განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002566428
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმე №1/195-2018
10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი და------------–---–ი,ადვოკატი - პ------–----ე,ბრალდებული - ნ---------------ე (დაბადებული: 1--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, თ------–---–---------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ნ---------------ემ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ წონით 0,19434 გრამი, საიდანაც ნაწილს 0,00408 გრამის ოდენობით უკანონოდ ინახავდა ჯინსის შარვლის წინა პატარა ჯიბეში, ხოლო ნაწილს 0,19026 გრამის ოდენობით უკანონოდ ინახავდა მართვის ქვეშ არსებულ ოპელ-ვექტრას მოდელის სახ. ნომრით B-------- ავტომანქანაში, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 29 ივნისს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა.
ბრალდებულმა ნ---------------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკი, ლ-----–-–--–--ის, თ----------–---–-----ის, ლ-----------–---–ის, გ---–-------------ის, ბ---–----------–-ას, ნ---------------ის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ნივთმტკიცება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ნ---------------ემ აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა თურქეთში, სადაც გადასული იყო მანქანიდან და მანქანა არ დაუკეტავს. რომ სცოდნოდა მანქანაში ჰქონდა სულაც გადააგდებდა. საქართველოში, რომ შემოვიდა გააჩერეს, ჩაატარეს ჩხრეკა და აღმოაჩინეს მანქანაში. მისივე განმარტებით არ სურს დაასახელოს ის პირი ვინც მასთან ერთად იჯდა მანქანაში. ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და მისთვის უცნობია საიდან გაჩნდა მის მანქანაში ნარკოტიკი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონით - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ მე-3 მუხლის ,,ა“ ნაწილით ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ზ“ ნაწილით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებაა – ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში, ხოლო ამავე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტით - ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა − საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება;
დასახელებული კანონის II-2 სიაში ,,ბუპრენორფინი’’ მითითებულია 10-ე პუნქტად, როგორც ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11” ნაწილით ნარკოტიკული საშუალების შენახვაა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო ,,ჰ13” ნაწილით შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
ხსენებული კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, რომელშიც ,,ბუპრენორფინი” მითითებულია 29-ე პუნქტად - 0,12 გრამის ზემოთ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობას.
სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია ბრალდებულ ნ---------------ის ჩვენება, რომ მას არ ეკუთვნოდა ნარკოტიკული საშუალება და მისთვის უცნობია საიდან მოხვდა მის მანქანაში ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან გარდა ნ---------------ის ჩვენებისა მის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია დადგენილი და დადასტურებულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ნ---------------ე გადაადგილდება ავტომანქანით და თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება შეჩერებული იქნა იგი და მის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, ასევე მისი მანქანიდან სკანირების შემდეგ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შენიღბული ნარკოტიკული საშუალება, რაზეც ნ---------------ემ განაცხადა, რომ ეს იყო ნარკოტიკული საშუალება, სხვა რაიმე შენიშვნა მას არ დაუფიქსირებია. შემოწმებისას ნ---------------ეს დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი, რაც თვითონაც არ უარყო. ნ---------------ემ ასევე განმარტა, რომ მას ახლდა თან პირი, თვითონ გადასული იყო მანქანიდან, თუმცა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა დაესახელებინა ის პირი, რაც მისი ჩვენების სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებს.
სასამართლოს უტყუარად და სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალ-ცალკე აღებული და მთლიანობაში სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია, მათ შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითებენ და ერთსა და იმავე ფაქტებს ადასტურებენ და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, ან მათ უტყუარობაში ეჭვის შესატანად საპირისპირო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ---------------ემ, უკანონოდ, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა და ასევე ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ---------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ---------------ეს დაუდგინდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, სასამართლო მხედველობაში იღებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და სახეობას, მისი შენიღბვის ფორმას, სახეზეა ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება. ნ---------------ე არაა ნასამართლევი, არ გაუწევია რაიმე წინააღმდეგობა. სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამავე დროს ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები, კერძოდ ნ---------------ეს წაასწრეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახედ უნდა დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმზე მცირედ მაღალი ზომით.
ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
ნივთმტკიცების და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ნ---------------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
გაუქმდეს ნ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 ივნისიდან.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ---------------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 05 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნ---------------ის მიმართ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი