გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
080310016001665469
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#3/2347-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე, ქეთევან კირიაკიდი,ია დვალიშვილი, ბორენა იობიძე

მოსარჩელე - თ------ი ფ--------ე

წარმომადგენლები - ფ--------------–---, იზა ფ--------ე

მოპასუხე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ე---------ე ნ-–-----ე

მოპასუხე - ნ-------------–---–ი

მოპასუხე - მ------- ლ----ე

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

მესამე პირი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირი)

წარმომადგენლები - თ----------------------------–---–-----------–---------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ-------------–---–ის სახელზე გაცემული 1990 წლის 30 ივლისის N015485* ორდერი (ასლი).

 

მოსარჩელეს წარმომადგენლის განმარტებით, თ------ ფ--------ეს და მის ოჯახს 1989 წლის 21 ნოემბერს ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა N15/9 ბინაზე გადაეცა ბინის ორდერი. იმავე მისამართზე ბინის ორდერის ასლი გაიცა ნ-------------–---–ზე 1990 წლის 30 ივლისს, ორდერში ასევე მითითებულია ნ-------------–---–ის შვილი მ------- ლ----ე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მოპასუხის ორდერი არის ასლი და არ არსებობს დედანი, ხოლო ორდერი პირველად გაიცა თ------ ფ--------ეზე, არ არსებობდა იგივე ბინაზე ნ-------------–---–სა და მ------- ლ----ეზე ორდერის გაცემის საფუძველი. ამასთან მოსარჩელეს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მ------- ლ----ეს საკუთრების მოწმობა გადეცა 2012 წელს N7 ბინაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე ნ-------------–---–მა და მ------- ლ----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ოჯახზე კანონით დადგენილი წესით მოხდა ორდერის გაცემა და საცხოვრებელი ფართის დაუფლება. ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელეს, მას არასოდეს ჰქონია დაკავებული ოთახი N9. მ------- ლ----ე აღნიშნავს, რომ პრივატიზაციის დროს მ------- ლ----ის დედამ ნ-------------–---–მა წერილობითი თანხმობა განაცხადა, რომ ქონება მ------- ლ----ეს გადაცემოდა. მოსარჩელე არასოდეს ყოფილა აღნიშნული ქონების მფლობელი პრივატიზების დროს წარდგენილ დოკუმენტებში და ორდერში მითითებულია ოთახი N9. მისთვის გაუგებარია, რატომ არის მითითებული ოთახი N7, რადგან ორდერი გაცემულია ბინა N9-ზე და დღემდე ცხოვრობს ოთახ N9-ში. მოპასუხეთა წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ ნ-------------–---–ის სახელზე ორდერი გაცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

3.1. მესამე პირის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1990 წელს ნ-------------–---–ზე გაცემული ბინის ორდერი არის სათანადო წესით ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ორდერი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც საცხოვრებელ ბინაში შესახლების ერთადერთი საფუძველია და თავის მხრივ, ორდერის გაცემა ცალსახად უკავშირდება მხარეთა შორის, კერძოდ, ფიზიკურ პირსა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის წარმოშობას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკის თანახმად, თ------ი ფ--------ე 1986 წლის 9 ივნისს გადაყვანილი იქნა სამაცივრე დანადგარების მე-5 თანრიგის მაცივრის მემანქანედ, 1989 წლის 3 თებერვალს გათავისუფლებულია საკუთარი სურვილით რსფსრ შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით; 1989 წლის 20 აპრილს მიღებულია კანალიზაციის საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ზეინკლის თანამდებობაზე; 1989 წლის 13 ივნისს გადაყვანილია სავენტილაციო მეურნეობის ოსტატად; ხოლო, 1993 წლის 15 მარტს გათავისუფლებულია სამუშაოდან სამხედრო სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით; 1994 წლის 7 თებერვალს ლუგანსკის ოლქის მომხმარებელთა კავშირი მიღებულია ტექნიკური საკითხების სექტორის 1 კატეგორიის ინჟინრის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომის წიგნაკი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 216-219);

 

4.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1989 წლის 21 ნოემბერს თ------ი ფ--------ის სახელზე გამოსცა ორდერი ასლი №014684*, რომლითაც მას უფლება მიეცა დაიკავოს ერთი ოთახი ქ. წყალტუბოში, ფ-------ეს ქუჩა, სახლი №15, ოთახი №9, სართული პირველი, ფართით 16 კვ. მეტრი. ოჯახის შემადგენლობაში არიან: თავად თ------ ფ--------ე, მეუღლე - ტატიანა ფ--------ე და ვაჟი - გენადი ფ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინის ორდერის ასლი №014684* (იხ. ტომი 1, ს.ფ. 10-11, ტომი 2, ს.ფ. 29-32).

 

4.1.3. დადგენილია, რომ 1990 წელის 30 ივლისს ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N015485* ორდერის ასლით ნანა ნოდარის ასულ საღარეიშვილს, რომლის ოჯახიც შედგება 2 სულისაგან (თვით ნ-------------–---–ი და შვილი 1988 წელს დაბადებული მ------- ლ----ე) გარნიზონის უფროსის გადაწყვეტილების 25.07.1990წ. საფუძველზე, მიეცა უფლება დაეკავებინა წყალტუბო, ფ-------ეს ქუჩაზე - 1 ოთახი N9, ფართი 16.0 კვ.მ, სახლი N15, სართული N1.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინის ორდერის ასლი №015485* (იხ. ტომი 1, ს.ფ. 10-11).

 

4.1.4. დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მ------- ლ----ემ და როგორც კანონიერი მოსარგებლემ, ითხოვა ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა სახლი N15, ბინა N17-ში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ გადაცემა.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული საკითხი 2012 წლის 18 ივნისს, განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიამ და კომისიის N470 დასკვნით მიზანშეწონილად მიიჩნია მ------- ლ----ის განცხადების დაკმაყოფილება.

 

დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 19 ივნისის №171 ბრძანებით ქ. წყალტუბოში, კ---–----ის (ყოფილი ფ-------ეს) ქუჩა, სახლი №15, ბინა №7-ში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით 15,75 კვ. მეტრი, უსასყიდლოდ გადაეცა მ------- ლ----ეს.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 19 ივნისის №171 ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა მ------- ლ----ის სახელზე გასცა №475 საკუთრების უფლების მოწმობა ქ. წყალტუბოში, კ---–----ის (ყოფილი ფ-------ეს) ქუჩა, სახლი N15, ბინა N7-ში არსებული არაიზოლირებული საცხოვრებელი 15,78 კვადრატულ მეტრზე.

 

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა №15, ბინა №7, პირველი სართული, ფართით 15,75 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 29.08.07.247.01.007 საკუთრების უფლებით აღირიცხა მ------- ლ----ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტს წარმოადგენდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №475.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24);

- კომისიის დასკვნა N470 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-19);

- ბრძანება N171 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 17-18);

- საკუთრების უფლების მოწმობა N475 (იხ. ტომი 1, სფ. 16)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23)

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა მ------- ლ----ემ და აღნიშნა, რომ №475 საკუთრების უფლების მოწმობით გადაეცა 15,78 კვ. მეტრი ფართი, სადაც შეცდომით არის მითითებული მისამართი კ---–----ის ქ. №15/7, ვინაიდან ბინის ზუსტი მისამართია №15/9. შესაბამისად, ითხოვა აღნიშნული უზუსტობის გასწორება.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 ივნისის მიმართვით მ------- ლ----ეს ეცნობა, რომ ქალაქ წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა, სახლი №15, ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა ითხოვა მოქალაქე თ------ი ფ--------ემ. ვინაიდან სახეზეა ერთ საცხოვრებელ ფართობზე გაცემული ორი ორდერი, უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების განხილვა შეჩერდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 ოქტომბრის N31 3104 ბრძანებით უარი ეთქვა მ------- ლ----ეს 2018 წლის 21 ივლისის N5006/31 განცხადების დაკმაყოფილებაზე, 2012 წლის 21 ივნისს მ------- ლ----ის სახელზე გაცემული N475 საკუთრების მოწმობაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 19 ივნისის N171 ბრძანება ,,მოქალაქე მ------- ლ----ისათვის ქ. წყალტუბოში, კ---–----ის (ყოფილი ფ-------ეს) ქუჩა სახლი N15, ბინა N7-ში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი საფუძველზე გაცემული N475 საკუთრების უფლების მოწმობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22);

- N31/2632 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 21)

- 2018 წლის 18 ოქტომბრის N31 3104 ბრძანება (იხ. ტომი 2, ს. ფ. 7-8);

 

4.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის საინფორმაციო ბარათის თანახმად დადგენილია, რომ 2006 წლამდე ნ-------------–---–ი რეგისტრირებული იყო ქ. წყალტუბო ფ-------ეს ქუჩა სახლი N15 ბინა N9-ში. ხოლო, 2006 წლის 27 მაისიდან რეგისტრირებულია - საჩხერე სოფელ ნიგვზარაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2016 წლის 15 ივნისის საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ მ------- ლ----ე 2006 წლიდან რეგისტრირებულია საჩხერე სოფელი ნიგვზარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო ბარათები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 99-101);

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული ზ------ი ხანთაძის (პ/ნ 53001006566) რეგისტრირებული წყალტუბო კ---–----ის ქ, N17 ბ. 26, თინა გოგიძის (პ/ნ 53001031717) რეგისტრირებული კ---–----ის ქ, N15 ბ. 2, მანანა ტ-----–--ის (პ/ნ 53001030484) მცხოვრები კ---–----ის ქ, N16 ბ. 32 განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნ-------------–---–ი და მ------- ლ----ე 1990 წლიდან დღემდე ცხოვრობენ ქ. წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა N15, ბინა N9-ში; ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ------ი ფ--------ეს არ უცხოვრია ბინა N9-ში, იგი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქი წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა N15-ის, სხვა ბინაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 102);

 

4.1.8. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის - კორბოულის წერილის თანახმად, წერილს თან ერთვის მეზობლების ზინა მაჭარაშვილისა და ნანა მაჭარაშვილის განმარტებები ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიგვზარაში მ------- ლ----ე ცხოვრობდა 1995-1998 წლებში, საცხოვრებელ ადგილის შეცვლის გამო ისევ გადავიდა სოფელ ნიგვზარიდან, ხოლო 2001-2006 წლებში დაბრუნდა სოფელ ნიგვზარაში საცხოვრებლად და დაამთავრა ნიგვზარის საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 2006 წლიდან დღემდე ცხოვრობს სეზონურად, ხოლო ნ-------------–---–ი სოფელ ნიგვზარაში მუდმივ მაცხოვრებლად გადავიდა 2012 წლიდან, მანამდე სოფელში ცხოვრობდა სეზონურად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N182 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 122);

- აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 123);

 

4.1.9. სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის 2017 წლის 17 ივლისის MES 3 17 00839592 წერილის თანახმად ირკვევა, რომ ნიგვზარის საშუალო სკოლის დირექტორის 1995 წლის N7 ბრძანების საფუძველზე მ------- ლ----ე პირველ სექტემბერს ჩაირიცხა საჩხერის რაიონის სოფელ ნიგვზარის საშუალო სკოლის პირველ კლასში. ნიგვზარის საშუალო სკოლის დირექტორის 1998 წლის 13 იანვრის N12 ბრძანების საფუძველზე მ------- ლ----ე ამოირიცხა ნიგვზარის საშუალო სკოლიდან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, 2001 წელს, მშობლის განცხადების გამო ჩარიცხულ იქნა ნიგვზარის საშუალო სკოლის მე-7 კლასში. 2006 წელს 19 ივნისის ნიგვზარის საშუალო სკოლის დირექტორის ბრძანების N41 თანახმად, მ------- ლ----ემ დაამთავრა ნიგვზარის საშუალო სკოლა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 17 ივლისის N MES 31700839592 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 126);

 

4.1.10. დადგენილია, რომ 2016 წლის 12 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ მოწმეების ზ------ ტ-----–--ის (პ/ნ53001005113) მცხოვრები ქალაქი წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა N16/32 და თინა გოგიძის (პ/ნ 53001031717) მცხოვრები ქალაქი წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა N15/2) თანდასწრებით შედგა აქტი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ თ------ი ფ--------ე 1989 წლიდან 2007 წლამდე ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე, ქ. წყალტუბო კ---–----ის ქუჩა N15/9-ში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის (გამგებლის წარმომადგენლის) მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თ------ი ფ--------ე ფაქტობრივად ცხოვრობდა 1989 წლიდან 2007 წლამდე ქ. წყალტუბო, კ---–----ის ქ. N15/9.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტი (იხ. ტომი1, ს.ფ. 199);

- ცნობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 202);

 

4.1.11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის N31/5999 წერილით პასუხი გაეცა იზა ფ--------ეს განცხადებას, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცხოვრობს ფაქტობრივად ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა N15/7-ში და ასევე, დოკუმენტაციას საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის შესახებ. მითითებული წერილის თანახმად ირკვევა, რომ ვერ დგინდება ქალაქი წყალტუბო კ---–----ის ქუჩა N15/7-ში პირის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N31/5999 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 200);

- აქტი (იხ. ტომი1, ს.ფ. 201);

 

4.1.12. დადგენილია, რომ 2016 წლის 3 ივლისს თ------ ფ--------ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 14 აპრილის №31415 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც განუხილველი დარჩა თ------ ფ--------ის წარმომადგენლის - იზა ფ--------ის 2016 წლის 12 თებერვლის N2686/31 განცხადება ქალაქ წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა, სახლი №15, ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ------ ფ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ასევე, მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დავალება განიხილოს თ------ ფ--------ის მიერ წარდგენილი განცხადება - უძრავი ქონების მდებარე, წყალტუბო, კ---–----ის ქ. №15/9-ში თ------ ფ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ------ ფ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 14 აპრილის №31415 ბრძანება, რომლითაც განუხილველი დარჩა თ------ ფ--------ის წარმომადგენლის - იზა ფ--------ის 2016 წლის 12 თებერვლის N2686/31 განცხადება ქალაქ წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა, სახლი №15, ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ------ ფ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და განხილვის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად და დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განჩინება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 247-249);

 

4.1.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის 2018 წლის 10 აგვისტოს საინფორმაციო ბარათის თანახმად, თ------ი ფ--------ე 1989 წლის 23 თებერვლიდან რეგისტრირებულია ქალაქი წყალტუბო კ---–----ის ქუჩა N15, ბ.8-ში.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 სექტემბრის N24/140/გ გადაწყვეტილებით, თ------ ფ--------ის მინდობილობით იზა ფ--------ის განცხადება დაკმაყოფილდა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თ------ ფ--------ის მიმართ პირადი N53001012904 გაცემულ პირადობის მოწმობის გაცემის განცხადება-ანკეტებში (მატერიალური და ელექტრონული) მისამართი: წყალტუბო კ---–----ის ქუჩა N15/8 შესწორდა მისამართით: წყალტუბო კ---–----ის ქუჩა N15/9 და რეგისტრაციის თარიღი ,,1989 წლის 23 თებერვალი“ შესწორდა ,,1989 წლის 23 ნოემბერით“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო ბარათი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 259-264);

- 2018 წლის 21 სექტემბრის N24/140/გ გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 293-296);

 

4.1.14. დადგენილია, რომ თ------ი ფ--------ის საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის კავშირის პასპორტში (N694728), თ------ი ფ--------ე ჩაწერილია მისამართზე: ფ-------ეს ქუჩა N15 ბინა N9.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პასპორტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 265-267);

 

4.1.15. დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოიკითხა ქ. წყალტუბოში, სახლი N15-ში მცხოვრები პირები. თინა გოგიძემ განაცხადა, რომ ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა სახლი N15-ში ცხოვრობს 1983 წლიდან. მისი განმარტებით, თ------ი ფ--------ე ცოტა ხნით ცხოვრობდა ოთახ N6-ში და შემდეგ წავიდა საქართველოდან. ფ--------ის შემდეგ აღნიშნულ ოთახში ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს აბელ ზერაგია, ნ-------------–---–ი დაახლოებით 1990 წლიდან ცხოვრობს ოთახი N9-ში და დღემდე პერიოდულად ჩადის, ყურადღებას აქცევს და პატრონობს ბინას, ურთიერთობს მეზობლებთან.

 

აბელ ზერაგიას განმარტებით 1993 წლიდან ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში, მისთვის ცნობილია ოთახი N9-ში ნ-------------–---–ის ცხოვრების ფაქტი.

 

ამირან სიმსივეს განმარტებით თ------ი ფ--------ე დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა სახლი N15-ში გოგიძის გვერდით მდებარე ოთახში, ოთახის ნომერი ზუსტად არ ახსოვს (დაახლოებით მაღაზიის თავზე), ასევე არ ახსოვს ნ-------------–---–ის ოთახის ნომერი. ამირან სიმსივის განმარტებით საერთო საცხოვრებლის ოთახის გამონთავისუფლების შემდეგ იქ ასახლებდნენ სხვა ოჯახს, თუ ოთახი დაიკეტებოდა 6 თვემდე ვადით უკვე სხვას ასახლებდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით მოწმე მანანა ტ-----–--ემ განმარტა, რომ ნ-------------–---–ს იცნობს, იყო მისი მეზობელი. თ------ ფ--------ე ცხოვრობდა იმ სახლში, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს ოთახის ნომერი, სავარაუდოდ მოსარჩელის ოთახის ნომერი იყო - 5 ხოლო ნ-------------–---–ის N9, შესასვლელში. ბინაში სადაც ფ--------ე ცხოვრობდა, ცხოვრობს აბელ ზერაგია. ნ-------------–---–ისა და თ------ ფ--------ის ცხოვრება კ---–----ის ქუჩა სახლი N15-ში ემთხვეოდა რაღაც პერიოდი.

 

მოწმე ზ------ ხანთაძის განმარტებით, ნ-------------–---–ს იცნობს 1980 წლიდან. თ------ი ფროჩხიძე სახლი N15-ში ცხოვრობდა. მოპასუხე ცხოვრობს N9 ბინაში, მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ნომერი არ ახსოვს. მას იმ სახლში დიდი ხანი არ უცხოვრია, ხოლო ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა შემდეგ ცხოვრობდა უკვე აბელ ზერაგია.

 

მოწმე მერაბ ხანთიძის განმარტებით, მან აზომა ის ფართი რომელიც მიუთითეს. ორდერში მითითებული ფართი და ასაზომი ფართი ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა. საბუთში თუ ეწერა N9, აზომავდა N9 ფართს, კარებზე რა ეწერა არ იცის.

 

მოწმე თინა გოგიძის განმარტებით, თ------ ფ--------ე საცხოვრებლად გადმოვიდა 1990 წლამდე და დაახლოებით 1-2 წელი იცხოვრა. ნ-------------–---–მა იმ სახლში ცხოვრების პერიოდში გააჩნია და გაზარდა შვილი. მოსარჩელისა და მოპასუხის იმ სახლში ცხოვრების ერთი პერიოდი ემთხვევა. ნ-------------–---–ის ბინა იყო N9. თ------ ფ--------ე ცხოვრობდა N5-ში და N9 ბინასთან შეხება არ ჰქონია. მოსარჩელე რომ წავიდა ბინა მისცა აბელ ზერაგიას. დაზუსტებით ვერ იხსენებს, რატომ მოხდა სხვაობა N9 ფართისა და N7 ფართების მითითებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გამოკითხვის ოქმები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 108-112);

-2017 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 183-197);

 

4.1.16. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის განხორციელების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა N15, ბინა N9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ------ი ფ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განცხადება. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი N33) თ------ი ფ--------ის განცხადება ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქ. N15, ბინა N9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ------ი ფ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის N31 3103 ბრძანებით უარი ეთქვა თ------ ფ--------ის წარმომადგენელს იზა ფ--------ეს 2016 წლის 12 თებერვლის N2686/31 განცხადების დაკმაყოფილებაზე ქ. წყალტუბოში, კ---–----ის ქუჩა სახლი N15, ბინა N9-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის თ------ი ფ--------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 23 ივლისის N13/102173 წერილით დგინდება, რომ საქართველოს სსრ ქუთაისის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის, სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 21.11.1989 წლის N014684 ორდერში საფუძვლად მითითებული გარნიზონის უფროსის 20.11.1989 წლის გადაწყვეტილება და საქართველოს სსრ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ქუთაისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის 25.07.1990 წლის გადაწყვეტილება ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული არ არის.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 23 ივლისის N13/102952 წერილის თანახმად, ქ. ქუთაისის გარნიზონის საარქივო დოკუმენტური მასალები არ არის დაცული.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 ივლისის N31/4716 წერილის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში არ ინახება ნ-------------–---–ის სახელზე გაცემული ორდერის დედანი დოკუმენტი, ნ-------------–---–ის მიერ წარდგენილ მასალებში დაცულია ნოტარიულად დამოწმებული ორდერის ასლი ნ-------------–---–ის სახელზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N394904 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართით: ქ. წყალტუბო, კ---–----ის ქ. N15, არ იძებნება.

 

საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 18 ოქტომბრის N MIA 6 18 02550938 წერილის თანახმად, ნ-------------–---–ის მიმართ ქ. წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა N15ა, N9 ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით განცხადება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში არ დაფიქსირებულა და მასალები არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 ოქტომბრის ოქმი N33 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 99-107);

- 2018 წლის 18 ოქტომბრის N31 3103 ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 9-10);

- 2018 წლის 23 ივილსის N13/102173 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 256);

-2018 წლის 23 ივლისის N13/102952 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 124);

-2018 წლის 25 ივლისის N31/4716 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 287; 288-292);

-2018 წლის 14 სექტემბრის N394904 წერილი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 122);

- 2018 წლის 18 ოქტომბრის N MIA 6 18 02550938 წერილი;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ თ------ი ფ--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

- საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

მოცემულ შემთხვევაში, თ------ი ფ--------ის მიერ აღძრულ სარჩელში გასაჩივრებულია და დავის საგანს წარმოადგენს ნ-------------–---–ის სახელზე გაცემული №015485* ორდერის (ასლი) ბათილად ცნობა, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე საბინაო ურთიერთობების მოწესრიგება ხორციელდებოდა საბინაო კანონმდებლობის საფუძველზე. „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის“ მე-4 მუხლის თანახმადაც, საქართველოს სსრ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში ქმნიან საბინაო ფონდს. საბინაო ფონდში შედის: სახელმწიფო საბინაო ფონდი, საზოგადოებრივი საბინაო ფონდი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდი და ინდივიდუალური საბინაო ფონდი. საბინაო ფონდში შედის აგრეთვე სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო კოოპერაციული გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები. ამ სახლების მიმართ გამოიყენება წესები, რომლებიც სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საბინაო კანონმდებლობის საფუძვლებით დადგენილია საზოგადოებრივი საცხოვრებელი ფონდისათვის.

 

„საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენს საზოგადოებრივ საბინაო ფონდს. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, საქართველოს სსრ მოქალაქეებს უფლება აქვთ დადგენილი წესით მიიღონ საცხოვრებელი სადგომი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში. საცხოვრებელი სადგომები სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში, აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების სახლებში მოქალაქეებს ეძლევათ უვადო სარგებლობისათვის.

 

„საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის“ 53-ე მუხლის თანახმად, საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევდნენ საწარმო, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებდა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ გათვალისწინებულ შემთხვევებში - ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესახლებულად საცხოვრებელი სადგომის გაცემის შესახებ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისათვის შემდგომის შეტყობინებით. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევენ შესაბამისი ორგანიზაციის ორგანოსა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით შესასახლებლად საცხოვრებელი სადგომების მიცემის შესახებ სახალხო დეპუტატთა შესაბამისი რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისათვის შემდგომი შეტყობინებით.

 

ამავე კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომი განკუთვნილია იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებიც თავიანთი შრომითი ურთიერთობების ხასიათის გამო მუშაობის ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ცხოვრობდნენ. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და ამ სადგომებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს სსრ კავშირის კანონმდებლობა. ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა. გადაწყვეტილებას სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ იღებენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, კოლმეურნეობის გამგეობა, სხვა კოოპერატიული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების მმართველობის ორგანოები, პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოები, ჯარის ნაწილის სარდლობა, რომელთა გამგებლობაშიც არის სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს სპეციალურ ორდერს.

„საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის“ 57-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია. ორდერი შეიძლება გაიცეს მხოლოდ თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე.

 

ასევე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 2 სექტემბრის N577 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სსრ რესპუბლიკაში საბინაოპირობაგასაუმჯობესელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის“ 58-ე პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში, აგრეთვე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთა სახლებში სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო საბჭოს აღმასკომი მოქალაქეს აძლევს დაწესებული ფორმის ორდერს (დანართი N10), რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია. ამავე პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად კი, ორდერი შეიძლება გაიცეს მხოლოდ ფაქტიურად თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე.

 

ამავე წესის 59-ე პუნქტის თანახმად, ორდერში იწერება გვარი, სახელი, მამის სახელი მოქალაქისა, რომელსაც მიეცა საცხოვრებელი სადგომი, და მისი ოჯახის წევრებისა. აღნიშნება მათი ნათესაური ურთიერთობა და დაბადების წელი. ეს მონაცემები ორდერში იწერება მხოლოდ პასპორტების, დაბადების მოწმობების ან მათი შემცვლელი სხვა დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. ამავე პუნქტის მე-2 აბზაცის შესაბამისად, ორდერი ეძლევა უშუალოდ იმ მოქალაქეს, რომელსაც მიეცა საცხოვრებელი სადგომი, ან სხვა პირს მინდობილობით.

 

ამავე წესის 52-ე პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საცხოვრებელი სადგომი მიეცემათ ერთ კაცზე 9-დან 12 კვადრატულ მეტრამდე ფარგლებში.

 

ამდენად, ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, ცალსახად დგინდება, რომ ორდერი გაიცემოდა მხოლოდ ფაქტობრივად თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე და ამასთან, იგი ბინაში შესახლების ერთადერთი საფუძველი იყო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1990 წელის 30 ივლისს ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაიცა N015485* ორდერი ასლი , რომლის თანახმად, ნანა ნოდარის ასულ საღარეიშვილს, რომლის ოჯახიც შედგება 2 სულისაგან (თვით ნ-------------–---–ი და შვილი 1988 წელს დაბადებული მ------- ლ----ე) გარნიზონის უფროსის გადაწყვეტილების 25.07.1990წ. საფუძველზე, მიეცა უფლება დაეკავებინა წყალტუბო, ფ-------ეს ქუჩაზე - 1 ოთახი N9, ფართი 16.0 კვ.მ, სახლი N15, სართული N1.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სადავო ორდერის ასლის თანახმად, ორდერი გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელსაც საფუძვლად უდევს ასევე, უფლებამოსილი ორგანოს - გარნიზონის უფროსის 1990 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება. ორდერი (ასლი) შეიცვას იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ორდერის გაცემის დროს მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამის ორგანოს არ ზღუდავდა ახალი ორდერის გაცემაში გარკვეული პირობების არსებობისას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფაქტობრივად თავისუფალი საცხოვრებელი სადგომზე ყოფილიყო გაცემული ახალი ორდერი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ნ-------------–---–ზე ბინის ორდერის გაცემა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსით დადგენილი წესის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თ------ ფ--------ის ორდერის ბათილად ცნობის შემდეგ. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსის“ 58-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ორდერი საცხოვრებელ სადგომზე შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლო წესით იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეებმა წარმოადგინე საბინაო პირობების გაუმჯობესების ისეთი ცნობები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს, დარღვეულია მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა უფლებანი ორდერში აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე. არამართლზომიერია თანამდებობის პირთა მოქმედება საცხოვრებელ სადგომის მიცემის საკითხის გადაწყვეტისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც დარღვეულია საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესი და პირობები.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 2 სექტემბრის N577 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სსრ რესპუბლიკაში საბინაოპირობაგასაუმჯობესელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის“ 57-ე პუნქტის თანახმად, საცხოვრებელ სადგომებში შესახლება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 დღისა ახალაშენებულ სახლის შესახლების დაწყების დღიდან და არაუგვიანეს 30 დღისა წინანდელი დამქირავებლის მიერ ბინის გამოთავისუფლების დღიდან. აღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენდა პირობას, რომ საცხოვრებელი ფართობი დაკავებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ ვადაში. საცხოვრებელი ფართში შესახლების კონკრეტული ვადა აუცილებლად მიეთითებოდა ორდერში, ხოლო თუ ამ დროს განმავლობაში ორდერის მიმღების მიერ არ მოხდებოდა საცხოვრებელი სადგომის დაკავება, ორდერის მოქმედება წყდებოდა და შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას უფლება ჰქონდა განეკარგა საცხოვრებელი სადგომი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ორდერის ბათილად ცნობა სასამართლოს წესით, აღარ წარმოადგენდა საჭირო პროცედურას.

 

ამდენად, მოქალაქეს რომელზეც გაცემული იყო ორდერი საცხოვრებელი ფართის დაკავების შესახებ, უფლება ჰქონდა დაეკავებინა ეს ფართი და გამხდარიყო საბინაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ხოლო პირი, რომელზეც გაიცა საცხოვრებელი სადგომის დაკავების დოკუმენტი - ორდერი, მაგრამ არ შესახლებულა კუთვნილ საცხოვრებელ სადგომში, არ ითვლებოდა საბინაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ და შესაბამისად, მასზე გაცემული ორდერში მითითებული ფართის დამკავებლად (დამქირავებლად).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, თ------ ფ--------ეს 1989 წლის 21 ნოემბერს გაცემული №014684* ორდერის ასლის საფუძველზე, უფლება მიეცა დაეკავებინა ერთი ოთახი ქ. წყალტუბოში, ფ-------ეს ქუჩა, სახლი №15, ოთახი №9-ში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ არ ყოფილა რეალიზებული ორდერით მინიჭებული უფლება, იგი არ შესახლებულა სადავო ბინა N9-ში და აღნიშნული უფლების განუხორციელებლობის (იმავე სახლში სხვა საცხოვრებელი სადგომით ისარგებლა) გამო, უფლებამოსილი ორგანოს, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდა განეკარგა მის დაქვემდებარებაში არსებული ფართი და საცხოვრებელი სადგომის დაკავების შესახებ გაეცა ახალი ორდერი ნ-------------–---–ის სახელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თ------ ფ--------ეზე უფრო ადრე იყო გაცემული საცხოვრებელი ბინის სარგებლობის ორდერი, არ ქმნის ნ-------------–---–ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილობის საფუძვლებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ნ-------------–---–ს აქვს მხოლოდ ბინის ორდერის ქსეროასლი, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 1990 წელის 30 ივლისის ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N015485* ორდერის ასლის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ნანა ნოდარის ასულ საღარეიშვილს, რომლის ოჯახიც შედგება 2 სულისაგან (თვით ნ-------------–---–ი და შვილი 1988 წელს დაბადებული მ------- ლ----ე) გარნიზონის უფროსის გადაწყვეტილების 25.07.1990წ. საფუძველზე, მიეცა უფლება დაეკავებინა წყალტუბო, ფ-------ეს ქუჩაზე - 1 ოთახი N9, ფართი 16.0 კვ.მ, სახლი N15, სართული N1. აღნიშნული სანოტარო ქმედება სადავოდ არაა გამხდარი და არ არსებობის ამ დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლები.

 

სასამართლო, ასვე მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებასა და საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილ 2016 წლის 12 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ აქტის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის (გამგებლის წარმომადგენლის) მიერ გაცემული ცნობას იმის თაობაზე, რომ თ------ი ფ--------ე 1989 წლიდან 2007 წლამდე ცხოვრობდა ქ. წყალტუბო, კ---–----ის ქუჩა N15/9-ში. აღნიშნული განმარტება და ცნობები წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის წარმომადგენლების პოზიციასთან, როდესაც საქმის განხილვის დროს განმარტეს, რომ სამსახურის დაშლის შემდეგ თ------ ფ--------ე საცხოვრებელად გადავიდა რუსეთში და შემდეგ, რამოდენიმეჯერ - 1996 წელს, 2001 წელს და 2008 წელს ჩამოვიდა სტუმრად, ცოტა ხნით. ამ გარემოებას ასევე, ადასტურებს თავად მოსარჩელის შრომის წიგნაკის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თ------ ფ--------ე სამხედრო სანატორიუმის დაშლასთან დაკავშირებით გათავისუფლდა სამუშაოდან 1993 წლის 15 მარტს, ხოლო 1994 წლის 7 თებერვალს იგი უკვე ლუგანსკის ოლქის მომხმარებელთა კავშირი ტექნიკური საკითხების სექტორის 1 კატეგორიის ინჟინრის თანამდებობაზე მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სადავო ორდერის (ასლი) გამოცემის დროს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან მმართველობითი უფლების არაკანონიერად გამოყენების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შეზღუდვისა და უფლების დარღვევის ფაქტის დადგენა დავის საგანთან მიმართებაში, რაც სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემდა.

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ორდერის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ი ფ--------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ნ-------------–---–ის სახელზე გაცემული №015485* ორდერის (ასლი) ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. თ------ი ფ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი