა რაიმე უხეში ფორმით დაუფლებოდა ნივთებს. გარდა ამისა, სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ თითქოს ფოტოაპარატის და ლეპტოპის უკან დაბრუნება სურდა მას შემდეგ, რაც შვილის ფოტოსურათებს ნახავდა. ისმება ლოგიკური კითხვა - თუკი ბრალდებულ გი----------–--ეს მხოლოდ მისი შვილის ფოტოსურათები აინტერესებდა, რატომ არ გაარკვია ფოტოსურათები საერთოდ ინახებოდა თუ არა ლეპტოპში ან ციფრულ ფოტოაპარატში? ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოსურათების ნახვა და გადმოწერა გი----------–--ეს ყოფილი მეუღლის სამსახურშივე შეეძლო ნივთების წაუღებლად და კიდევ საყურადღებოა, რომ ბრალდებულს ნივთების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით არც ყოფილი მეუღლისთვის უთქვამს რამე და არც მისი თანამშრომლებისთვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი----------–--ის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი----------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი----------–--ეს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი----------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდი) გი----------–--ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 800 (ორიათას რვაასი) ლარის ოდენობით.

 

გი----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გი----------–--ის სასარგებლო გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნეს მის გადამხდელს.

 

მსჯავრდებულ გი----------–--ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

სუნის ნიმუში, ერთი ცალი ასანთის კოლოფი - განადგურდეს.

 

კომპიუტერული დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

გი----------–--ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ნისან ელგრანდი“ სახ. ნომრით V------ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

,,Acer”-ის ფირმის ლეპტოპი; შავი ფერის ჩანთა წარწერით ,,LOWEPRO”, ,,Nikon”-ის ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, ,,Nikon”-ის ობიექტივი; სამი ცალი კომპიუტერული დისკი, სამი ცალი პლასტმასის დეტალი, ერთი ცალი სადენი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე