განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/696-18
(№021040918007)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული რ---–--------ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ---------------------–-----–----------------
ადვოკატი იზოლდა მელიქიშვილი,თარჯიმანი ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.გ---------ი, კ-----------–-----------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რ---–--------მა დედას შ---------------ს მოსთხოვა სისხლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილის მიცემა. როდესაც შ---------------მა შვილს უთხრა თანხის გადაცემაზე უარი, რ---–--------მა დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა, შემდეგ მუშტები რამდენჯერმე დაარტყა ჯერ თავში, შემდეგ კი მარჯვენა მკლავში. ძალადობის შედეგად, შ---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა რ---–--------მა განმარტა, რომ დაზარალებული მისი დედაა. მან ბინა გაყიდა და სახლიდან გააგდო, ვინაიდან მას წასასვლელი არსად ჰქონდა, დედას ბინის გაყიდვის შედეგად აღებულ ფულს სთხოვდა, ამის გამო იჩხუბეს. დედისთვის არ დაურტყამს და არც სხვა დროს არასოდეს უცემია. დედამისის მეუღლეს უნდა მისი დაჭერა და ყველაფერი მან დააწერინა, მას უნდა, რომ დედის ფული მხოლოდ მას დარჩეს. დაკავების დღეს არსად დამალულა, პირიქით, მეგობრებმა უთხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები კითხულობდნენ და თავად მივიდა განყოფილებაში.
დაზარალებულმა შ---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი შვილია. სახლის გაყიდვის შემდეგ საცხოვრებლად იმ ადამიანთან გადავიდა, ვისთანაც მუშაობს. 2018 წლის 3 სექტემბერს რ---–ი მივიდა და სახლის გაყიდვის შედეგად აღებულ ფულს სთხოვდა, უარის შემდეგ თავში დაარტყა და ხელი გადაუტრიალა, ეუბნებოდა, რომ თავს მოაჭრიდა. ხელი იმდენად ეტკინა, რომ ახლაც მალამოს ისვამს. მეზობლებმაც დაინახეს, როგორ სცემა შვილმა. სურს, რომ მკაცრად დაისაჯოს, რადგან ეშინია, მისი დანახვა არ უნდა, სახლიც იმის გამო გაყიდა, რომ სვავდა და ყველაფერი დაუმტვრია, ამიტომ არის ქუჩაში.
მოწმე მ--------–---ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს გ---------ში. 2018 წლის 3 სექტემბერს საღამოს საათებში ეზოში იყო და დაინახა, რომ დედა-შვილი სახლის ეზოში ჩხუბობდნენ და შვილმა თავში დაარტყა ხელი. ჩხუბის მიზეზი არ იცის. რ---–ს უთხრა კიდეც, რატომ ურტყამდა დედამისს. შემდეგ მოწმემ განმარტა, რომ რ---–ს უნდოდა, რომ დედისთვის დაერტყა, თუმცა დედამ თავი გაწია.
მოწმეებმა ტ----------–---მა, ო--------–-----–---–მა და ბ----------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე. ტ----------–---მა დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული აპირებდა მიმალვას. მოწმე ო--------–-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს პოლიციის განყოფილებაში მივიდა შ---------------ი და ყვიროდა, რომ შვილმა სცემა. აღნიშნული გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი და ი-----–--------------თან და ბ----------–--ესთან ერთად ქ.გ---------ში, დ------–-----–ის ქუჩის მიმდებარედ დააკავეს ბრალდებული. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას განემარტა, რომ მისი დედის საჩივარი იყო შესული განყოფილებაში მისი მზრიდან ძალადობის ფაქტზე. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ბ----------–--ემ. დამატებით განმარტა, რომ დაკავებისას ბრალდებული მარტო იმყოფებოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს.
ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დამდგარი შედეგის - ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის დადგენას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ტკივილი შეიძლება ობიექტურად შეფასდეს თუ დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ რ---–--------სა და შ---------------ს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულისა და კონფლიქტის შემსწრე მეზობლის ჩვენება, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება. მათი ჩვენებების შეფასებისას, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დაზარალებულის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მან მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი და მის მიერ მითითებული გარემოებები გარკვეულწილად დაადასტურა მოწმე მ--------–---ამ, რომლის განმარტებით, შეესწრო დედა-შვილს შორის მომხდარ კონფლიქტს, ხოლო პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, დაზარალებული თავად მივიდა განყოფილებაში და განაცხადა, რომ შვილმა ცემა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ ასაკოვანი ქალისათვის (72 წლის) თავის არეში მუშტის დარტყმა და ხელის გადატრიალება ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
რ---–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოებები, რომელიც სცილდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---–--------ს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რომელიც შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
რ---–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ---–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა რ---–--------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 სექტემბრიდან.
3. რ---–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე