გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310118002723883
საქმე № 3/313-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ი--------–---
მოპასუხე: გ------- თ-------–---–ი
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პირგასამტეხლოს - 28 000 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი გ------- თ-------–---–ი (პირ. № 4----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) იგი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც მისი პოზიცია ამ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ------- თ-------–---–ი სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით მიღებული იქნა პირობით, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, 2014 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე, და მასთან დაიდო სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის ბრძანება № 40, 2011 წლის 19 სექტემბრის კონტრაქტი № 153.
3.2.2. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებული გ------- თ-------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ჩაითვალა გაწვეულად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2011 წლის 19 სექტემბრიდან;
მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება № 3203.
კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.1. - 2.2. პუნქტების მიხედვით, სამხედრო სამსახურის ვადა მოიცავს პირობით სწავლის პერიოდის, მსმენელად ყოფნის შემდგომი პერიოდის და შემდგომი სამხედრო სამსახურის ვადის (6 წელი) ჯამს (ეს ქვეპუნქტი გამოიყენება, თუ პირი, პირობით სწავლის პერიოდის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხა აკადემიაში) ან პირობით სწავლის პერიოდის, შემდგომში სამხედრო სამსახურის 1-ლი ეტაპის (3 წელი - აკადემიაში სწავლა) და მე-2 ეტაპის ვადის (6 წელი) ჯამს (ეს ქვეპუნქტი გამოიყენება, თუ პირი, პირობით სწავლის პერიოდის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ჩაირიცხება აკადემიაში); ამ კონტრაქტის მოქმედება იწყება პირის მსმენელის სტატუსის გარეშე აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან;
მტკიცებულება: 2011 წლის 19 სექტემბრის კონტრაქტი № 153.
3.2.3. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
კონტრაქტის 6.11.3. ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურის სურვილით კონტრაქტის შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებად განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული იმ მიზეზებით (ასეთი არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს მოსამსახურის ვადამდე დათხოვნას მხარეთა შეთანხმებით.
მტკიცებულება: კონტრაქტი.
სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2011 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებული გ------- თ-------–---–ი გადაყვანილი იქნა ბაკალავრიატის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011 წლის 9 ნოემბრიდან;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2011 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №10.
სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2012 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებით მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებულ გ------- თ-------–---–ს მიენიჭა მსმენელის სტატუსი;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2012 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №670.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებით სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსის მსმენელი გ------- თ-------–---–ი 2013 წლის 28 სექტემბრიდან ჩაითვალა კურსდამთავრებულად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება № 3597.
სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2014 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით გ------- თ-------–---–ი ამოირიცხა მსმენელთა სიიდან და ჩაირიცხა იუნკერთა სიაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება № MOD 0 14 00000560.
სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით გ------- თ-------–---–ი ჩაითვალა საბაკალავრო სკოლის კურსდამთავრებულად 2015 წლის 21 აგვისტოდან და ამოირიცხა იუნკერთა სიიდან;
მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება № 597.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით ლეიტენანტი გ------- თ-------–---–ი 2015 წლის 2 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო კურსზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანება № MOD 5 15 00004849.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 მარტის ბრძანებით ლეიტენანტი გ------- თ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის დისლოცირებადი ქსელების ოცეულის მეთაურად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 მარტის ბრძანება № MOD 5 16 00001256.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 მარტის ბრძანებით უფროსი ლეიტენანტი გ------- თ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის დისლოცირებადი ქსელების ოცეულის მეთაურად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება № MOD 6 16 00001914.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით უფროსი ლეიტენანტი გ------- თ-------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის 1-ლი ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის დისლოცირებადი ქსელების ოცეულის მეთაურად;
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანება № MOD 9 16 00007948.
3.2.6. გ------- თ-------–---–მა 2018 წლის 24 სექტემბერს პატაკით მიმართა 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს; ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმაა;
მტკიცებულება: 2018 წლის 24 სექტემბრის პატაკი № MOD 8 18 00955943, შეტყობინება ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ, გასაუბრების ფურცელი.
3.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გ------- თ-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება № MOD 7 18 00006035.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა” და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 728 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი" ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა გ------- თ-------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;
დადგენილია, რომ გ------- თ-------–---–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გ------- თ-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და გ------- თ-------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, გათავისფლდეს სამხედრო სამსახურიდან).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლდა და მასთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;
კონტრაქტის მიხედვით, 28 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით და სურვილით.
როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმსახურა 7 წელი; 3. სამსახურებრივ მოვალეობათა პირნათლად შესრულების გამო ხდებოდა მისი დაწინაურება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოცემულ შემთხვევაში, 1 000 ლარის 3%-ი 30 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------------ში მდებარე № 6--0--4--1-- საკადასტრო კოდით გ------- თ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
იმის გამო, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ეს ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე გ------- თ-------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 1 000 (ერთი ათასი) ლარი.
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ------- თ-------–---–ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. გ------- თ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.
3. ამ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება, რომლითაც ყადაღა დაედო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------------ში მდებარე № 6--0--4--1-- საკადასტრო კოდით გ------- თ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, დარჩეს ძალაში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი