გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6151-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ჩ----–----------------–--------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება, ჩ----–----------------–--------ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 04 სექტემბერს ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ჩ----–----------------–--------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვამუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ჩ----–----------------–--------ის 2018 წლის 04 სექტემბრის განცხადება - ს/ფ 50-53
3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილით ჩ----–----------------–--------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე, ამდენად, მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 26 სექტემბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 18 სექტემბერს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილით ჩ----–----------------–--------ს ასევე ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ არ არის გადახდილი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვისთვის კანონით გათვალისწინებული მომსახურეობის საფასური, ასევე წარმოსადგენია განმცხადებლის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა 2018 წლის 26 სექტემბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 18 სექტემბერს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილი - ს/ფ 37-38
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 17 ოქტომბრის წერილი N0-------- - ს/ფ 41.
3.1.4 ჩ----–----------------–--------ის 2018 წლის 04 სექტემბრის სამენოვანი განცხადებით, დასტურდება, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ გაფრთხილებულ იქნა მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის შესახებ და ხარვეზის არ აღმოფხვრის შემთხვევაში, განუხილველად რომ დარჩებოდა მისი განცხადება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ჩ----–----------------–--------ის 2018 წლის 04 სექტემბრის განცხადება - ს/ფ 54
3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული -ჩ----–----------------–--------ის 2018 წლის 04 სექტემბრის №1--------- განცხადება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 11-12.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩ----–----------------–--------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული - ჩ----–----------------–--------ის 2018 წლის 04 სექტემბრის №1--------- განცხადება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო მუდმივი ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-10 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად: ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ა.გ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4); ა.დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა; ა.ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ა.ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად: ბ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ.გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი); ბ.დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა; ბ.ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ჩ----–----------------–--------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვამუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
6.3. განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს ნ------------------–----–-----------–--ის მოქალაქე ჩ----–----------------–--------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვამუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილით ჩ----–----------------–--------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე, ამდენად, მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 26 სექტემბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 18 სექტემბერს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილით ჩ----–----------------–--------ს ასევე ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ არ არის გადახდილი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვისთვის კანონით გათვალისწინებული მომსახურეობის საფასური, ასევე წარმოსადგენია განმცხადებლის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა 2018 წლის 26 სექტემბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 18 სექტემბერს.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ჩ----–----------------–--------ის 2018 წლის 04 სექტემბერს იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ გაფრთხილებულ იქნა მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზის შესახებ და იმის ტაობაზე, რომ ხარვეზის არ აღმოფხვრის შემთხვევაში, განუხილველად დარჩებოდა მისი განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ჩ----–----------------–--------ის განცხადება მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განცხადების ავტორის მიერ სრულად არ იყო წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის N1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ჩ----–----------------–--------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.ჩ----–----------------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი