გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2018
საქმის ნომერი
330310118002421369
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2604-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე ნ------------

წარმომადგენელი ლ----------------------

მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი მ--–-----–---–----

მესამე პირი ქ--------- მ--------

წარმომადგენელი ნ-----------–---–--

მესამე პირი კერძო აღმასრულებელი მ------------------

მესამე პირი სს „ს----------–--------ი“

დავის საგანი: განკარგულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის №A---------------- განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - ქ--------- მ-------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.2. მესამე პირმა - კერძო აღმასრულებელმა მ------------------მ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.3. მესამე პირი - სს „ს----------–--------ი“-ს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2015 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ქ--------- მ--------მ ნ------------ს 6 (ექვსი) თვის ვადით, სესხის სახით გადასცა 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულებით, ნ------------მ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თანხმობა განაცხადა იპოთეკით დაეტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2167,00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები სრულად, მდებარე მისამართზე: რაიონი ზ--------ი, სოფელი ა---–-------–ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №4-----------(ზონა ზ--------ი -43, სექტორი ა---–-------–ი - 11, კვარტალი - 46, ნაკვეთი 371), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი: 2167,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 43.11.06.464; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1 განაშენიანების ფართი 130,31 კვ.მ., №2 განაშენიანების ფართი 39,66 კვ.მ., №3 განაშენიანების ფართი 36,01 კვ.მ.

 

ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 09 ნოემბერს ნოტარიუს დ-------------------- მიერ გაიცა №161285828 სააღსრულებო ფურცელი (კრედიტორი - ქ--------- მ--------; მოვალე - ნ------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 60-64);

- 2016 წლის 09 ნოემბრის №161285828 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 65-67);

 

4.1.2. 2017 წლის 12 ოქტომბერს ქ--------- მ--------მ №321416928 განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ მ------------------ს და 2016 წლის 09 ნოემბერს გაცემული №161285828 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 12 ოქტომბრის №321416928 განცხადება (ს.ფ. 68).

 

4.1.3. კერძო აღმასრულებლის - მ------------------ს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მოვალე ნ------------ს ეცნობა, რომ კერძო აღმასრულებელ მ------------------ს წარმოებაში იყო № A1------- სააღსრულებო საქმე, ნოტარიუს დ-------------------- მიერ 2016 წლის 09 ნოემბერს გაცემული №161285828 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. ნ------------ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამავე შეტყობინებით ნ------------ს განემარტა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები, ასევე ეცნობა აუქციონის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ვებ-გვერდიდან მიღების შესახებ. აღნიშნული წინადადება მოვალე ნ------------ს გაეგზავნა მისამართზე: ზ--------ი, კ. გ------------ას ქ. №213, ბინა №4 და 2017 წლის 26 ოქტომბერს ადრესატს პირადად ჩაბარდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება (ს.ფ. 76-79);

- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ. 74).

 

4.1.4. კერძო აღმასრულებელმა მ------------------მ 2017 წლის 12 ოქტომბერს წერილობით მიმართა (№A1---------------) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ნოტარიუს დ-------------------- მიერ 2016 წლის 09 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ნ------------ს სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2167,00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები №1 განაშენიანების ფართი 130,31 კვ.მ., №2 განაშენიანების ფართი 39,66 კვ.მ., №3 განაშენიანების ფართი 36,01 კვ.მ. სრულად, მდებარე მისამართზე: ქალაქი ზ--------ი, სოფელი ა---–-------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №4-----------) ყადაღის დადება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო აღმასრულებელის - მ------------------ს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A1--------------- წერილი (ს.ფ. 92);

 

4.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №1------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის - მ------------------ს მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №1------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ. 91).

 

4.1.6. კერძო აღმასრულებელ - მ------------------ს მიერ 2017 წლის 02 ნოემბერს შედგა მოვალის უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც, აღიწერა და დაყადაღდა მოვალე ნ------------ს სახელზე რიცხული ქონება - მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2167,00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები №1 განაშენიანების ფართი 130,31 კვ.მ., №2 განაშენიანების ფართი 39,66 კვ.მ., №3 განაშენიანების ფართი 36,01 კვ.მ. სრულად, მდებარე მისამართზე: ქალაქი ზ--------ი, სოფელი ა---–-------–ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №4-----------, რაც ასევე დადასტურებულია მოვალე ნ------------ს ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 02 ნოემბრის უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 114-147).

 

4.1.7. შპს „უ-------------------------ის“ მიერ გაცემული 2017 წლის 09 ნოემბრის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, კერძო აღმასრულებლის - მ------------------ს მიერ შესაფასებლად წარდგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობით 2167 კვ.მ. და მასზედ მდებარე №1 შენობა - ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი განაშენიანების ფართით 130.31 კვ.მ. №2 განაშენიანების ფართი 39.66 კვ.მ., №3 განაშენიანების ფართი 36.01 კვ.მ. საბაზრო ღირებულება 94000 (ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარს შეადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „უ-------------------------ის“ 2017 წლის 09 ნოემბრის უძრავი ქონების შეფასების დასკვნა (ს.ფ. 96-99).

 

4.1.8. 2017 წლის 13 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა - მ------------------მ №A1--------09/001 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, №A1------- სააღსრულებო საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევა მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 13 ნოემბრის №A1--------09/001 წერილი (ს.ფ. 101-102).

 

4.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის №A---------------- განკარგულებით მოვალე ნ------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ზ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–-------–ი, შალვა ქირიას ქუჩა №172, ს/კ 4-----------, შემძენი 2018 წლის 13 თებერვალს გამართულ, იძლებით საჯარო აუქციონზე გახდა ქ--------- მ--------, რომელმაც უძრავი ქონება 4 700 ლარად შეიძინა. ამავე განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ქ--------- მ-------ის და არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის №A---------------- განკარგულება (ს.ფ. 109).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის №A---------------- განკარგულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

 

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ ნ------------ს მიმართ გამოცემულ 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- წინადადებაში გადაწყვეტილების შესრულების შესახებ განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მხარეს განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ და მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან, ასევე განემარტა, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეეძლო საკონტაქტო ნომერზე დაკავშირებოდა კერძო აღმასრულებელს - მ------------------.

 

7.3. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2017 წლის 12 ოქტომბრის წინადადება ნ------------ს გაეგზავნა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 26 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა. აღნიშნულს არც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ. ამასთან, საქმეში არსებული, კერძო აღმასრულებლის 2017 წლის 02 ნოემბრის უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი პირადად ნ------------ს მიერაა დადასტურებული. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, მისთვის ცნობილი იყო, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობოდა და ინფორმაცია აუქციონის შესახებ უნდა მიეღო შესაბამისი ვებ-გვერდიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ აუქციონის შესახებ არ იყო ინფორმირებული, ვერ გახდება გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ არ ჩაბარდა უძრავი ქონების შეფასების აქტი და არ მოხდა უძრავი ქონების რეალური ფასის განსაზღვრა, სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ------------სთვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე (მოვალე) უფლებამოსილი იყო ედავა ქონების ფასზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლების რეალიზება, ანუ აღმასრულებლის ქმედება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენასთან დაკავშირებით უნდა გასაჩივრებულიყო კანონით დადგენილი წესითა და ვადაში, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში, რაც მოსარჩელეს ასევე არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, არც სასამართლო სხდომაზე წარმოუდგენია შეფასების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. ამდენად, მოსარჩელის მითითებული არგუმენტი, უმართებულოა და ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოდ დადასტურებულია, რომ აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დადგენილ ვადაში მოსარჩელეს აღმასრულებლის არცერთი მოქმედება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არ არსებობს განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, ნ------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.№6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია